in

UC Berkeley-მ ფუტკარზე სამჯერ პატარა მფრინავი რობოტი შექმნა

სურათზეც რომ გაგიჭირდებათ დანახვა, იმხელაა… ასე კი UC Berkeley მსოფლიოში ყველაზე პატარა მფრინავ რობოტს გვაცნობს, რომელსაც ბატარეაც კი არ სჭირდება. სულ რაღაც 21 მილიგრამს იწონის, უკეთ რომ წარმოიდგინოთ, გეტყვით, რომ 3-ჯერ პატარაა ფუტკარზე. მაგნიტური ველებით მუშაობს, უფრო ზუსტად, ორი მაგნიტური სისტემა აქვს, რომლებიც პროპელერისა და ფრენის კონტროლერის მუშაობაზეა პასუხისმგებელი. მოკლედ რომ გითხრათ, ის რაზეც ახლა მოგიყვებით, მექანიკურ ფუტკარს ჰგავს.

ამგვარი პატარა რობოტების შექმნისას თუ ძირითადი გამოწვევა აქამდე ბატარეების საკითხი იყო, რადგან საკმაოდ ბევრს იწონიდა ხოლმე, ახლა UC Berkeley-იმ გამოსავალი მაგნიტურ ველებში იპოვა. შედეგად კი უსადენო მიკრორობოტი შემოგვთავაზა, რომელსაც ერთ ადგილზე ყოფნა, სამიზნისკენ გასროლა და მჭიდრო სივრცეებში ნავიგაცია შეუძლია.


ზუსტად ისე, როგორც ფუტკრები მტვერავს ყვავილებს, მიკრორობოტსაც შეუძლია პატარა წერტილებს საოცარი სიზუსტით დაუმიზნოს — ეს უნარი კი აუცილებელია ისეთი დელიკატური ამოცანებისთვის, როგორებიცაა ხელოვნური დამტვერვა, გარემოს მონიტორინგი თუ ნარჩენების ნავიგაცია სამძებრო-სამაშველო მისიების დროს.

დიამეტრი სულ რაღაც 0.9 სანტიმეტრია, რითაც 3-ჯერ უფრო პატარაა კონკურენტზე მფრინავი მიკრორობოტების კატეგორიაში. თუმცა, მისი მცირე ზომა უბრალოდ სანახაობისთვის ნამდვილად არ შექმნილა, ეს იმ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას მოგვცემს, რომლებშიც უფრო დიდი რობოტები ვერ აღწევს, მათ შორისაა სავენტილაციო შახტები, დანგრეული შენობები, მილები და მანქანების შიდა სივრცეები.

მართალია, ცოტა ხნის წინ MIT-ის ფუტკრის მსგავსი დრონიც გაგაცანით, რომელიც უპრეცედენტო 17 წუთის მანძილზე ფრინავს, მაგრამ UC Berkeley-ის პატარა დრონს სულაც არ სურს მასთან ამ კატეგორიაში შეჯიბრება. სულ სხვა ამბიციები აქვს და მიზნად ისახავს, მიაგნოს გზებს, რომლითაც ტრადიციულ კომპონენტებს ამოიღებს პროცესიდან, თუნდაც ეს ბატარეა იყოს…

მალე WhatsApp Status-ზე მუსიკის დამატებას შეძლებთ

საქართველოს ბანკის პრემიუმმიმართულებამ Euromoney-ს ორი ჯილდო მოიპოვა