„ინტროვერტი“ და „ექსტრავერტი“ ის შეფასებებია, რომლებსაც ერთმანეთთან მიმართებით ადვილად ვიყენებთ. თუმცა ამის მიღმა კიდევ ერთი ტერმინი დგას: „უაღრესად მგრძნობიარე“ ადამიანი.
არაერთი კვლევის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 20-30% უაღრესად მგრძნობიარეა. ეს არ ნიშნავს, რომ სევდიან ფილმებზე ცრემლად იღვრებიან ან სხვების კრიტიკას რთულად იღებენ. სანაცვლოდ, აღნიშნული ფსიქოლოგიურად აღიარებული ფენომენია, რომლის მიხედვითაც ასეთ ადამიანს ძალიან მცირე სტიმული სჭირდება იმისათვის, რომ მის შინაგან მდგომარეობაზე იმოქმედოს.
„უაღრესად მგრძნობიარე ადამიანი მეტად რეაგირებს როგორც დადებით, ისე ნეგატიურ ამბავზე“, — განმარტავს ნეიროფსიქოლოგი ბიანკა აცევედო.
იცით, როგორ ვლინდება ზემოთ განხილული ფენომენი რეალურ ცხოვრებაში? მარტივად რომ შევაჯამოთ, უაღრესად მგრძნობიარე ადამიანები მარტივად ღიზიანდებიან, მათ არ მოსწონთ ხალხმრავლობა და ხმაური; მცირე ცვლილებებსაც კი ძალიან მარტივად ამჩნევენ. ამავდროულად, უფრო სიღრმისეულად აღიქვამენ ხელოვნებას, მშვენიერებას, საკუთარ და სხვების გრძნობებს.
ხართ თუ არა უაღრესად მგრძნობიარე ადამიანი?
ალბათ, ახლა სტატიას ბევრი თქვენგანი კითხულობს „თავის ქნევით“, იმის დასტურად, რომ ეს ყველაფერი საკუთარ თავზეც გამოგიცდიათ. თუმცა ნუ იჩქარებთ, ქვემოთ მოცემულ ფრაზებზე დათანხმება/არ დათანხმება დაგეხმარებათ, ზუსტად დაადგინოთ, რამდენად მიეკუთვნებით ამ ფენომენის მქონე ხალხს:
- ადვილად ვრეაგირებ სენსორულ შეხებაზე;
- მარტივად ვამჩნევ ირგვლივ არსებულ ცვლილებებს;
- ტკივილისადმი ზედმეტად მგრძნობიარე ვარ;
- დატვირთული დღეების განმავლობაში მჭირდება განმარტოება, ჩაბნელებულ ოთახში წოლა ან ისეთი ადგილის პოვნა, სადაც პირად სივრცეს დავიცავ;
- განსაკუთრებულად მგრძნობიარე ვარ კოფეინის მიმართ;
- ადვილად ვღიზიანდები მკვეთრი სინათლით, სუნით და უხეში ზედაპირის შეხებით;
- რთული, კომპლექსური შინაგანი სამყარო მაქვს;
- თავს არაკომფორტულად ვგრძნობ, როცა ირგვლივ ხმაურია;
- ჩემზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ნახატები და მუსიკა;
- ჩემი ნერვული სისტემა იმდენად შემაწუხებელია, რომ ზოგჯერ საკუთარი თავისგან გაქცევა მინდა;
- ზედმეტად ფრთხილი ვარ;
- ადვილად გამოვდივარ მწყობრიდან;
- ვბრაზდები, როცა მოკლე დროში ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი
- როდესაც ადამიანები თავს არაკომფორტულად გრძნობენ, ვფიქრობ, ვალდებული ვარ, რომ მათ კომფორტზე ვიზრუნო;
- ვბრაზდები, როცა ადამიანები ბევრი საქმის ერთდროულად გაკეთებას მაიძულებენ;
- ყოველთვის ვცდილობ, შეცდომების დაშვება ავირიდო თავიდან;
- არ მიყვარს ძალადობრივი ფილმები და სატელევიზიო შოუები;
- ვღიზიანდები, როცა ირგვლივ ბევრი რაღაც ხდება;
- თუ ძალიან მშია, კონცენტრაციის უნარს ვკარგავ და ცუდ განწყობაზე ვარ;
- მეშინია ცვლილებების;
- მახალისებს სასიამოვნო არომატები, გემოები, ხმები და ხელოვნების ნიმუშები;
- ცხოვრებაში მთავარ პრიორიტეტად გაბრაზების და გაღიაზინების თავიდან აცილება მიმაჩნია;
- როცა საპასუხისმგებლო საქმეს ვასრულებ, ძალიან ვნერვიულობ და მეშინია, რომ სათანადოდ ვერ გავართმევ თავს;
- ბავშვობაში მშობლებსა და მასწავლებლებს ზედმეტად სენსიტიურ და მორცხვ ადამიანად მივაჩნდი.