in

შეგვიძლია თუ არა გავაქართულოთ „ინფლუენსერი”, „ბრეინშტორმინგი” და სხვა სიტყვები? – ინტერვიუ ენის სპეციალისტთან

თანამედროვე ტექნოლოგიებმა და პროფესიებმა ბევრი ახალი ტერმინი შემოიტანა და დაამკვიდრა. მარკეტინგში, პროგრამირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში განსაკუთრებით ხშირად იყენებენ ასეთ სიტყვებს და ისინი იმდენად არის გავრცელებული, რომ ქართული სიტყვების გვერდითაც კი დავაყენეთ.

M2
M2

მაგალითად, იშვიათად კი არა, ვერსად გაიგებთ, ვინმემ „ინფლუენსერის” მაგივრად გამოიყენოს „გავლენიანი”, რადგან ჩვენს ცნობიერში სიტყვა „გავლენიანი” სხვა მნიშვნელობითაა ჩაბეჭდილი, ხოლო თანამედროვე გაგებით, ტერმინი „ინფლუენსერი” ნიშნავს ადამიანს, რომელსაც ჰყავს ბევრი გამომწერი სოციალურ ქსელებში, მის მიერ შემოთავაზებულ კონტენტს მაყურებელი ელოდება და შეუძლია, გავლენა იქონიოს მათ გადაწყვეტილებებზე. ასეთი მაგალითების მოყვანა კიდევ მრავლად შეგვიძლია, თუმცა ვამჯობინეთ, რომ კითხვებით ენის სპეციალისტისთვის მიგვემართა და მას უფრო კომპეტენტური პასუხები გაეცა. 

ლია ქაროსანიძე ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი და ტერმინთბანკის ერთ-ერთი შემქმნელია. ის დაგვეხმარება, გავარკვიოთ, თუ როგორ მუშაობს უცხო სიტყვების ენაში დამკვიდრების, ერთი შეხედვით, გაურკვეველი სისტემა და რეალურად, არის თუ არა შესაძლებელი ამ სიტყვების ჩანაცვლება.

M:  ვინ მუშაობს საქართველოში ენობრივ საკითხებზე და რამდენად მოწმდება ის პროფესიული ტერმინები, რომლებიც მკვიდრდება?

თქვენ რასაც მეკითხებით, ამას ეწოდება ტერმინოლოგიური პოლიტიკა, ანუ ტერმინოლოგიური მუშაობის მოწყობა (ინფრასტრუქტურა) ქვეყანაში, რომლის მიხედვითაც გამოკვეთილი იქნება ტერმინოლოგიურ მუშაობაზე პასუხისმგებელი სამეცნიერო ინსტიტუტი და მმართველი ორგანიზაცია, მაგრამ თუ ეს პოლიტიკა ჩამოყალიბებული არ არის, იქ ამ კითხვაზეც არ არსებობს პასუხი. ვინ მუშაობს? – ყველა, ვისაც აქვს სურვილი და თანხა. როგორ მკვიდრდება?  თქვენ როგორ ფიქრობთ, მკვიდრდება? სამწუხაროა, მაგრამ ეს ყველამ ვიცით, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, არ გვაქვს ნორმატიული დარგობრივი ტერმინოლოგიის ელექტრონული ლექსიკონი, რომელსაც დავეყრდნობით და გამოვიყენებთ, ვიპოვით ყველა კითხვის პასუხს.

ქვეყანას, რომელსაც ტერმინოლოგიური მუშაობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს, არსებობს ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ტერმინოლოგიური განყოფილება, სადაც სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით შეიქმნა ქართული დარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკონები, დღეს ეს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ, ცხადია, გვაქვს, რადგან 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე საქართველოში ვერ გადაწყდა, ვინ არის პასუხისმგებელი ორგანიზაცია. ლიეტუვამ  ეს საკითხი გონივრულად გადაწყვიტა, ენის ინსტიტუტის მუშაობის საბჭოთა სტანდარტები ჩაანაცვლა ევროპული სტანდარტებით, შექმნა ლიეტუვური ენის ეროვნული ტერმინთბანკი, რომლის მეშვეობითაც ლიეტუვური ენა ჩართულია საერთო ევროპულ ენობრივ სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან შევუდექით ქართული ტერმინთბანკის შექმნას, ჯერჯერობით სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში არ არსებობს ტერმინოლოგიური პოლიტიკა, ის მხოლოდ ინსტიტუტის მწირი სახსრებით ვითარდება. როცა გამოქვეყნდება ქართული დარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკონების ელექტრონული ბაზა, ქართული ტერმინთბანკი, მრავალ კითხვას გაეცემა პასუხი. 

M: აქვს თუ არა შესატყვისი გავრცელებულ ტერმინებს და რა პროცესთანაა დაკავშირებული მათი ჩანაცვლება ისე, რომ ოფიციალურად დამკვიდრდეს ქართული შესატყვისები?

არ არსებობს სიახლე, რომლის მიღება და გადმოღება ქართულმა ვერ შეძლოს – ეს იყო ჩვენი წინაპრების მთავარი სათქმელი საუკუნეების განმავლობაში, ქართულმა შეძლო მრავალფეროვანი მსოფლიო ლიტერატურის (მხატვრულის, ტექნიკურის) თარგმნა, გადმოტანა და ფიქრობთ, ახლა განსხვავებული ვითარებაა? არა, ცხადია. 

რატომ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგალითად, გონებრივი  იერიში ბრეინშტორმინგის ნაცვლად ან ბოლო ვადა დედლაინის ნაცვლად, ამოცანა –  თასკის ნაცვლად და ა.შ. აქ საყურადღებოა ისიც, რომ თითოეული ინგლისური სიტყვა თავისი ომონიმური მნიშვნელობით რამდენიმე ქართული სიტყვის ადგილს იკავებს და ამიტომაც დღეს ამ ვითარებას სხვაგვარი შესწავლა სჭირდება, ეს სამეცნიერო კვლევის საგანია. გავიმეორებ, ტერმინთბანკის არსებობა განაპირობებს ნებისმიერი ახალი სიტყვის (ნეოლოგიზმის) ჩანაცვლებას და მის საზოგადოებასთან ერთად განხილვას. თქვენთან ადრე ჩავწერეთ ინტერვიუ, რომელშიც ვისაუბრეთ ახალ სიტყვებზე  (შლაპუნა, ქუნთა, ბამბულა), აქ გამოჩნდა, რომ ქართველი საზოგადოება მზადაა სიახლეების მისაღებად. მთავარია, სამეცნიერო წრეები შევთანხმდეთ და ჩამოვაყალიბოთ ტერმინოლოგიური მუშაობის თანამედროვე და გამართული პოლიტიკა.

M: რა შემთხვევაში ვეძებთ ქართულ შესატყვისს უცხოური ტერმინისთვის და რა შემთხვევაშია მართებული მისი ორიგინალური ფორმით დატოვება?

ამ ბოლო დროს გაჩნდა ასეთი მოსაზრება: არც პურიზმი ვარგა და არც უცხო სიტყვების მოჭარბებულად გამოყენება, საჭიროა ბალანსის დაცვა. ქართულმა ენამ გაიარა ყველა ეტაპი, ქართული ტერმინოლოგიის ისტორია ძალიან საინტერესო საკვლევია ამ კუთხით: იყო ე. წ. პურისტული მიდგომაც,  საერთაშორისო სიტყვების მოჭარბებაც და „ბალანსიც“, რომელმა მიდგომამ რა მოუტანა ენას, რა შესძინა, რა დააკარგვინა, ამას სჭირდება პასუხის გაცემა, გაანალიზება და მიდგომების ჩამოყალიბება. პირადად ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით ასეთია: ქართული ძირებით, სიტყვებით ტერმინთშემოქმედებაზე მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე არ არსებობს, ტერმინოლოგია ქართული ენის ხვალინდელი დღეა, დღევანდელი ტერმინები მომავალი თაობებისთვის ჩვეულებრივ სიტყვებად იქცევა.  ინდოევროპული ენებიდან ბერძნულ-ლათინური ძირების უცვლელად გადმოტანა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ქართული ტერმინთშემოქმედების განვითარება. როგორც ყველა სახის შემოქმედებას, ტერმინთშემოქმედებასაც  მეტი თავისუფლება და სილაღე სჭირდება. უნდა გასცდეს ქართველი საზოგადოების ტერმინოლოგიური განსწავლულობა დენცქვიტასა და ყელფანდურზე ქირქილის დონეს. მეტია საჭირო, ჩვენ ციფრულ ეპოქაში ვართ და გასული საუკუნის არასწორი მიდგომები აქ არ გამოგვადგება. ძველისა და ტრადიციულისგან მხოლოდ კარგი უნდა გადმოვიღოთ.

M: თქვენი აზრით, ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა: ინფლუენსერი და ა.შ. აქვს იმის შანსი, რომ შეიცვალოს? ისინი ხომ უკვე გამჯდარია საზოგადოების ცნობიერებაში?

ნებისმიერი სიტყვის ჩასანაცვლებლად აუცილებელია რამდენიმე სამუშაოს შესრულება, უნდა ვნახოთ, როგორ გადაიღეს სხვა ენებში, განსაკუთრებით არაინდოევროპულ ენებში, სხვების გამოცდილება მნიშვნელოვანია. ასევე უნდა მოვიძიოთ ქართულ ტერმინოლოგიურ მასალაში შესაფერისი სიტყვა, შევთავაზოთ საზოგადოებას, განვიხილოთ მათთან ერთად. ეს არის ერთადერთი სწორი გზა. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ვერ მოვერევით ისეთ სიტყვას, რომელიც უკვე დამკვიდრებულია, არ ვეთანხმებით. ეს არ არის სირთულე, რადგან ასეთი სიტყვების ჩანაცვლების ბევრი მაგალითი გვაქვს ქართული ენის ისტორიაში. 

M: რაც დრო გადის, თანამედროვე ტერმინები, ძირითადად, ინგლისური ენიდან შემოსული, დამახინჯებული ფორმებით ვრცელდება ენაში და მათ ქართული სიტყვების გვერდით ვკითხულობთ. თქვენი აზრით, რა პროცესები უნდა დაიძრას ამის შესაჩერებლად?

გეთანხმებით, რომ, ზოგადად, მძიმე მდგომარეობაა, რომელსაც ბევრი გლობალიზაციით ამართლებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქართულ ენას ამდენი შესაძლებლობა არ აქვს. სამწუხაროდ, ბევრს არასწორად ესმის  გამოთქმა –  “ენა ცოცხალი ორგანიზმია”. დიახ, ენა ცოცხალი ორგანიზმია და მას მეტი მოვლა, ზრუნვა და თავისუფლება სჭირდება, თავის ნებაზე მიშვებულ ენას ემართება ის, რაც ქართულს დაემართა შუა საუკუნეებში, როცა შემოიჭრა უამრავი აღმოსავლური სიტყვა და ქართული სიტყვები ჩაანაცვლა. მცდარია  მოსაზრება, რომ ენას არ სჭირდება მართვა. ვინც ამას ამბობს, სამწუხაროდ, არ იცნობს ტერმინოლოგიური მუშაობის ისტორიას.

M: რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ენათმეცნიერებთან ერთად თავად ამ სფეროს წარმომადგენელმაც იმუშაოს შესატყვისის პოვნაზე?

აკადემიური, ნორმატიული ტერმინოლოგიური ლექსიკონი სხვაგვარად არც იქმნება. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიურ განყოფილებაში ტერმინოლოგიურ ლექსიკონებზე ყოველთვის ერთად მუშაობდნენ ენათმეცნიერები, მათემატიკოსები, ფიზიკოსები, მეტალურგები, მშენებლები, ავიატორები…ტერმინოლოგია ძალიან მძიმე, თუმცა საინტერესო სამუშაოა. ინსტიტუტში ყოველ წელს იმართება ტერმინოლოგიური კონფერენციები, რომლებშიც ერთად ვმონაწილეობთ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. ეს გუნდურ სპორტს ჰგავს. გუნდურ სპორტში კი მხოლოდ ერთობლივ ძალისხმევას მოაქვს შედეგი.  

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ გავაუმჯობესოთ კონცენტრაციის უნარი და ვიპოვოთ მოტივაცია?

გამოიყენეთ ექსპერიმენტები ჯანდაცვის უკეთესი პირობების შესაქმნელად