in

როგორ იყენებს უკრაინა საკომუნიკაციო არხებს, ომის პირობებში?

M2
M2

რუსეთ-უკრაინის ომში ხშირად ახსენებენ „ინფორმაციულ ომს“. ეს გულისხმობს იმას, რომ ორივე მხარე ცდილობს ინფორმაციული უპირატესობის მოპოვებას.

მირიან ჯუღელი

ამ მხრივ, მოცემული მომენტისთვის, უპირატესობა უკრაინის მხარეს იხრება. მაინც, როგორ იყენებს უკრაინა საკომუნიკაციო არხებს, საომარ პირობებში? ამის შესახებ, კომუნიკაციების სპეციალისტი მირიან ჯუღელი თავის #აზრებს გვიზიარებს.

პირველ რიგში, გეტყვით, რომ მე არ ვარ სამხედრო სფეროს ექსპერტი, ამიტომაც ამ მიმოხილვაში რაიმე სახის მილიტარისტული შეფასებისგან თავს შევიკავებ თუმცა, რაკი ჩემი საქმიანობა უკვე 15 წელია, კომუნიკაციებს უკავშირდება, შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები, თუ რას აკეთებს ამ ომში საქართველოს მოძმე, მეგობარი და პარტნიორი უკრაინა სწორად, რათა საინფორმაციო ომი მოიგოს, რუსეთის ქმედებებს ფარდა ახადოს და თუკი ვინმე ჯერ კიდევ ორჭოფობს იმაზე, თუ ვინ არის დამნაშავე, თვალი აუხილოს.

ეს წინადადება საშინლად ჟღერს, მაგრამ ყოველი შემდეგი ომი წინამორბედზე მეტად content-driven არის. დღეს, ადამიანები ნახულობენ კონტენტს, რომელიც სამხედროების ჩაფხუტებზე დამაგრებული GoPro-ებით, მოქალაქეების მობილურებით, ჟურნალისტების კამერებით თუ ბაირაქტარებით არის გადაღებული. ამას ემატება ხელისუფლების ოფიციალური კომუნიკაცია, ინფოგრაფიკები, ექსპერტების შეფასებები და ა.შ.

ომის დაწყებამდე 2 დღით ადრე, Reddit-ზე პოსტი შემხვდა, ადამიანი კითხულობდა where can I watch the war live? მას ეგრევე გამოეპასუხენ სხვა მომხმარებლები – რას ნიშნავს ომის „ლაივში“ ყურება? თუმცა საბოლოოდ, უამრავი ადამიანი მიეჯაჭვა Telegram-ს, Twitter-ს, Reddit-სა და სხვა წყაროებს. გუშინ, მეგობარი მეუბნებოდა, ადრე თუ ვიღვიძებდი და პირველს Facebook-ს ვხსნიდი, ახლა Telegram-ში შევდივარ, რომ გავიგო, რა ხდება უკრაინაშიო.

ის, რასაც უკრაინა სტრატეგიული კომუნიკაციების მხრივ აკეთებს, კარგი გაკვეთილი უნდა იყოს ნებისმიერი ტიპის კრიზისის თუ სხვა შემთხვევის კომუნიკაციისას.

მოდით, უკრაინის კომუნიკაცია სამ წყაროდ დავყოთ: 1) ხელისუფლება 2) მოქალაქეები 3) სამხედროები

ხელისუფლება

დავიწყოთ იქიდან, რომყველა შეგნებული ხელისუფალივით, უკრაინის მთავრობამამ პირველივე დღიდან საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება და ინფორმირებულობა უმაღლეს პრიორიტეტად დააყენა. მან მოუწოდა ადამიანებს, მაქსიმალურად მოერიდონ სხვადასხვა კონტენტის გადაღებას და გავრცელებას, რასაც ორი მიზეზი აქვს: 1) ადამიანების პირადი უსაფრთხოება – როცა ჭურვი მოფრინავს, სჯობს დაიმალო, ვიდრე ვიდეო გადაუღო, 2) მტერს არ მიაწოდო ინფორმაცია შენი გადაადგილების თუ სხვა დეტალების შესახებ, რასაც ის შენს წინააღმდეგ გამოიყენებს.

უკრაინის ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად შექმნა თავის მოსახლეობის მამოტივირებელი კონტენტი, სადაც ნაჩვენები იყო მამაცი ჯარისკაცები, ექიმები, მზარეულები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც თავის ქვეყნის დაცვაში ისე ჩაართვნენ, როგორც შეუძლიათ.


