დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც ყველას გვიფიქრია უცხოპლანეტელებისგან შეტყობინების მიღებაზე — რა სახის იქნება ის, რას „გვეტყვიან“ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები და ა. შ. და რადგანაც ჯერჯერობით მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, ახლა მეცნიერები იმაზე დაფიქრდნენ, რამდენად შეგვიძლია არსებული მოწყობილობებით უცხოპლანეტური გზავნილების მიღება ან სამომავლოდ როგორი ტიპის კომუნიკაციის დამყარება შეგვეძლება.
ამ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, დღეს, 24 მაისს, თბილისის დროით 19:00 საათზე, ევროპის Trace Gas Orbiter (TGO) ზონდი მარსიდან დაშიფრულ შეტყობინებას გამოგზავნის, რომელსაც დედამიწის სამი დიდი რადიოტელესკოპი მიიღებს.
„ეს ექსპერიმენტი არის შესაძლებლობა, რომ მსოფლიომ გაიგოს, როგორ იმუშავებს არამიწიერი კომუნიკაცია, მთელი თავისი მრავალფეროვნებით. ასე მივხვდებით, როგორ შეგვეძლება გზავნილების მიღება, დამუშავება, გაანალიზება და გაშიფვრა“, — ამბობს ვაელ ფარა, Allen Telescope Array-ის (ATA) პროექტის მეცნიერი.
პროექტ A Sign in Space-ის ფარგლებში, ზონდიდან გზავნილის გამოგზავნას 16 წუთი დასჭირდება — მას ATA, Green Bank ტელესკოპი და Medicina-ს რადიოასტრონომიული სადგური მიიღებს. სწორედ აქ მომუშავე მკვლევრები გაშიფრავენ შეტყობინებას და შემდეგ საზოგადოებასაც წარუდგენენ. თუმცა თუ თქვენი ინტერესიც დიდია, შეგიძლიათ გაშიფვრაში ონლაინ ჩაერთოთ.