in

პანდემიის დასრულების შემდეგ უარყავით კომპანიაში არსებული ძველი რუტინა

ზოგიერთი ახალი პრაქტიკა ნებისმიერ დროს შეესაბამება – არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა, პანდემია

ვაქცინაციის კამპანიის აქტიური პროცესის შედეგად, Covid-19-ის გავლენა ადამიანთა ცხოვრებასა და ბიზნესის სამყაროზე თანდათან შემცირდება. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო ცვლილება იქნება, მაგრამ ორგანიზაციებმა ბევრი რამ უნდა გაითვალისწინონ, მათ შორის, პრე-პანდემიური პრაქტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ცხადია, კრიზისმა სერიოზული შეზღუდვები გამოიწვია… თუმცა იგი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ათასობით ექსპერიმენტის ჩატარებისა და ახალი პრაქტიკული ინოვაციებისთვის, რომელთაგან ზოგიერთი ნებისმიერ პერიოდს შეესაბამება – არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა, პანდემია. გარდა ამისა, კრიზისმა შეამცირა წინააღმდეგობის გაწევა ცვლილებებისადმი და ამით ორგანიზაციებს ღრმად ფესვგადგმული დისფუნქციური პრაქტიკისგან თავის დაღწევაშიც დაეხმარა.

ბევრი ორგანიზაცია ისეთი საქმის გაკეთების აუცილებლობის წინაშე დადგა, რაც ერთ დროს წარმოუდგენლად მიიჩნეოდა – მაგალითად, ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში, სასამართლო პროცესებმა ინტერნეტში გადაინაცვლა, ექიმებმა ჯანმრთელობაზე სასაუბროდ მედიის აქტიური გამოყენება დაიწყეს, ბანკებში სესხის გაცემა დისტანციურ რეჟიმში გახდა შესაძლებელი და ა. შ.

მაგრამ რა დაემართება ამ პრაქტიკებს პანდემიის დასრულების შემდეგ? ამ კითხვაზე ორიენტირებული ახალი კვლევა მოწმობს, რომ მდგრადი ორგანიზაციული ცვლილებები დამოკიდებულია არა მხოლოდ ახალი პრაქტიკის აღმოჩენაზე და მათ თავდაპირველ მიღებაზე, არამედ იმის უზრუნველყოფაზეც, რომ მენეჯერები და თანამშრომლები უწინდელ მდგომარეობას არ დაუბრუნდნენ.

სტატიაში მოცემული ოთხეტაპიანი სტრუქტურა ლიდერებს სასარგებლო ცვლილებების გამოვლენასა და შენარჩუნებაში დაეხმარება, რომლებიც პანდემიასთან ერთად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში.

1. განსაზღვრეთ, რომელი ახალი პრაქტიკა უნდა იქნას შენარჩუნებული

პანდემიის ადრეულ დღეებში წარმოქმნილმა გარემოებებმა კომპანიების წარმომადგენლებს აიძულა, სწრაფი რეაგირება მოეხდინათ და პრაგმატული ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ. “იმოქმედე ტემპით და გადარჩი” – რეალურად, ეს იყო ძირითადი კრედო. ახლა კი, ამ ყველაფრის შენარჩუნების დროა.

პირველი ნაბიჯის სახით, კომპანიის წარმომადგენლებმა უნდა განსაზღვრონ, რომელი ახალი პრაქტიკა იყო წარმატებული და რატომ. როდესაც ლიდერები გაცნობიერებულად აღიარებენ კონკრეტული პრაქტიკის საჭიროებასა თუ თანმხლებ დადებით შედეგებს, მისი საფუძვლიანად დანერგვის უფრო დიდი ალბათობა არსებობს. ამისათვის საჭიროა, ჩატარდეს თანამშრომლების გამოკითხვა და შემდგომი დისკუსია იმის შესახებ, თუ რა ცვლილებები განხორციელდა პანდემიურ სამუშაო პერიოდში და რომელი მათგანი დასრულდა წარმატებით.

შედეგად კი, წარმატებული ქმედებების საერთო ორგანიზაციულ პროცედურებში ჩართვა, მისი დოკუმენტაციის სახით შენახვა და თანამშრომლებისთვის მოსალოდნელი პრაქტიკის წარმოდგენა, კომპანიას უფრო განავითარებს.

2. შეამცირეთ  ძველ პრაქტიკასთან დაკავშირებული სიმბოლოების გავლენა

შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები ის არსებები ვართ, რომლებსაც ბევრი ჩვევა გვიყალიბდება  – მაგალითად, როდესაც ორი არჩევანი გვაქვს, უმეტესწილად ჩვენთვის უფრო ნაცნობს ვირჩევთ. ძველი ჩვევები და მათი იმპულსები არა მხოლოდ ჩვენს გონებაში, არამედ გარემოცვაშიც არის ფესვგადგმული. ამიტომაც, ირგვლივ არსებული სიმბოლოების მანიპულირების ჩახშობა, მუდმივი ცვლილებების გზას შეუწყობს ხელს.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირველი ტალღის განმავლობაში უნივერსიტეტებში ონლაინ სწავლება წარმატებული იყო (თუნდაც გარკვეული საგნების ან კლასებისათვის), ლექციების აუდიტორიაში ჩატარების დიდი მოთხოვნაა. ამას გარკვეულწილად ის ზეწოლაც განაპირობებს, რომელსაც სასწავლო დაწესებულებები განიცდის – მაგალითად, არჩევანის გაკეთება სააუდიტორიო მეცადინეობის განახლებასა და გადასახადების შემცირებას შორის…

ამ მხრივ საუკეთესო გამოსავალი იმის განსაზღვრა იქნება, თუ რომელი კლასები საჭიროებს ფიზიკურ შეხვედრას, აუდიტორიაში გადანაცვლებას და რომელს არ ექმნება დისტანციური სწავლისას რაიმე დაბრკოლება. საუკუნოვანი უნივერსიტეტის პროცედურები შეიძლება სულაც არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა სწავლის ყველა შემთხვევისთვის. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტები ინარჩუნებენ სიმბოლოებს, როგორიცაა აუდიტორია, დასწრება, დასწრების საათები თუ სხვ.

