ასტრონომებმა უჩვეულო სიგნალები დააფიქსირეს, რომლებიც ირმის ნახტომის ცენტრიდან მოდის. რადიოტალღები ცვლადი რადიო წყაროს არცერთ შესწავლილ მოდელს არ შეესაბამება და, შესაძლოა, ვარსკვლავური ობიექტების ახალ კლასზე მიუთითებდეს.
“ამ სიგნალების ყველაზე უცნაური თვისება ის არის, რომ მას ძალიან მაღალი პოლარიზაცია აქვს. ამრიგად, მისი შუქი მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობს, მაგრამ ეს მიმართულება დროთა განმავლობაში იცვლება. ასევე, დაახლოებით 100-ჯერ მკვეთრად იცვლება ობიექტების სიკაშკაშე. მსგავსი არაფერი გვინახავს” – ამბობს ზიტენგ ვანგი, ახალი კვლევის წამყვანი ავტორი.
მრავალი სახის ვარსკვლავი ასხივებს ცვლად სინათლეს ელექტრომაგნიტურ სპექტრში. რადიო ასტრონომიის უზარმაზარი მიღწევების მეშვეობით, რადიოტალღებში ცვლადი ან გარდამავალი საგნების შესწავლა კვლევის ერთ-ერთი უზარმაზარ სფეროდ იქცა. ეს უკანასკნელი სამყაროს საიდუმლოებების გამოვლენაში გვეხმარება.
“თავიდან ვფიქრობდით, რომ ეს შეიძლება, პულსარი ყოფილიყო – ძალიან მკვრივი მბრუნავი მკვდარი ვარსკვლავის ტიპი, რომელიც უზარმაზარ ელექტრომაგნიტურ რადიაციას ასხივებს. თუმცა ახალი წყაროს სიგნალები არ ემთხვევა იმას, რასაც ამ ტიპის ვარსკვლავებისგან ველით” – განმარტავს ვანგი.
დოქტორმა ვანგმა და საერთაშორისო გუნდმა ობიექტი ASKAP CSIRO-ს რადიო ტელესკოპის მეშვეობით აღმოაჩინეს. შემდგომი დაკვირვებები კი სამხრეთ აფრიკის რადიო ასტრონომიის ობსერვატორიის MeerKAT ტელესკოპით განხორციელდა.
“გალაქტიკის ცენტრისკენ ყურებისას აღმოვაჩინეთ ობიექტი, კოორდინატებით J173608.2-321635. იგი უნიკალურია იმით, რომ თავიდან უხილავი იყო, შემდეგ კი ნათელი გახდა… შემდე გაქრა და კვლავ გამოჩნდა. ეს საკმაოდ უჩვეულო ქცევაა” – აღნიშნავენ მკვლევრები. მეცნიერები ობიექტს რამდენიმე კვირის განმავლობაში 15 წუთით აკვირდებოდნენ, რადგან კვლავ შესძლებოდათ მისი ნახვა. საბედნიეროდ, სიგნალი მართლაც დაბრუნდა, მაგრამ წყაროს ქცევა მკვეთრად შეცვლილი იყო.
და მაინც, დაკვირვებების შედეგად მაინც ვერ გამოვლინდა გარდამავალი რადიოს წყაროს საიდუმლოებები. მიუხედავად იმისა, რომ J173608.2-321635 სხვა ობიექტების ზოგიერთ თვისებას იზიარებს, არსებობს ფუნდამენტური განსხვავებებიც. ამიტომაც, მეცნიერები გეგმავენ, თვალყური ადევნონ ობიექტს, რათა უკეთ შეძლონ მისი გაანალიზება და შესწავლა.
“კვადრატული კილომეტრის მასივის (SKA) ტრანსკონტინენტური რადიო ტელესკოპი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში იმუშავებს. მას ყოველდღიურად ცის ზუსტი რუკების გაკეთება შეეძლება. ვფიქრობთ, ამ ტელესკოპის ძალა ამ უახლესი აღმოჩენის მსგავსი საიდუმლოებების ამოხსნაში დაგვეხმარება” – .განაცხადა ტარა მერფიმ, კვლევის თანაავტორმა.