ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიფიქრიათ, თუ ამდენი გალაქტიკა, ვარსკვლავი და პლანეტაა სამყაროში, სად არიან უცხოპლანეტელები და რატომ არასდროს გვსმენია მათგან? ამ კითხვებმა მეცნიერებს ახალი საფიქრალი გაუჩინა — რამდენ ხანს მოგვიწევს ლოდინი, ვიდრე უცხო ცივილიზაციები დაგვეკონტაქტებიან?
მათი პასუხი ასეთია: 400 000 წელი. ეს ნამდვილად არ არის იმედისმომცემი ვადა მათთვის, ვისაც უცხოპლანეტელებთან „საუბარი“ სურთ… ამ პასუხამდე მეცნიერები რამდენიმე ახალი კვლევის შედეგად მივიდნენ.
„უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არამიწიერი ცივილიზაციის შესახებ ბევრი კვლევა ჩატარდა. როგორც ერთადერთი მოწინავე ინტელექტუალური ცივილიზაცია დედამიწაზე, ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი კითხვაა არის თუ არა ჩვენი არსებობა უნიკალური“, — ამბობენ ავტორები.
რა თქმა უნდა, ძალიან დამაბნეველია სხვა ცივილიზაციების არსებობის კვლევა, რადგან მონაცემთა მხოლოდ ერთი წერტილი გვაქვს: ადამიანები დედამიწაზე. „ყოველთვის გვინდოდა გაგვეგო, რამდენი გონიერი ცივილიზაციაა ირმის ნახტომის გალაქტიკაში. ეს გამოწვევებით სავსე კითხვაა, რადგან ერთადერთი რეალური მაგალითი, რომელსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ, ისევ და ისევ ჩვენ ვართ“.
სწორედ აქ ჩნდება დრეიკის განტოლება, რომელიც ცდილობს შეაფასოს, რამდენი გონიერი ცივილიზაციის არსებობაა დასაშვები. თუმცა ბევრმა კრიტიკოსმა აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი ცვლადების ცდომილებას ვერ გამორიცხავს. ამიტომაც, იგი სააზროვნო ექსპერიმენტი უფროა, ვიდრე რეალური გამოთვლა.
კვლევის ფარგლებში მეცნიერები ორ ფაქტორზე ფოკუსირდნენ, რომელთაგან ორივე ცუდად არის შესწავლილი… პირველი ეხება იმას, თუ რამდენი მყარი პლანეტაა სიცოცხლისთვის თავსებადი და არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ იქ მობინადრე არსებები განვითარებულ ცივილიზაციებად იქცევიან. ხოლო მეორე იმის გაგებას ემსახურება, მშობელი ვარსკვლავის ევოლუციის რა ეტაპზეა ეს მოსალოდნელი.
ჩატარებულმა სიმულაციებმა 2 შედეგი გამოკვეთა. მიღებული შედეგების მიხედვით, ვარსკვლავს სიცოცხლის 25% უნდა ჰქონდეს გავლილი, ხოლო თითოეულ ეგზოპლანეტაზე გონიერი ცივილიზაციის გაჩენის შანსი 0,1%-ია. შესაბამისად, მათი რაოდენობა 42,000 გამოდის და რომელიმესთან ორმხრივი კავშირის დასამყარებლად 2 000 წელი დაგვჭირდება. ხოლო უფრო პესიმისტური სცენარით, წლების რაოდენობა 400 000-მდე იზრდება.











