თუკი ტაქსით მგზავრობა თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია, დიდი ალბათობით, Uber-ის აპლიკაციაზეც გსმენიათ. დღესდღეობით, კომპანია 72 ქვეყანაში ოპერირებს და მისი ღირებულება $15 მლრდ-ს აჭარბებს. უბერის შექმნა ტრევის კალანიკსა და გარეტ კემპის სახელებს უკავშირდებათ. სანამ ფინჯან ყავას შეექცევით, სწორედ Uber-ის ამბავს მოგიყვებით, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს, სან-ფრანცისკოში დაიბადა.
Uber-ის ამბავი, პარიზში, 2008 წელს დაიწყო. მეგობრები – ტრევისი და გარეტი ყოველწლიურ ტექნოლოგიურ კონფერენციას LeWeb ესწრებოდნენ. ჯერ კიდევ ცოტა ხნით ადრე, სტარტაპერებს საკუთარი კომპანიები ჰქონდათ, რომლებიც საკმაოდ სარფიანად გაყიდეს. კალანიკმა Red Swoosh – $19 მილიონად, გარეტმა კი StumbleUpon – $75 მილიონად გაასხვისა.
Uber-ის კონცეფცია ზამთრის ერთ ცივ ღამეს დაიბადა, როდესაც ორმა მეგობარმა ტაქსის გაჩერება ვერ მოახერხა. იდეა მარტივი იყო – რა იქნებოდა, თუკი მგზავრობის შეკვეთა საკუთარი ტელეფონიდან შეგვეძლებოდა? თავდაპირველად, აპლიკაციის საშუალებით ლიმუზინის გამოძახება იყო შესაძლებელი. სტარტაპერების გზა გაიყო, თუმცა სან-ფრანცისკოში დაბრუნებული გარეტი ბიზნესიდეაზე ფიქრს არ მოეშვა და შეიძინა დომენი UberCab.com.
გარეტი პროექტზე ძირითადი სამსახურის პარალელურად მუშაობდა. 2009 წლის ზაფხულისთვის მან მოახერხა და მეგობარი დაარწმუნა პროექტს შემოერთებოდა. სერვისი სამი ავტომობილით დაიწყეს, ისიც, საცდელ რეჟიმში. Uber პირველად ნიუ-იორკის ქუჩებში გამოჩნდა, 2010 წელს, საპილოტე რეჟიმში. ოფიციალურად კი, კომპანია სან-ფრანცისკოში გაიხსნა.
აპლიკაციის გამოყენების სიმარტივემ მომხმარებლებში დიდი ინტერესი აღძრა. სულ მალე, Uber-მა საკმაო პოპულარობა მოიპოვა. ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით შეგეძლოთ გამოგეძახებინათ ტაქსი, მიგეთითებინათ თქვენი ზუსტი ადგილმდებარეობა, ხოლო საფასური ავტომატურად ჩამოგეჭრებოდათ ანგარიშიდან. Uber იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად იქცა და უკვე 2011 წელს, საერთაშორისო ბაზარზე, პარიზშიც დაიდო ბინა, იქ, სადაც მისი პირვანდელი იდეა დაიბადა.
რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.