მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შორის კავშირი ახლა უფრო მჭიდროა, ვიდრე ოდესმე, „სხვებად“ მიჩნეული სოციალური ჯგუფების მიმართ სიძულვილი და ფანატიზმი ჯერ კიდევ გავრცელებულია. პოზიტიური იმიჯის შესანარჩუნებლად კი ადამიანებმა, შეიძლება, ცრუ დადებითი განწყობა დააფიქსირონ უმცირესობის მიმართ… თუმცა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ ენაში არსებული ნიმუშები რეალურ დამოკიდებულებას ავლენს.
„ადამიანები იტყუებიან რაიმე მიზეზით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიმართლე პრობლემას წარმოადგენს ან უბრალოდ სურთ, პროსოციალური რეპუტაცია შეინარჩუნონ“, — წერს ორეგონის უნივერსიტეტის კომუნიკაციების მკვლევარი დევიდ მარკოვიცი. მასშტაბურ ონლაინ ექსპერიმენტში მარკოვიცმა 1169 მოხალისეს სთხოვა, 0-დან 100-მდე შეეფასებინათ, მათი აზრით, რამდენად „განვითარდა“ რვა განსხვავებული სოციალური ჯგუფი.
ეს ჯგუფები იყვნენ არაბები, მუსლიმები, ემიგრანტები, ამერიკელები, დემოკრატები, რესპუბლიკელები, აფროამერიკელები და აზიელები. გამოკითხვამ თავიდანვე ბევრი გამოხმაურება გამოიწვია — ზოგიერთი აღნიშნავდა, რომ ადამიანები შეიძლება იმით განსხვავდებოდნენ, თუ რამდენად „ადამიანები“ არიან.
შემდეგ მონაწილეები წერდნენ თავიანთ აზრებზე, გრძნობებზე და მოსაზრებებზე იმ ჯგუფების შესახებ, რომლებიც მათ შეაფასეს, როგორც ყველაზე ან ნაკლებად განვითარებულებად. ამასთან, მონაწილეთა ნახევარს სთხოვეს მოეტყუებინათ თავიანთი მოსაზრებების შესახებ. მეორე ნახევარი კი გულწრფელი უნდა ყოფილიყო.
გარდა ამისა, მარკოვიცმა ტექსტის ანალიზის პროგრამა გამოიყენა — ლინგვისტური გამოკვლევისა და სიტყვების რაოდენობის განსასაზღვრად. მას, გამოყენებული სიტყვების ტიპების მიხედვით, გულწრფელი და არაკეთილსინდისიერი პასუხები განესხვავებინა. „ენას აქ ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი კომუნიკატორთა ფსიქოლოგიურ ასპექტებს ავლენს, რომლებსაც განსხვავებული შინაგანი რწმენა აქვთ, ვიდრე მათი გარეგანი სურათი ამბობს“, — განმარტავს მკვლევარი.
შედეგების გაანალიზებისას მარკოვიცმა აღმოაჩინა, რომ ისინი, ვინც ცრუობდნენ, საკუთარ თავზე ნაკლებ მითითებებს იძლეოდნენ და მეტ ნეგატიურ ემოციას იყენებდნენ. მოხალისეებმაც, რომლებმაც დეჰუმანიზაცია მოახდინეს ჯგუფზე, უფრო უარყოფითი დამოკიდებულებები გამოავლინეს. ამასთან, როგორც ჩანს, მატყუარები არასწორად აფასებენ დამხმარე ლექსიკის რაოდენობას, რომელიც მათ სჭირდებათ, რათა გულწრფელები ჩანდნენ.
ეს ასპექტი ბევრ სიტუაციაში გამოიკვეთა. მაგალითად, ფსიქოლოგ დიდერიკ სტეპელის მიერ სამეცნიერო თაღლითობის ანალიზმა აჩვენა, რომ მან ზედმეტად ხშირად გამოიყენა სამეცნიერო ტერმინები. „911-ზე ყალბი ზარები ვერ წარმოქმნის შიშის, შფოთვის ან სტრესის იგივე დონეს, როგორც ეს რეალურ ზარებს შეუძლია. ეს კუმულაციური მტკიცებულება ვარაუდობს, რომ ჟანრის სპეციფიკური დეტალები ხშირად არასწორად არის მიახლოებული ცრუ მეტყველებაში“.
აღნიშნული ეფექტი კიდევ უფრო გამოხატული იყო, როდესაც მოხალისეებმა იმ ჯგუფების შესახებ იცრუეს, რომლებსაც ისინი ყველაზე მაღალგანვითარებულებად თვლიდნენ. მათ ძალიან უარყოფითი ენა გამოიყენეს ყველა ექსპერიმენტულ კატეგორიაში. მარკოვიცი ეჭვობს, რომ მათი გადაჭარბებული შეფასება აქ გამწვავდა, რადგან ეს მონაწილეები თავს ყველაზე უხერხულად გრძნობდნენ ტყუილის გამო, როდესაც საქმე ეხებოდა ადამიანთა ჯგუფს, რომლებსაც პატივს სცემდნენ და, სავარაუდოდ, უკავშირდებოდნენ.
რა თქმა უნდა, კვლევის შეზღუდვების შესამოწმებლად და მეთოდის სანდოობის დასადასტურებლად დამატებითი ექსპერიმენტებია საჭირო. ამ პროცესების უკეთ გაგება სიძულვილით სავსე და შეცდომაში შემყვანი რიტორიკის შერბილებაში დაგვეხმარება, რომელიც უმცირესობათა ჯგუფებს ფსიქოლოგიურ და სოციალურ ზიანს აყენებს. „ჩვენ შეგვიძლია, საკმაოდ კარგად გავაკეთოთ ენაში შიდა რწმენის იდენტიფიცირება და ეს ერთ-ერთი პირველი ასეთი კვლევაა, რომელიც გარკვეულ ვერბალურ ნიმუშებში ფსიქოლოგიურ პროცესებს ავლენს“, — ასკვნის მარკოვიცი.