უკრაინამ ძალიან სწრაფად შექმნა „დავითისა და გოლიათის“ ნარატივი, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა უკრაინისა და რუსეთის სამხედრო მასშტაბები. ამისმიზანი მხარდაჭერის მოპოვებაა, რადგან ძირითად შემთხვევებში, ფილმებსა და წიგნებშიც კი, ადამიანები ე.წ. underdog-ებისკენ არიან. ამის მარტივი მაგალითია ის, რომ მათ 2008 წლის საქართველოს მსგავს ხერხს მიმართეს და მსოფლიო რუკაზე აჩვენეს უკრაინისა და რუსეთის მასშტაბები. ამგვარი ხერხებით მათ აგრესორს გამოსტყუეს ის ე.წ. სიმართლე, რომელმაც ბოლო წლებში უამრავი დარტყმა მიიღო, fake news-ებითა თუ სხვა ხერხებით.მისი დაკარგვით კი, რუსეთს ძალიან უჭირს რაიმეს მტკიცება ობიექტური მაყურებლისთვის. რა თქმა უნდა, აქ ცალკე საკითხია ის, რომ რუსულ ნარატივს მილიონობით მომხმარებელი ჰყავს თავად რუსეთში, თუმცა ამ ტექსტში ამაზე არ ვისაუბრებთ.

უკრაინის მთავრობამ ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგა მოწინააღმდეგის დემორალიზებისა და დეორგანიზების მიმართულებითაც. ამის ნათელი მაგალითია ვებგვერდი და ტელეგრამის არხი Ищи своих!, სადაც ტყვედ აყვანილი და დაღუპული რუსი სამხედროების ფოტოები, პასპორტები და სხვა ინფორმაცია იდება, რათა ეს ნახონ, როგორც სხვა სამხედროებმა, ასევე მათმა მშობლებმა.

უდიდესი როლი ამ ყველაფერში, რაღა თქმა უნდა, ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და მის პირად გუნდს ეკუთვნის. მათი დიდი საკომუნიკაციო გამოცდილება აქვთ, ამიტომაც მისი კომუნიკაციის ნებისმიერი დეტალი, იქნება ეს ჩაცმულობა, გასაპარსი წვერი, მობილურით გადაღებული მიმართვები, ჟურნალისტებთან ახლოს დაჯდომა და ა.შ. ამ საინფორმაციო ომის კარგად გათვლილი და სწორი ნაბიჯია.

ეს სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, ამიტომაც გადავიდეთ სამოქალაქო კომუნიკაციაზე:

მოქალაქეები

თუკი აქტიურად ადევნებთ თვალს რუსეთ-უკრაინის ომს, მაშინ დღის განმავლობაში დაბალი ხარისხისა და ქაოტურ არაერთ ვიდეოს ნახავთ, რომელსაც ფონად გინება გასდევს. ეს ვიდეოები მოქალაქეების მიერ, მათ სოფლებსა თუ უბნებში არის გადაღებული. მათი მიზანი სხვადასხვა დანაშაულის თუ ზიანის ასახვაა.

გარდა კონტენტის ავტორებისა, ასევე არსებობს ადამიანთა მეორე ჯგუფი, როგორც უკრაინაში ასევე უკრაინის გარეთ, რომელიც ამ კონტენტის ვერიფიცირებით ანუ ნამდვილობის დადგენით არის დაკავებული, რათა როგორც ზემოთ ვახსენე „სიმართლის ნარატივი“ არ დაიკარგოს და სიყალბეში არ გადაიზარდოს. მაგალითად, ომის პირველ დღეებში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ერთი თვითმფრინავი ორს დასდევს და ბოლოს, ორივეს აგდებს. თუმცა ხანგრძლივი გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ეს ვიდეო არ იყო ნამდვილი.

სამწუხაროდ, მსოფლიო მიეჩვია რუსულ დეზინფორმაციას, თუმცა უკრაინის ომში ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო მოვლენას, როცა ნებისმიერ ყალბ ამბავს, მოქალაქეები რამდენიმე საათში აბათილებენ სიმართლით. ამაში დიდი როლი Telegram-ს უკავია, რადგანაც სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, ის ატვირთული კონტენტის მეტადატას ინახავს. შესაბამისად, გადამოწმებადია ვიდეოს ჩაწერის თარიღი, ადგილმდებარეობადა სხვა დეტალები. ასე გაირკვა, რომ მაგალითად, ვლადიმერ პუტინის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების ხელმოწერა უფრო ადრე შედგა, ვიდრე ის მედიით გადაიცა ან ის, რომ ამავე თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მეთაურების საევაკუაციო მოწოდებები, რამდენიმე დღით ადრე იყო ჩაწერილი.


ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ჩვეულებრივი მოქალაქეების მიერ ტანკების და საბრძოლო მანქანებისთვის გადაღებული ვიდეოები – თუ როგორ ჰყავთ ისინი შებმული ტრაქტორებზე და სადღაც მიჰყავთ, ან მამაცი უიარაღო მოქალაქეები, რომლებიც კბილებამდე შეიარაღებულ სამხედროებს წინ უდგებიან. ამით ხდება, საკუთარი მოსახლეობის მორალის ზრდა, მოწინააღმდეგის დემორალიზება და მისთვის გამბედაობის ჩვენება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ უკრაინელი ცნობადი სახეები, მუსიკოსები, ინფლუენსერები და სხვები. ისინი,  რუსი ინფლუენსერებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ კონტენტის გავრცელებით და მოწოდებებით შემოიფარგლებიან, პირდაპირ ჩაერთვნენ საომარ მდგომარეობაში. ზოგმა მათგანმა იარაღი აიღო ხელში, ზოგიც ჰუმანიტარულ და საევაკუაციო საქმეში ჩაერთო. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინელი მუსიკოსი, ჯგუფ „ოკეან ელზის“ სოლისტი სვიატოსლავ ვაკარჩუკი ფიზიკურად ჩადის ქალაქებში და ასე ამხნევებს ადგილობრივებს, თანაც ვიდეოებს ავრცელებს. მეტიც, ამ ჯგუფმა და სხვა მუსიკოსებმა YouTube-ზე ვიდეოების thumbnail-ები შეცვალეს და დააწერეს: „სანამ შენ ამ ვიდეოს უყურებ, უკრაინელი ხალხი კვდება, რუსეთის შეტევის შედეგად. შეაჩერე ეს!“ დიახ, ადამიანები იყენებენ ყველა შესაძლო ხერხსა და სივრცეს, რათა მათი სიმართლე გაავრცელონ, ეს ნამდვილად დასაფასებელი და აღსანიშნავია.

სამხედროები

სამხედროებს, შეიძლება ითქვას, ორმაგი საქმე აქვთ. გარდა ქვეყნის დაცვისა,  მათ ერთმანეთისა და მოსახლეობის გამხნევება უწევთ, რასაც იდეალურად ახერხებენ. არ ვიცი, დააკვირდით თუ არა -მათი გადაღებული ვიდეოების უმეტესობა ძალიან მოკლეა და ისეა გადაღებული, რომ ადგილმდებარეობის თუ სხვა დეტალების იდენტიფიკაცია რთული იყოს მოწინააღმდეგისთვის.

აქვე შემოდის ბაირაქტარი, თურქეთის მიერ წარმოებული დრონი, რომელსაც გარდა მოწინააღმდეგის ტექნიკის განადგურებისა, მაღალი ხარისხის ვიდეოს გადაღების შესაძლებლობაც აქვს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარი ძალების მოტივაციასა და მოწინააღმდეგის დემორალიზებას. ამ საქმეს ის იმდენად ეფექტურად ასრულებს, რომ უკრაინის სამხედრო ძალების ორკესტრმა სიმღერაც კი მიუძღვნა, ხოლო ომის დროს, კიევის ზოოპარკში დაბადებულ ლემურს ბაირაქტარი დაარქვეს.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს კუნძულ ზმიინის მცველთა ცნობილი მიმართვა რუსი სამხედრო გემისთვის, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი მორალის ბუსტი გამოდგა, როგორც უკრაინელებისთვის, ასევე მის ფარგლებს გარეთ მყოფი მხარდამჭერებისთვის.

გუშინ, აზოვის ბატალიონის მეთაურმა დენის პროკოპენკომ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თქვა რომ TikTok-ზე დარეგისტრირდა და იქაც გაავრცელებს კონტენტს.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას რომ უკრაინა, გარდა საკუთარი ხალხის და ტერიტორიული მთლიანობის მცველისა, ერთ უზარმაზარ საკომუნიკაციო სააგენტოდ იქცა, რომელიც ამ ეტაპამდე, ყველაფერს სტრატეგიულად და სწორად აკეთებს. მან გარდა რუსული არმიის უძლეველობისა, ასევე რუსული დეზინფორმაციის უძლეველობაც დაანგრია, თუმცა ამ ეტაპზე, საბოლოო დასკვნების გაკეთება, თუ ვინ მოიგებს საინფორმაციო ომს ჯერ კიდევ არ იქნება სწორი. ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი, ვინც ეს ინფორმაცია უნდა მიიღოს, თავად რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებსაც ხელისუფლებამ საინფორმაციო წყაროების უმეტესობა გადაუკეტა და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ვიდეოებს, სადაც ტყვეები მშობლებს ურეკავენ, თუმცა ოჯახის წევრებს არ სჯერათ სიმართლის.

ვიცი, რომ ამ ტექსტში ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი არ არის, რადგანაც უკრაინა-რუსეთის ომზე და მის საკომუნიკაციო მხარეზე ცალკე წიგნები დაიწერება, თუმცა, მიუხედავად ომის კონტექსტისა, ჩემი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი კომუნიკაციის მექანიკა, არხები და გზავნილები კარგი გაკვეთილი უნდა იყოს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკოსებისა და აქტივისტებისთვის, ასევე ბრენდებისა და მოქალაქეებისთვის. ძალიან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ყველაფრიდან, თუმცა ამაზე ცალკე ვისაუბროთ, აქ დავასრულებ.

 

მირიან ჯუღელი – კომუნიკაციების სპეციალისტი

ნეირომორფული კომპიუტერები მრავალი პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება

#რასგულისხმობს: ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსი