in

„გააკეთე ის, რაც ყველაზე ნაკლებად გძულს“ – უჩა ურუშაძე, ფილოსოფოსი, რომელიც ბრენდებს ქმნის

„ადამიანს ვიცნობ“ – ნიშნავს, რომ მე მისი ასაკი ვიცი“, – მითხრა ინტერვიუს ბოლოს, ფილოსოფოსმა, ბრენდებისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგმა, უჩა ურუშაძემ. „ადამიანს ვიცნობ, ნიშნავს, ვიცი, რამდენი წლისაა. მეტი, ასე მკაცრად, სხვა ადამიანის შესახებ, არაფრის ცოდნა შეგვიძლია“.

და თუ დავუშვებ, რომ ეს მოსაზრება ჭეშმარიტია, სტატიის მიზანს კი – თქვენთვის უჩა ურუშაძის გაცნობა წარმოადგენს, გეტყვით, რომ 1978 წლის 7 ივლისს დაბადებულს, რამდენიმე დღის წინ, 42 წელი შეუსრულდა…

ასე რომ, სულ რაღაც, ორი პატარა აბზაცის მეშვეობით, ჩემი მისია შესრულებულია. თქვენ მას უკვე იცნობთ. 

მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი საუბრის დანარჩენი, თითქმის ორსაათნახევრიანი ჩანაწერი გაზიარებას მაინც იმსახურებს… იმისთვის, რომ მის ტვინში ცოტათი მაინც ჩაგახედოთ და ჩემი დაკვირვებით, გავრცელებული შეხედულებებისგან სრულიად განსხვავებული პასუხები გაგიზიაროთ, მაგალითად, იმაზე, თუ „როგორ უნდა მივხვდეთ, რა არის ჩვენი?“ და სხვ.

თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით…

მანამდე კი, უჩა ურუშაძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში. ჯერ კიდევ, საბჭოთა საქართველოში და მისი ბავშვობა გამორჩეული შეიძლება, იმით იყო, რომ პატარაობიდანვე ძალიან უყვარდა კითხვა. წიგნი კი დედამ შეაყვარა.

წიგნი უნდა შეგაყვაროს დედამ. თუ წიგნი დედამ არ შეგაყვარა, ვერაფერი მას ამ ქვეყანაზე ვერ შეგაყვარებს.

13 წლის იყო, საყმაწვილო გაზეთში ნორჩ ჟურნალისტთა ჯგუფის თავმჯდომარედ რომ მუშაობდა. უყვარდა ჟურნალები, ახალგაზრდული პრესა და მერე უკვე, დაახლოებით, 18 წლისას, სერიოზულ პრესაშიც გამოუქვეყნებია სტატია, ჰონორარის მიღების საფასურად. 

სწორედ ეს იყო უჩას პირველი შემოსავლის წყაროც. პირველი სერიოზული სამსახური კი, USAID-ს ერთ-ერთ პროექტს უკავშირდება. ამერიკიდან დაბრუნებულმა, ოფისში პირდაპირ რომ მიაჭრა და უთხრა: „მე ვარ უჩა ურუშაძე“, „მე შემიძლია…“ „მე მაინტერესებს…“ და სხვა.

საუბრისას შევთანხმდით, რომ როდესაც ზურგს განათლება გიმაგრებს, ეს გაძლევს ნებას, იყო თავდაჯერებული. თუმცა ამასთან ერთად, თვითპრეზენტაციის უნარიც არ დაგვავიწყდა და განვსაზღვრეთ, ეს უკანასკნელი იმისთვისაა საჭირო, რომ არ ელოდო, ვინმე როდის შეგამჩნევს. შენვე უნდა დააფიქსირო შენი არსებობა და არამხოლოდ – პოზიცია და ა.შ.

ხოდა ასე, სწორედ საკუთარი არსებობის დაფიქსირებით მოხვდა სააგენტო WINDFOR’S-შიც. გახდა საქართველოში პირველი სარეკლამო სტრატეგი.

აქვე, ლოგიკურად ჩნდება კითხვაც, რა უნდოდა ფილოსოფოსს სარეკლამო ინდუსტრიაში? – რაზეც უჩა მპასუხობს: „ფილოსოფია, ერთი შეხედვით, ძალიან განყენებული სფეროა. ფილოსოფიით ცხოვრება, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ძალიან ძნელია. აქედან გამომდინარე, მომიწია, რომ სადმე, პრაქტიკულ სფეროში მემუშავა. ყველაზე უფრო მარტივი და საინტერესოც იქნებოდა ის, რასაც ტექსტთან საერთო ექნებოდა. 2008 წლის 15 დეკემბერს, „ვინდფორსში“ მივედი“.

„თიბისი დეპოზიტების“ კამპანია გახლდათ წარმატებული. მან „ვინდფორსს“ Eurobest-ის ოქრო მოუტანა და როგორც ვიცი, ეს მაშინ საქართველოში, პირველი საერთაშორისო რანგის პრიზი იყო. მე სააგენტოში სტრატეგიის ხელმძღვანელი ვიყავი.

M: დღეს, HOLMES&WATSON-ის მოქმედი სტრატეგი ხართ და ამავდროულად, სადოქტორო თემაზე მუშაობას, რომელიც დროის პრობლემატიკას ეხება, აგრძელებთ…
ფაქტობრივად, ორი ცხოვრება მაქვს: 
ერთი მხრივ, განათლებით ფილოსოფოსი ვარ – ჩემს კომპეტენციაში შედის კონტინენტალური ფილოსოფია, ანუ მე-19 და მე-20 საუკუნის გერმანული და ფრანგულენოვანი ფილოსოფია.

ფილოსოფიასთან დაკავშირებული განათლება, საქართველოს გარდა, 6 სხვადასხვა ქვეყანაში, 5 ენაზე მივიღე: ამერიკა, გერმანია, ჩილე, ნიდერლანდები, ესპანეთი და საფრანგეთი.  

მეორე მხრივ – სტრატეგი ვარ. ჩემს კომპეტენციაში შედის სტრატეგიული ბრენდინგი და მარკეტინგული კომუნიკაციის სტრატეგია. ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად, ბრენდინგისა და რეკლამის სტრაგეტად ჩამოვყალიბდი და მას შემდეგ, რაც 2014 წელს, „ჰოლმსებში“ გადავედი, შევქმენი სამუშაო მოდელი, რომლითაც შემიძლია, ნებისმიერი ბრენდი ავალაპარაკო.

ეს უკვე არის ის, რაც არსად მისწავლია. მე შევიმუშავე, პირიქით, იქით ვასწავლე და გაამართლა. შემიძლია, ვთქვა, რომ ორიგინალურია. 

M: სად არის ფილოსოფიისა და კომუნიკაციის სტრატეგიის შეხვედრის ადგილი?
ყოფიერების ფილოსოფიასთან. მე მაინტერესებს ის ავტორები, რომლებიც ადამიანური არსებობის განსაკუთრებულობიდან ამოდიან და მათი თეორიები იქმნება ადამიანური არსებობის განსაკუთრებულობის წინაპირობით. შესაბამისად, ეს მარკეტინგთან ავტომატურად იკვეთება. 

ეგზისტენციალიზმში, ცალსახად, არჩევანი დგას, როგორც ადამიანური არსებობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და მარკეტინგი რას აკეთებს? – ფაქტობრივად, ადამიანის არჩევანს განსაზღვრავს. მოკლედ, საუბარი აქაც არჩევანზე მიდის.

M: ამბობთ, რომ სტრატეგების პოვნა ძალიან რთულია და სფეროში საქმიანობის 10 წელზე მეტხნიანი გამოცდილებაა საჭირო, რომ ადამიანს ნამდვილად სტრატეგი ეწოდოს. რას გულისხმობთ სირთულეში და რა პასუხისმგებლობას განიჭებთ კომუნიკაციების სტრატეგის სტატუსი?
კლასიკურად, სარეკლამო საგენტოში არის კლიენტთან მომსახურების, სტრატეგიისა და კრეატივის განყოფილება. სტრატეგია განსაზღვარვს ბრენდის პოლიტიკას, კრეატივი, მხოლოდ და მხოლოდ, მისი რეალიზაციის ფორმაა. ბრენდებისთვის ამოცანებს სვამს სტრატეგი და მისი გაკეთება, ცალსახად, ვერ იქნება ადვილი.

ასეთი ოქროს წესი არსებობს სტრატეგიაში: “Not what client wants, but what client needs”, – ანუ, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რა სჭირდება კლიენტს. ამიტომ, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ჯერ შენ უნდა გჯეროდეს იმ რადიკალური გადაწყვეტილებისა, რომელსაც კლიენტს სთავაზობ და მერე მას უნდა დააჯერო, ავანტიურაზე ხომ არ წაიყვან?!

შესაბამისად, კომპეტენციის საკმაო ხარისხია ამისთვის საჭირო…

HOLMES&WATSON-ში

M: თქვენ როგორ დააგროვეთ კომპეტენცია, როგორც სტრატეგმა და აკადემიური განათლება ამაში რამდენად დაგეხმარათ?
შრომითი გამოცდილება ნელ-ნელა ადამიანს რაღაც დარგში კომპეტენტურ სუბიექტად აყალიბებს. სააგენტოში მისვლის დროს, 
მე მქონდა საკმაოდ ფართო ჰორიზონტი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, ანუ მე კვალიფიცირებული შეხედულებები გამაჩნდა ადამიანური ყოფის თაობაზე. აქედან გამომდინარე, რაღაც კონკრეტული პოზიციების დაკავება, მარკეტინგული სტრატეგიების თვალსაზრისით, არ გამიჭირდა. საბედნიეროდ, ჩემი მიდგომა ადამიანური ყოფისადმი, აღმოჩნდა სწორი. შეიძლებოდა, აღმოჩენილიყო არასწორი. ანუ, პოლიტიკაა. არც მეცნიერებაა, არც ხელოვნება. შენ განსაზღვრავ, რომ ასე იქნება და ეს ასე იქნება, ან ვერ იქნება. როდესაც ასე იქნება, შენ დაგერქმევა კარგი სტრატეგი!

M: ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებთ, რომ ბრენდისა და ადამიანის ცხოვრებას არ ასხვავებთ… როგორ ხსნით ამ დამოკიდებულებას?
სტრატეგები სხვადასხვანაირად მუშაობენ, მაგრამ ერთ რამეზე, რაზეც შეთანხმდნენ, არის, რომ ბრენდი უნდა იყოს პიროვნება. ბრენდი ისე კეთდება, თითქოს ისაა ადამიანი. ბრენდსაც უნდა ჰქონდეს ცხოვრება ისევე, როგორც ადამიანს. და თუ ის კეთდება, როგორც ადამიანი და ამაზე ვერავინ შემედავება იმიტომ, რომ ბრენდის სტრატეგია სხვანაირი არ არსებობს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს ცხოვრება. შესაბამისად, კარგი ბრენდი ისეთია, რომელსაც ცხოვრება აქვს. ცუდი ბრენდი შეგვიძლია, ცხოვრების უუნარო ადამიანს შევადაროთ.

M: ბრენდი, რომელსაც ცხოვრება აქვს, გულისხმობს, თუ არა საწყის ეტაპზევე მისთვის მისიის, ხედვის, ფასეულობების და ა.შ. სწორად განსაზღვრას?
ზუსტად მანდ შემოდის ასეთი პოზიცია, ეგზისტენციალიზმი რომ ვახსენეთ, ადამიანზე შეხედულებები სხვადასხვანაირია. ეგ რომ წინასწარ ჰქონდეს გაცნობიერებული, ისმის კითხვა: ადამიანმა სინამდვილეში თავიდანვე იცის, რა არის საკუთარი მისია, ხედვა, ღირებულებები და ა.შ. თუ გზადაგზა აღმოაჩენს მას? ჩემი სისტემა სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ ეგეთი ადამიანი არ არსებობს და ეს მიდგომა ბრენდს საშუალებას აძლევს, ყველაფერი გზადაგზა აღმოაჩინოს. შესაბამისად, ამით უფრო მეტად ადამიანური გახდეს და არ იყოს ხელოვნური.
 ჩემს მეთოდს ვეძახი Organic Branding-ს – ორგანულ ბრენდინგს. ბრენდის შექმნა ორგანული უნდა იყოს და არა – მექანიკური პროცესი. იმიტომ, რომ ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მეტწილად, მცდელობა უნაყოფო აღმოჩნდება.

