Uber Eats-მა ინდუსტრიის ყურადღება უახლესი რეკლამით მიიპყრო, რომელშიც მთავარ როლს ლეგენდარული შერი ასრულებს და გვიმტკიცებს, რომ 60 წლის შემდეგაც იგი შეუჩერებელ ძალად გვევლინება პოპკულტურაში.
რეკლამა შერის მდიდრული სახლის კადრებით იწყება, სადაც იგი თავისივე 1989 წლის ჰიმნს მღერის. სიმღერის თემატიკიდან გამომდინარე კი გადაწყვეტს, Uber Eats-ის აპლიკაციას დროის მანქანა შეუკვეთოს. ასეც მოხდება, თუმცა, უცბად, 1980-იანი წლების მაგივრად, 1680-იან წლებში მოხვდება. სასაცილო ის არის, რომ იმ ეპოქის ადამიანებიდან ერთ-ერთი შერის ერთდროულად ახალგაზრდა და მოხუც არსებად აღწერს, თუმცა ამაზე მეტად ის ადარდებს, რომ მისი საკულტო შავი ჩექმა სოფლის მაცხოვრებელთაგან ერთ-ერთს აცვია…
მოკლედ ჯადოქრად ჩაითვლება, იმ დროს კი ჯადოქრებს რას უშვრებოდნენ, ამას Uber Eats-ის რეკლამაში ნახავთ:
როგორც ნახეთ, კამპანია შემდეგი ფრაზით მთავრდება: Time machine? No. Thyme? Yes — სიტყვების თამაშით Uber Eats ცდილობს მომხმარებლამდე მთავარი სათქმელი მიიტანოს, რომ მათ ახალი ინგრედიენტების მოტანა შეუძლიათ, მაგრამ არა, დროის დაბრუნება. თუმცა, სასაცილო გზით ამტკიცებს, რომ ასე უკეთესია.
„რეკლამებისთვის ხშირად მომმართავენ, მაგრამ შემოქმედებითობამ და იუმორმა, რომელიც Uber Eats-მა შემომთავაზა, ძალიან მომხიბლა. ნამდვილად ვამაყობ საბოლოო შედეგით და ვიმედოვნებ, რომ Uber ჩექმებს დამიბრუნებს“, — ამბობს შერი.
აშკარაა, რომ კამპანიაში შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს ნოსტალგია და იუმორი. ასე კი გვიმტკიცებენ, რომ 78 წლის შერი ეპოქის საკულტო ფიგურას წარმოადგენს. არ აქვს მნიშვნელობა ოსკარებს იგებს, რეიტინგს წევს მაღლა თუ 17-ე საუკუნის სოფლის მცხოვრებლებს უმკლავდება, ფაქტი ის არის, რომ იგი ნებისმიერ შემთხვევაში ახერხებს სხვების მოჯადოებას…