იმისათვის რომ, ორგანიზაციებმა დისფუნქციური პრაქტიკა შეისწავლონ და ძველი სტრუქტურების გავლენა შეამცირონ, სამი ნაბიჯია საჭირო:

  • ეჭვქვეშ დააყენეთ და გადახედეთ მკაფიო, აშკარა კრიტერიუმებს, რომლითაც თანამშრომლების შეფასება ხდება – მაგალითად, რეგულარულად და დროულად მოდიან თუ არა ისინი სამსახურში.
  • შეისწავლეთ და აღმოფხვერით ის საქმიანობები, რომლებიც ადრე ნორმად ითვლებოდა, მაგრამ აღარ არის საჭირო – მაგალითად, ყოველდღიური შეხვედრები საკონფერენციო დარბაზში.
  • გამოავლინეთ და შექმენით მექანიზმების ალტერნატივა, რომლებიც ხალხს ძველ ნორმებთან დაბრუნებისკენ უბიძგებს – მაგალითად, თუ პარასკევს გქონდათ პიცის დღე, კვლავ განაგრძეთ ეს ტრადიცია ვიდეო შეხვედრების საშუალებით.

3. ღიად იმსჯელეთ და მოაგვარეთ განსხვავებები თუ არასწორი წარმოდგენები ახალი პროცედურების შესახებ

ცვლილებების განხორციელების შემდეგაც, თანამშრომლები განაგრძობენ წინა “ეპოქის” რუტინასთან და პრაქტიკასთან დაბრუნების მცდელობებს. ვიდრე ეს არ აღმოიფხვრება, ანუ, ჯერ კიდევ იარსებებს ძველ და ახალ მეთოდებს შორის უთანხმოება, წარუმატებლობის რისკი კვლავ მაღალია.

კვლევის ფარგლებში, ცვლილებების აღქმის საფუძველზე, დასაქმებულთა სამი განსხვავებული ჯგუფი გამოიყო. ერთი ჯგუფი აღფრთოვანებული იყო ახალი პრაქტიკით და მის შენარჩუნებას მოითხოვდა. მეორე ჯგუფს მართალია, მოსწონდა პანდემიის პირობებში გატარებული ცვლილებები, მაგრამ ამ სიტუაციის დასრულების შემდეგ, მათი სამუდამოდ აღმოფხვრა სურდა, მესამე ჯგუფს კი, არასდროს სურდა ძველი პრაქტიკის ახლით შეცვლა.

ცვლილებების განხორციელების შემდეგ სხვადასხვა შეხედულების შეჯახების დაშვება უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე სარგებლის. იმისათვის, რომ ცვლილება მდგრადი გახდეს, ყველა თანამშრომელსა და მენეჯერს ახალ პროცესებთან დაკავშირებული საკითხები თუ მოთხოვნები სრულად გააზრებული უნდა ჰქონდეს. მაგალითად, თუ არ გსურთ, რომ სახლიდან მუშაობის დღეებში საერთო შეხვედრები ჩატარდეს, ეს ხაზგასმით აღნიშნეთ.

გაითვალისწინეთ, სხვადასხვა მოსაზრებების და აღქმის გამოხატვა, განსხვავებული დაშვებების ღიად განხილვა და მათი მოგვარება რეალური მოლოდინების შექმნას შეუწყობს ხელს.

4. აქციეთ ახალი პრაქტიკა ჩვევად

ახალი პრაქტიკის შენარჩუნება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ისინი ჩვევად იქცევა. ამ სტრუქტურის ბოლო, ანუ მეოთხე ეტაპზე ორგანიზაციების ლიდერები უნდა დარწმუნდნენ, რომ საუკეთესო პრაქტიკის დამყარება ორგანიზაციულ რეალობაში უნდა უზრუნველყონ.

წარსული რუტინისკენ დაბრუნების მცდელობა ხშირად იჩენს თავს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად განაგრძოთ ახალი პრაქტიკის დანერგვა – ეს გულისხმობს თანამშრომლებისთვის გამუდმებით იმის შეხსენებას, თუ რა არის ახალი.

ნუ გექნებათ იმედი, რომ თანამშრომლები ავტომატურად მოერგებიან ცვლილებებს და მექანიკურად მიჰყვებიან მათ… არამედ ხშირად იმეორეთ ახალი ხედვის, ქცევებისა და თანმხლები შედეგების შესახებ.

გახსოვდეთ, ლიდერებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ ეს უნიკალური შესაძლებლობა და კრიტიკული პერიოდის განმავლობაში მიღებული სასარგებლო პრაქტიკა შეინარჩუნონ.

წყარო: HBR



“მაინტერესებს, თუ რატომ არის ჩვენი სამყარო ისეთი, როგორიც არის” – ქეთი კაპანაძე

ახალი კვლევა – ძაღლებს თითქმის ისეთივე სიზუსტით შეუძლიათ Covid-19-ის ამოცნობა, როგორც PCR ტესტს