M: საინტერესოა, თავად როგორ განსაზღვრეთ საკუთარი როლი საზოგადოებაში, სხვადასხვა სოციალური სტატუსის გათვალისწინებით?
ჩემთვის ყველაზე მთავარი, როგორც ადამიანისთვის, სტრატეგისთვის, ფილოსოფოსისთვის, ლექტორისთვის… არის მსახურების ცნება. მიმაჩნია, რომ ადამიანური არსებობა, თავისთავად, გულისმხობს რაღაცის სამსახურში დგომას და მე ვცდილობ, ბრენდი იქნება ეს თუ ადამიანი, რაღაცის სამსახურში ჩავაყენო. რაღაც ღირებულის, რაღაც ფასეულის… ისეთის, მათ არსებობად რომ ღირდეს. 

M: და როგორ მივიდეთ „მსახურების ცნებამდე“? თქვენი დაკვირვებით, რა გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რა არის ჩვენი?
უმეტესწილად, ადამიანებმა არ იციან, რა უყვართ, რას მიუძღვნან თავიანთი აქტიური ცხოვრება… ან შეიძლება, იციან, მაგრამ ეჭვი ეპარებათ და რიხით თქმა უჭირთ. ამიტომ, ჩემი რჩევა არის ასეთი: გააკეთო ის, რაც ყველაზე ნაკლებად გძულს. არაა აუცილებელი, სიყვარულის შემოტევას ელოდო. უბრალოდ, გააკეთე ის, რაც ყველაზე ნაკლებად გძულს. 

M: თქვენ როგორ მიხვედით აქამდე? ამ შეხედულებას საფუძვლად რა უდევს?
ადამიანებში რაღაცებისა და ვიღაცების სიყვარული, დიდწილად, ეფემერულია. გიყვარს და აღარ გიყვარს, მაგრამ გძულს და აღარ გძულს, ეგეთი უფრო ნაკლებადაა ხოლმე. არის, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ადამიანებს გადაყვარება უფრო ახასიათებთ, ვიდრე გადაძულება. კარგი უნდა გიყვარდეს და ცუდი გძულდეს. ცუდთან ბრძოლა ძალიან სწორი პოზიციაა და პროდუქტიულიც. 

მომწონს და მინდა – გულუბრყვილო პოზიციებია და რამდენად შედეგის მომტანი – არ ვიცი. განსაკუთრებული დისციპლინაა იმისთვის საჭირო, რომ ადამიანმა თანმიმდევრული გრძელვადიანი შედეგი უზრუნველყოს, გაელვებითი რაღაცების არ მჯერა.

კრიტერიუმი არის, ცალსახად, ერთი – რაღაც უნდა გძულდეს და გაწუხებდეს ცხოვრებაში და მერე, რაც გაწუხებს, იმას ეფექტური საშუალებებით უნდა ებრძოდე.

M: გამოდის, რომ თქვენს შემთხვევაში, ფილოსოფიის არჩევა, ეს იყო…
ეს იყო ნაკლები სიძულვილი. ადამიანმა, რომელმაც არ იცის, რა ღირს იმად, რომ საკუთარი ცხოვრება მიუძღვნას, ან იცის, მაგრამ ამის ობიექტური შესაძლებლობები არ არსებობს, მერე უკვე ალტერნატიული გზების ძიებას იწყებს. ასეთი გზების ძიების შედეგად, მივედი ფილოსოფიასთან. მერე უკვე ფილოსოფიამ მიმიყვანა სხვა რაღაცებთან. M: მაგალითად, შემოქმედებით სფეროში კლიენტებისთვის გადასაჭრელი ამოცანების დასმასთან, ხომ? შეგიძლიათ, ამ კუთხით, თქვენთვის ყველაზე წარმატებული პროექტი გაგვიზიაროთ?
ცალკე კამპანიას თუ ავიღებთ, „თიბისის“ „გამარჯობის“ კამპანია იყო ჩემს კარიერაში ყველაზე წარმატებული.

M: მიზეზი?
კლიენტს კონკრეტული კვლევის საფუძველზე ჰქონდა პრობლემა, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ იჭრებოდა და ერთი კამპანიით ეს შევძელით.

10 წელზე მეტხნიანი გამოცდილების შედეგად, ყველაზე დიდი ენთუზიაზმი, კლიენტის მხრიდან, მაგ დროს განვიცადე და ეგ ნაყოფიერი იყო. ამოცანა ზუსტად იყო დასმული და პრობლემის გადაჭრაც, იმ ზუსტად დასმული ამოცანის, უზუსტესი აღმოჩნდა.

მერე უკვე ისე გამოვიდა, რომ ამ კამპანიის საფუძველზე აშენდა თიბისის ბრენდი, რომელიც მაქსიმალურად გაადამიანურდა. ეს იყო კამპანიების ერთგვარი ტრიპტიქი: #გამარჯობა, #ვინცარუნდაიყო, #მოდიაქ! და მეორე ბლოკი იყო შენ, რომელიც უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ შეჩერდა. 

M: სადოქტორო თემა, რომელიც ჯერ კიდევ, 18 წლის ასაკში განსაზღვრეთ, დროის პრობლემატიკას ეხება… რა არის, როგორია თქვენთვის დრო? და რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფალი დრო?
მე სულ თავისუფალი დრო მაქვს. ჩემი ცხოვრება არის თავისუფალი დრო. ექსკლუზიური შემთხვევა ვარ. მე, როგორც ფილოსოფოსს, მონიჭებული მაქვს ეს კომფორტი. 

ჩემი ცხოვრება არის წიგნის კითხვა და ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩემთან საქმიან ურთიერთობას იჭერს, თუ ის შეგნებული ადამიანია, მე წიგნის კითხვის თავისუფალ დროს მაძლევს, რომელიც ფაქტობრივად, ჩემს ცხოვრებას უდრის.

ცხოვრება ხომ ნელა მიდის თითქოს და გბეზრდება, ამასთან ბრძოლის ერთადერთი, მე რასაც ვატყობ, საშუალება არის, მისი კიდევ უფრო გაწელვა, იმაზე მეტად შენელება, ვიდრე თვითონ მიედინება… მაშინ შენ ხდები რაღაცის, მეტ-ნაკლებად, განმსაზღვრელი. და გარდა ამისა, რადგან სამყაროში მობეზრებას გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ვებრძვით, თუ გვინდა, ეს ბრძოლა უფრო წარმატებულად გავლიოთ, გვირჩევნია, რაღაც სააზროვნო პროცესში ვიღებდეთ მონაწილეობას. ამაში ვგულისხმობ, რომ თუ ადამიანს რაღაც მნიშვნელოვნად მიაჩნია, მასზე იზრუნოს. იმიტომ, რომ სამყაროში აუცილებელი არაფერი, მაგრამ რაღაცები სასურველია. 

მე მგონია, ჩემს ინტერესს ყოველთვის განსაზღვრავდა, რომ ადამიანი არ შეიძლება, არ იცნობდეს საკაცობრიო ცივილიზაციის მონაპოვარს და უნდა გაიგოს, რატომ არის ის ისე და არა – სხვანაირად. ერთი პერიოდი მაწუხებდა აზრი, რატომ არის „ჯოკონდა“ ყველაზე ცნობილი ნახატი. ნორმალურია, გაწუხებდეს ეს კითხვა. მე ვერ ვიცხოვრებ იმ სამყაროში, სადაც მსგავსი კითხვები არ ისმის. 

ფოტოკრედიტი: თეზი გაბუნია

M: რა გასწავლათ დრომ, რა შეცვალა მან თქვენს პიროვნებაში?
ადრე ყველას პირში ვახლიდი სიმართლეს, ახლა მგონია, რომ რაღაც სიმართლე ჯობს, შენთვის დაიტოვო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის სტრატეგი გელაპარაკება ამას, მაგრამ მოწინააღმდეგის მხარეს არ უნდა დატოვო ბურთი და მე სწორედ ამის კეთების გამოცდილება მაქვს, რაც სტრატეგიულად, არასწორი იყო. 

მოკლედ, ენაზე კბილის დაჭერა ვისწავლე.

