ზოგჯერ ძალიან რთულია საკუთარი აზრებისა და ფიქრების გაკონტროლება — სადღაც გაქცეულ გონებას დიდი ძალისხმევით რომ ვაბრუნებთ უკან, რათა აქ და ახლა იყოს, სხვა წარმოდგენების ადევნების ნაცვლად. თუმცა გაცილებით რთულია ის შემთხვევა, როდესაც ადამიანები, თავის ტვინისა და ნერვების დაზიანების შედეგად, სხეულის გარკვეულ უბნებზე კონტროლს კარგავენ ან ე. წ. „უცხო ხელის სინდრომი“ (AHS) ემართებათ.
AHS, ასევე ცნობილი როგორც ანარქიული ხელის სინდრომი, ტვინის ორ ნახევარსფეროს შემაკავშირებელ უბანზე მოქმედებს. პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც დაზიანებული ნახევარსფერო კონტროლს კარგავს ხელის ნებაყოფლობით მოძრაობაზე — შედეგად, ფიქსირდება უნებლიე მოქმედებები, რომლებიც ინდივიდის სურვილების საწინააღმდეგოა.
მართალია, ზუსტი გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს, მაგრამ შემთხვევების სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, ძირითად ისეთ პაციენტებში გვხვდება, ვისაც ინსულტი, ტვინის სიმსივნე, ტვინის ინფექციები, ტვინზე ჩატარებული ოპერაციები, ალცჰაიმერი და კრეიტცფელდტ-იაკობის დაავადება აწუხებს.
1972 წელს ბრაონისა და ჯედინაკის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში მეცნიერები 67 წლის მამაკაცზე საუბრობდნენ, რომელსაც ინსულტის გადატანის შემდეგ გამოუვლინდა უცხო ხელის სინდრომი. ხელი პაციენტის „თანხმობის გარეშე“ იჭერდა საგნებს, იხდიდა ტანსაცმელს და ხელს უშლიდა ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორიცაა პარსვა ან ჭამა. ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, ყველაფერი უშედეგო იყო — ის ყოველ ჯერზე უმწეობასა და იმედგაცრუებას გრძნობდა, რადგან საკუთარი ხელი დამოუკიდებელ „ინდივიდად“ ექცა.
2014 წლის მოხსენებაში კი 77 წლის ქალი იყო ნახსენები — ტელევიზორის ყურებისას, მისმა ხელმა თავისით დაიწყო მოძრაობა, კანსა და თმაზე შეხება. ეს ეპიზოდი 30 წუთს გაგრძელდა, მოგვიანებით კი ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს.
სამწუხაროდ, დღეისათვის არსებული სამედიცინო და სამეცნიერო კვლევები იმის საშუალებას არ იძლევა, რომ დაავადება განკურნონ ან შეამსუბუქონ…