in

uCraft.io-ის გენერაციული AI ქართული მარკეტინგული კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ

Startauperi
Startauperi

კონტენტის შექმნისთვის ბევრ მცირე ბიზნესს ხშირად არ ჰყოფნის დროითი და ფინანსური რესურსები. AI-ის გამოჩენამ კი მნიშვნელოვნად შეცვალა მოცემულობა. სწორედ ამ გარემოებამ გადააწყვეტინა მარკეტერ არტიომ ანანოვს, შეექმნა უნივერსალური პლატფორმა uCraft.io, რომელიც მომხმარებელს დროსა და ფინანსების არქონის ფონზე, მარკეტინგული კონტენტის პრობლემას მოუგვარებდა. იდეის გარშემო დეველოპერი მეგობრები შემოიკრიბა და უკვე წელიწადი და სამი თვეა, საკუთარი რესურსებითა და უსაზღვრო ენთუზიაზმით უძღვებიან პროექტს.

მიზნად დაისახეს, რომ კრეატორებისთვის კონტენტის ქართულ ენაზე შექმნის შესაძლებლობა შეექმნათ. შემდეგ, მეტი პოტენციალი დაინახეს და მცირერესურსიან ენებზე ფოკუსირდნენ. ეს ნიშნავს, რომ პლატფორმას ქმნიან პირველ რიგში იმ ქვეყნების აუდიტორიისთვის, რომელთა მშობლიური ენაც არაა პოპულარული და სადაც კონტენტის შექმნისას ვერ სარგებლობენ საერთაშორისო AI ხელსაწყოებით. მაგალითად, ასეთ ენებს მიეკუთვნება ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, ყაზახური და ა.შ.

დღესდღეობით, uCraft-ს უკვე აქვს უფასო და ფასიანი ფუნქციონალი. ღირებულებაში შედის სხვადასხვა კომბინაცია – პოსტებისა თუ სტატიების რაოდენობის მიხედვით. ასევე, სპეციალურად თქვენი მკითხველისთვის შეიქმნა პრომოკოდი MARKETER, რომლის გამოყენების შემთხვევაში 10%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ სარგებლობა და უფრო მეტი რესურსით ისარგებლებენ.

„თავდაპირველად, საკმაოდ რთული იყო, არამხოლოდ ტექნოლოგიური თვალსაზრისით. პლატფორმას არ უნდა შეექმნა უბრალოდ კონტენტი, არამედ, მარკეტინგულად მოერგო კრეატორის საჭიროებებზე. ეს შემდეგი პრინციპით გადავჭერით – SEO ტექნოლოგიაში არის ალგორითმები, რომლებსაც Google და სხვა საძიებო სისტემები ითვალისწინებენ ვებგვერდების დარანკვისას. ჩვენს პლატფორმაზე ჩაშენებულია ყველა ის ალგორითმი, რომელსაც   Google და სოციალური პლატფორმები ითვალისწინებენ. uCraft-ზე ამ ალგორითმებით ხდება კონტენტის გენერირება, შესაბამისად, თავსებადია იმ პლატფორმებთან, სადაც ის შემდგომ განთავსდება მარკეტინგული მიზნებისთვის,“ – გვიამბო იდეის ავტორმა არტიომ ანანოვმა.

M: რა ინსაითზე დაყრდნობით შეიქმნა uCraft.io?

მომხმარებლის პრობლემა მაშინ დავინახე, როდესაც პირადად დამჭირდა AI გენერატორების გამოყენება და მათ არ ჰქონდათ ქართული ენის მხარდაჭერა. მეორე მხრივ, შესაბამისი სერვისის შექმნით დიდი პოტენციალის მქონე სტარტაპის შექმნა შეგვეძლო. საწყის ეტაპზე, ჩავატარეთ ბეტა-ტესტირება მომხმარებლებთან და მათგან მოვისმინეთ უკუკავშირი, როგორი ტიპის კონტენტი ესაჭიროებოდათ და სწორედ ამაზე დაყრდნობით ჩამოვაყალიბეთ პლატფორმა დღევანდელი სახით.

იდეის გარშემო ჩემი მეგობარი პროგრამისტები ენთუზიაზმით გაერთიანდნენ. თავდაპირველად, ეს პროექტი ჰობის სახით გვქონდა და სხვა საქმეებთან პარალელურ რეჟიმში ვაკეთებდით, თუმცა როდესაც მოვიკვლიეთ და დიდი მოთხოვნა დავინახეთ, სრულყოფილად გადმოვერთეთ uCraft-ის შექმნაზე.

M: რამდენად მოგებიანია, როგორც ბიზნესი?

ბიზნესის თვალსაზრისითაც აქვს კარგი პერსპექტივა. ამას ადასტურებს ისიც, რომ სულ ცოტა ხანია ჩავეშვით და უკვე 250 მომხმარებელი იყენებს აქტიურად ჩვენს სერვისს.

გამომდინარე იქიდან, რომ ამიერკავკასიის მომხმარებელი მეტ-ნაკლებად მსგავსი ქცევით ხასიათდება, ამიტომ ვფიქრობთ პლატფორმა აზერბაიჯანსა და სომხეთშიც მოთხოვნადი იქნება და მცირე რესურსიანი ენების მქონე სხვა ქვეყნებშიც. პირველ რიგში, საქართველოზე ვართ კონცენტრირებულები. ჯერ აქ შევისწავლით ბაზარს, მომხმარებლის საჭიროებებს და შემდეგ გადავალთ ექსპანსიაზე.

M: რა ფუნქციონალით შეუძლია მომხმარებელს სარგებლობა?

ამ ეტაპზე, ექვსი ძირითადი ინსტრუმენტი გვაქვს წარმოდგენილი. სოციალური მედიის გენერატორით პოსტების ქოფისა და დიზაინის შექმნა/რედაქტირება შეგიძლიათ. მეორე ინსტრუმენტია სტატიების გენერატორი – მომხმარებელი აძლევს ბრძანებას სასურველ თემატიკაზე, გენერატორი კი 4 სავარაუდო სტრუქტურას სთავაზობს და არჩევანის შესაბამისად გენერირდება SEO-ოპტიმიზებული სტატია. ასევე, საკმაოდ პოპულარულია Ucraft Translate, რომელიც Google Translate-ზე სამჯერ ეფექტურად თარგმნის ტექსტს – კარგად ესმის კონტექსტი, გამოთქმა და ენაზე მორგება უკეთ გამოსდის. გვინდა, ეს ხელსაწყო უფასოდ შევთავაზოთ მომხმარებლებს, რათა Google-ის ნაცვლად შეძლონ გამოყენება. კიდევ ერთი ფუნქციონალია Email ტექსტების, SMS და პროდუქტის აღწერის გენერატორი.

გვაქვს Enterprise პაკეტი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია API-ის გაზიარება კომპანიებისთვის, რათა ჩვენი ინსტრუმენტები თავიანთ პლატფორმებზე ჩააშენონ და საკუთარ ინტერფეისში გამოიყენონ.

მაგალითად, კომპანიას შეუძლია ჩააშენოს ჩვენი SMS გენერატორი საკუთარ ინტერფეისში. ჩვენი AI გააანალიზებს ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ, მარკეტინგული თვალსაზრისით და თითოეულისთვის პერსონალიზებულ ტექსტს შექმნის. ეს ხელსაწყოები არაა ადამიანური კრეატივის შემცვლელი, არამედ დამხმარე საშუალებაა, რათა უფრო ეფექტურად მისწვდეთ სამიზნე აუდიტორიას.

ბევრი მომხმარებლის თხოვნით, ვმუშაობთ მეშვიდე ფუნქციონალის დამატებაზე, რომლის საშუალებითაც, თქვენი კომპანიის Facebook გვერდის ანალიზის საფუძველზე, Ucraft კონტენტის გეგმას (პოსტების რაოდენობის შესაბამისად) შესთავაზებს მომხმარებელს, მისცემს რედაქტირებისა და წინასწარი დაგეგმვით განთავსების შესაძლებლობას. ეს კონტენტის ავტომატიზებულად შექმნაში დაეხმარება ბიზნესს.

M: გენერაციული AI-ის გამოყენებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია მის მიერ მოძიებული ინფორმაციის სანდოობა. როგორაა ეს უზრუნველყოფილი uCraft-ზე?

პირველ რიგში, გვაქვს სპეციალური ფორმები შესავსებად, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი დამატებით ინფორმაციას აწვდის პლატფორმას, რათა შესაბამისი კონტენტი დაგენერირდეს. რისკი მაინც არსებობს. მასთან გასამკლავებლად და სანდო ინფორმაციის მოსაძიებლად, Perplexity.ai-ის გამოყენებას ვგეგმავთ.

M: როგორ არის გათვალისწინებული ენობრივი თავისებურებები?

ჩვენს ბექში გათვალისწინებულია, რომ ეს კონტენტი იქმნება ქართული აუდიტორიისთვის და ტექსტის შექმნისას საჭიროა ქართული რეალობის გათვალისწინება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ დავწერეთ EURO 2024-ზე, რაზეც ხელოვნურ ინტელექტს ინფორმაცია წესით არ უნდა ჰქონოდა, თუმცა საკმაოდ აქტუალური  სტატია დააგენერირა.

M: როგორი ითვალისწინებს Ucraft სფეროების სპეციფიკურ თავისებურებებს კონტენტის გენერირებისას?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ მიზნით, ჩვენ ვქმნით მექანიზმს, სადაც მომხმარებელს შეეძლება აღწეროს საკუთარი საქმიანობა, ინსტრუქციები, ბმულები, რაც პლატფორმამ უნდა გაითვალისწინოს კონტენტის შექმნისას. ჩვენი ტექნოლოგია ავტომატურად გააანალიზებს კონტენტს და მიხვდება, რა მიმართულებით წეროს ტექსტები. დავალების სწორად მისაცემად კი, მომხმარებელს სპეციალური კითხვარის შევსება შეეძლება.

M: სტარტაპი საკუთარი ძალებით წამოიწყეთ. როგორ მიდის მისი განვითარება, რესურსების მოძიების თვალსაზრისით?

ამ პროექტზე მუშაობის დაწყებისას, გუნდში ექვსი ენთუზიასტი ვიყავით. მალევე მივხვდით, რომ სწორი დეველოპმენტის გარდა, სწორი სანაცნობო წრეც გვჭირდებოდა – ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებებში დაგვეხმარა. ამ მიზნით, შემოგვემატა მრჩეველი, ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა პროექტის განვითარებაში. შედეგად მივიღეთ ის, რომ Ucraft-ის გარდა სხვა პროექტებისთვისაც დაგვჭირდა დეველოპერების ჩართვა. ამ მიზნით, დავიწყეთ სტაჟირების პროგრამა დეველოპერებისთვის. ეს ადამიანები გვეხმარებოდნენ გარკვეული ამოცანების შესრულებაში. ახლა უკვე გუნდის სრულყოფილი წევრები არიან: მაკო დოლიძე, ნინო ზურაშვილი, ლუკა ნოზაძე, მიშკა მურაჩაშვილი და ერთი ოჯახივით ვართ გაერთიანებულები.

მართალია, ჩვენი რესურსებით ყველაფერს ვუმკლავდებით, თუმცა კარგი ბიძგი იქნებოდა დამატებითი რესურსების მოპოვება. ამიტომ, პერიოდულად ვმონაწილეობთ საგრანტო პროექტებში, დაფინანსების მოსაპოვებლად.

M: გუნდის გამოცდილებაზე გვესაუბრე…

შვიდ წელზე მეტია, მონაცემებზე ორიენტირებული მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობ. ამ მიმართულებით ვმუშაობდი საკმაოდ ბევრ კომპანიაში. საქმიანობის მესამე წელს დავაარსე საკუთარი  – მარკეტინგული სააგენტო Marketing Solutions Georgia. შემდეგ, სხვა პროექტებზე გადავინაცვლე, Smartsolution.ai-ის ფარგლებში.

რაც შეეხება ჩვენს დეველოპერულ გუნდს, საკმაოდ გამოცდილი ადამიანები არიან გაერთიანებული. მაგალითად ჩვენი ტექნიკური დირექტორი გიორგი იოსელიანია – ბექ-ენდ დეველოპერი, საბანკო გამოცდილებით. დეველოპმენტის ხელმძღვანელი ნიკა კასრაძე მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Space International, TBC, ირაკლი კვერენჩხილაძემ – ფრონტ-ენდის ლიდერმა – Epam-სა და CERN-ში დააგროვა გამოცდილება, ლევან კუპრავა – პროექტების მენეჯერია, მიხეილ იოსელიანი – კრეატივ დირექტორია, 5+ წლიანი გამოცდილებით კრეატიული კონტენტ მენეჯმენტში.

M: რა იყო ყველაზე რთული ეტაპი uCraft-ის შექმნის პროცესში?

გამოწვევა იყო კონტენტის მორგება ადგილობრივ აუდიტორიაზე. ძალიან რთულია შექმნა ისეთი ტიპის კონტენტი, რომელიც ყველა მომხმარებელს დააკმაყოფილებს. სხვადასხვა კომბინაციით ვცდილობდით, ისეთი უნივერსალური ფორმულა გვეპოვა, რომ მეტნაკლებად ყველასთვის ყოფილიყო ოპტიმალური გამოსავალი. ეს პროცესი საკმაოდ გრძელვადიან ძიებას, მომხმარებელთან კომუნიკაციას, მათი უკუკავშირის ანალიზსა და განახლებას მოიცავდა.

M: როგორც ახსენე, uCraft მცირე რესურსიან ენებზეა მორგებული. როგორია სტარტაპის პერსპექტივა, ექსპანსიის თვალსაზრისით?

ჩვენი Roadmap-დან გამომდინარე, გვინდა კიდევ უფრო კარგად შევისწავლოთ ლოკალური ბაზარი, რის შემდეგაც, საორიენტაციოდ 6-7 თვეში, გვინდა გავიდეთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე, სადაც გვეყოლება დამხმარე ადამიანები კონტენტისა და დეველოპმენტის კუთხით. მომდევნო ეტაპზე, უზბეკეთსა და ყაზახეთში ვაპირებთ გასვლას. სამომავლოდ, დიალექტური ენების ათვისებასაც ვგეგმავთ.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Considering What? — კამპანია პარაოლიმპიელებზე არსებულ არასწორ წარმოდგენებს უპირისპირდება

Paramount-მა ახალი ლოგო წარადგინა