M: და ეს თქვენს ბუნებრივ მდგომარეობად იქცა, თუ საკუთარ თავში რაღაცების დათრგუნვის ხარჯზე გიწევთ სიმართლის თქვენთვის დატოვება?
სამყაროში ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება. საბოლოო ჯამში, გააჩნია, რა უფრო მოგებიანია. შეიძლება, რაღაცა დათრგუნო საკუთარ თავში, მაგრამ საბოლოოდ, შენთვისვე სასურველ პოზიციაში აღმოჩნდე. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში, ეს პროცესიც არ დასრულებულა და შეფასებები მიჭირს. 

M: თქვენს ცხოვრებაში რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?
შეუფერებელ ადამიანებთან არ ვიურთიერთებდი. იმიტომ, რომ ისინი არასაჭირო შიშებს გვინერგავენ. თვითშეფასებას გვიქვეითებენ.

M: და შეუფერებლობას რა განსაზღვრავს?
ის, რაც შენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია, მეორე ადამიანისთვისაც ასე უნდა იყოს. თუნდაც, მეორე ადამიანისთვის შენთვის პირველი ნომერ მეორეა, ადრე თუ გვიან, მაინც კონფლიქტი მოხდება. პრიორიტეტები განსაზღვრავს შეუფერებლობას.

M: არსებობს, თუ არა თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი, რომელმაც საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დაგარწმუნათ? რა გამოცდილება იყო ეს და როგორ გაუმკლავდით მას?
ყველაზე მეტად ცხოვრებაში მარტოობამ გამაძლიერა. ჩემი ცხოვრების ნაყოფიერი პერიოდი იყო გამოცდილება, ნიდერლანდებში კვლევით მაგისტრატურაზე რომ ვიყავი და დეპრესიის პირობებში სწავლა წარჩინების დიპლომით დავასრულე. 

როგორ ხდება ეს? – ადამიანი მიწასთან შეიძლება, იყოს გასწორებული, მიწაზე იყოს გართხმული და ბუნებრივია, წამოდგება იქიდან, სადაც ძალა აქვს. რაღაც ხომ არის დაგროვილი შენში, მიაგნებ და წამოდგები. წერა-კითხვა ყოველთვის ვიცოდი და მე მაგ უნარით წამოვდექი. რაღაც უნდა იცოდე ცხოვრებაში. თუ არაფერი შეგიძლია, წამოდგომა რთულია. თავიდან ძნელი იყო, მერე უკვე წავიდა და წავიდა. 

M: რას ურჩევთ დამწყებ სტრატეგებს?
წერა-კითხვის სწავლას, რომელიც ძალიან დიდი დოზითაა საჭირო. სტრატეგმა, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, გამორიცხულია, რაიმე ღირებული შექმნას. კომუნიკაციის სტრატეგები ვართ და კომუნიკაციის მთავარი არხი სწორედ წერა-კითხვაა. ვიზუალური კომუნიკაციაც ხომ არსებობს, მაგრამ… ადამიანის დარწმუნება, მოტივირება, ადამიანის მიმხრობა ხდება სიტყვით, არგუმენტით, დაპირებით. ეს ყველაფერი არის წერა-კითხვის ცოდნის შედეგად ჩამოყალიბებული უნარები და როდესაც ჩვენ გვინდა, ამ სფეროში რაღაც ხარისხი დაიდოს, ოღონდ წერა არ ვიცით და რეგულარულ რეჟიმში, კითხვა გვეზარება, არ გამოვა, არასერიოზულია. წარმოუდგენელია! 

დასასრულ, მათთვის, ვისაც გჯერათ, რომ წრე აუცილებლად უნდა შეიკრას, სტატიას უჩა ურუშაძის კომენტარით დავამთავრებ: „შოპენჰაუერს აქვს ნათქვამი, 40 წლამდე კაცი რას ლაპარაკობს, აზრი არ აქვსო. 2 წელიწადია, რაც ჩემს თავს ლაპარაკის უფლება მივეცი“. 

ხოდა, ასე, უჩას ხომ უკვე იცნობდით და ახლა უკვე ისიც იცით, რომ მისი საუბრის გაზიარება, საინტერესოსთან ერთად, დროული და ლეგიტიმურიცაა.

ავტორი: თიკა გეგენავა

6 სტრატეგია, როგორ გავზარდოთ ბრენდისადმი ლოიალობა

მოქმედების ადგილი – გუდაური, როლში – თინა დალაქიშვილი – “LET IT SNOW”-ს პირველი ტრეილერი