არსებობს თეორია, რომლის თანახმადაც, უკიდურესად განვითარებულმა უცხოპლანეტელთა ცივილიზაციამ „ჭიის ხვრელების სატრანსპორტო ქსელი“ შექმნა მთელ სამყაროში. ჩვენ კი მათი აღმოჩენაც შეგვიძლია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსაზრება საკმაოდ ფანტასტიკურად ჟღერს, მან რამდენიმე მეცნიერის ყურადღება მაინც მიიპყრო. მაგალითად, ავიღოთ ნაგოიას უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ფუმიო აბე… მას თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, ასეთი ქსელის მტკიცებულებას არსებულ დაკვირვებებშიც მივაგნოთ — თუმცა პრობლემა ის არის, რომ მინიშნებებს „მონაცემთა ზღვაში“ ვკარგავთ. ამიტომაც, განმეორებითი ანალიზებია საჭირო.
„თუ ჭიის ხვრელების ყელის რადიუსი 100-დან 10 მილიონ კილომეტრამდეა, დაკავშირებულია ჩვენს გალაქტიკასთან და ისეთივე გავრცელებულია, როგორც ჩვეულებრივი ვარსკვლავები, აღმოჩენის მიღწევა შესაძლებელი იქნება წარსული მონაცემების ხელახალი ანალიზით“, — განმარტავს აბე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის მიმზიდველი თეორია, რომელიც კიდევ ერთ გზას გვთავაზობს, ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ, მარტოები ვართ თუ არა ადამიანები ამ სამყაროში.

რაც შეეხება ჭიის ხვრელებს, ეს არის თეორიული გვირაბები — ორი ბოლოთი, დროისა და სივრცის სხვადასხვა წერტილში. სამწუხაროდ, ჯერ იმის მტკიცებულებაც კი არ გვაქვს, შეუძლია თუ არა ასეთ მოცემულობას რეალურად არსებობა… რომ აღარაფერი ვთქვათ უცხოპლანეტელთა მიერ მის სატრანსპორტო გზად გამოყენებაზე.
„თავისი ბუნებით, არასტაბილურ ჭიის ხვრელებს „საწინააღმდეგო გრავიტაციის მქონე ობიექტი“ ესაჭიროება, რათა თითოეული ბოლო ღია იყოს. და ამავდროულად, ენერგია, რომელიც ეკვივალენტურია გალაქტიკის ვარსკვლავების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ გამოსხივებული ენერგიისა. თუ უცხოპლანეტელები ჭიის ხვრელების ქსელს შექმნიდნენ, მის აღმოჩენაა გრავიტაციული მიკროლინზირების გამოყენებით შევძლებდით“, — ამბობენ მეცნიერები.
ეს მეთოდი წარსულში გამოიყენებოდა ათასობით შორეული ეგზოპლანეტისა და ვარსკვლავის გამოსავლენად — კერძოდ, იმის დადგენის გზით, თუ როგორ არღვევენ ისინი სინათლეს. შეიძლება თუ არა მისი გამოყენება ჭიის ხვრელების აღმოსაჩენად, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.
ჭიის ხვრელების კონცეფცია მიმზიდველი პერსპექტივაა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ისინი სივრცისა და დროის უზარმაზარ მონაკვეთებში მოგზაურობის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა ჯერჯერობით ეს მხოლოდ ფანტასტიკურ თეორიად რჩება.











