საქართველო-საბერძნეთის გადამწყვეტი მატჩის შემდეგ ფეხბურთის ყველა მოყვარული თუ არამოყვარული ბედნიერია. საქართველოს ეროვნული ნაკრები UEFA EURO 2024-ზე მოხვდა, რითაც ჩვენი ქვეყნისთვის ამ სპორტის ისტორია ახალი ფურცლიდან დაიწერა.
ქართველებმა ეს ამბავი განსაკუთრებული ზეიმით, ქუჩაში გამოსვლებითა და ვირუსულად გავრცელებული ვიდოებით აღვნიშნეთ, თუმცა ეს ისეთი სიახლეა, რომელიც, რა თქმა უნდა, უცხოურ მედიასაც არ გამორჩენია.
ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ ნაწყვეტებს ცნობილი გამოცემების სტატიებიდან. ერთად ვნახოთ, როგორ გააშუქეს საქართველოს მიერ კვალიფიკაციის მიღება CNN-მა, Reuters-მა და სხვა გამოცემებმა.
„საქართველომ ისტორია დაწერა”, – წერს Reuters, „გიორგი მამარდაშვილმა გადაარჩინა თავისი გუნდი საბერძნეთის დატყმებისგან პენალტების სერიაში. როდესაც მიქაუტაძემ კარს ააცილა ბურთი, ბერძნებს იმედი მიეცათ, თუმცა მატჩს გმირად ნიკა კვეკვესკირი მოევლინა, რომელმაც მარჯვენა ფეხის დარტყმით ბურთი ბადეში შეაგდო და გამარჯვება მოუტანა”.
Reuters ასევე ურთავს ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარს და ფეხბურთელს ქართველების თილისმას უწოდებს.
რა თქმა უნდა, ინფორმაცია გამოქვეყნდა თავად UEFA-ს გვერდზეც. „ქართული ფეხბურთი ძლიერდება”, – წერია სტატიაში, – „თბილისის მთავარ მოედანზე ზეიმია, რომელიც მრავალ გულშემატკივარს და თვითონ ფეხბურთელებსაც აერთიანებს. ეს ყველაფერი ერთად კი დიდ მიღწევას აღნიშნავს. ზოგიერთისთვის მათი მონაწილეობა EURO 2024-ზე შესაძლოა მოულოდნელი აღმოჩნდეს. თუმცა, ქართული ფეხბურთის ახლო დამკვირვებლები ამბობენ, რომ დიდ საფეხბურთო ტურნირზე ქართველების შესვლის დრო უკვე დიდი ხანია იყო”, – წერს UEFA.
„იყო სიხარულის ცრემლები, წვეულებები ქუჩებში და მოედანზე გულშემატკივრების შევარდნა, როდესაც ქართულმა ფეხბურთმა ისტორია დაწერა და კვალიფიკაცია მიიღო Euro 2024-ზე. მსოფლიოს ნომერმა 77-მა იცოდა, რომ სჭირდებოდა საბერძნეთის დამარცხება და საკმაოდ დრამატული თამაშიც გვიჩვენა. პენალტების სერიაში ნიკა კვეკვესკირმა შეცვალა ის პუნქტი, რომელიც მისი ქვეყნის ფეხბურთის ისტორიას ქმნის”, – წერს CNN.
„საქართველო იქნება ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანა ევრო 2024-ზე ამ ზაფხულს, მას შემდეგ რაც ტურნირზე პლეი-ოფის კვალიფიკაცია მიიღო. ვილი სანიოლის გუნდმა პენალტების სერიაში საბერძნეთი დაამარცხა. როდესაც გიორგი ლორია მოედნიდან გააძევეს, გერმანიაში მოხვედრის ოცნება თითქმის გვერდით გადაიდო, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა მოახერხეს პენალტების დარტყმა მას შემდეგ, რაც თამაში 0-0 დასრულდა დამატებითი დროის შემდეგ, – წერს EUROSPORT.
ეს ამბავი არც BBC-ს გამორჩენია. „საქართველომ ისტორია შექმნა, როდესაც ევრო 2024-ის პლეი-ოფში საბერძნეთთან პენალტების სერიაში პირველად მიაღწია დიდ ტურნირს. ნიკა კვეკვესკირმა ძალისხმევა არ დაიშურა, რომ საბერძნეთის ნაკრების მეკარის გაშლილი მკლავისთვის ბურთს გვერდი აევლო”, – წერს გამოცემა.
ასეთია უცხოური გამოცემების გამოხმაურება საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ბოლომდე იგივე სულისკვეთებით ვუგულშემატკივროთ გუნდს და ვაჩვენოთ, რომ „საქართველო ფორმაშია”!
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი