in

Udemy – პლატფორმა ხარისხიანი განათლების მსურველებისთვის, რომლის იდეაც სკოლის მოსწავლის ენთუზიაზმით დაიწყო

განათლებას ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ღირებულება აქვს. მისი აქტუალობა უცვლელი რჩება წლების განმავლობაში და ძნელია, ვივარაუდოთ, რომ ოდესმე ამ პოზიციას დაკარგავს. თუმცა განათლების მიღება მარტივი საქმე არაა და ხშირად ბევრ ადამიანს ექმნება პრობლემა ამის გამო. 

istoriebi
istoriebi

თანამედროვე ტექნოლოგიებმა საშუალება მოგვცა, წვდომა მიგვეღო ხარისხიან განათლებაზე. სწავლის მსურველებს შეუძლიათ თავიანთ დროსა და ფინანსებზე მოირგონ ცხოვრება. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია Udemy – ონლაინ კურსების ციფრული არხი.

რა არის Udemy

Udemy არის EduTech კომპანია, რომელიც ხელს უწყობს თავის მომხმარებლებს, შეისწავლონ სასურველი კურსები ონლაინ. ის ფოკუსირებულია როგორც საბაზისო უნარების შეძენაზე, ისე საგნის პროფესიულად და სიღრმისეულად შესწავლაზე. პლატფორმას დაახლოებით 13 კატეგორია აქვს, რომლებიც ქვეკატეგორიებსაც მოიცავს. მასზე განთავსებულია უამრავი საჭირო კურსი, რომლებიც ადამიანებს სხვადასხვა პროფესიის დაუფლებაში ეხმარება.

გზა Udemy-მდე

Udemy დაარსდა 2010 წელს ერენ ბალის, გაგან ბიიანის და ოქტაი კაგლარის მიერ. სკოლაში სწავლის პერიოდში ერენ ბალი ძალიან მეგობრობდა კომპიუტერთან და ბევრ ინფორმაციას სწორედ ინტერნეტის დახმარებით იგებდა. ამ რესურსის გამოყენებით მან იმდენად კარგად ისწავლა მათემატიკა, რომ თურქეთში მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადებშიც კი მოიგო. 2000-იანი წლების შუა პერიოდში ის ვებდეველოპერად მუშაობდა, თუმცა კლიენტებთან ურთიერთობის პარალელურად პირადი პროექტითაც იყო გატაცებული. 2007 წელს მან შექმნა პროგრამა, სადაც ვირტუალური აუდიტორია ეყოლებოდა.

ბალიმ ამ იდეის პოტენციალი დაინახა და დაიწყო სახსრების დაზოგვა, რათა გადაეტანა თავისი ოპერაციების ბაზა „სილიკონ ველიში”. მან თავისი იდეები მეგობრებს, გაგან ბიიანისსა და ოქტაი კაგლარს გაუზიარა. მათაც დაიწყეს ერთობლივად მუშაობა და პარალელურად, ინვესტიციების მოზიდვაზე ფიქრი. 

გზა წარმატებამდე

საგულისხმოა, რომ პარტნიორები 30-ჯერ წარდგნენ ინვესტორების წინაშე და ვერცერთხელ ვერ მოახერხეს ინვესტორების ინტერესის მოპოვება. მათ საკუთარი სახსრებით დაიწყეს პლატფორმის განვითარება და ჩაშვების შემდეგ, რამდენიმე თვეში, 1 მილიონი დოლარის მოპოვება მოახერხეს. მოგვიანებით მათ დაეხმარნენ Groupon-ის ინვესტორები, ერიკ ლეფკოვსკი და ბრედ კეიველი წარმატებული კომპანიისთვის დამატებითი კაპიტალის მოზიდვაში.

Udemy-ს ბიზნეს მოდელი

Udemy-ის ბიზნეს მოდელი ყოველი კურსის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს ეყრდნობა. საკომისიო მერყეობს 3-დან 75 პროცენტამდე, იმისდა მიხედვით, თუ როგორ შენაძენს გააკეთებს მომხმარებელი. ამას გარდა, კომპანიას ჰყავს გამომწერები, რომლებსაც საშუალებას აძლევს, მომენტალური წვდომა ჰქონდეთ პლატფორმაზე განთავსებულ კონტენტზე.

Udemy-ის ამჟამინდელი ღირებულება 2 მილიარდი დოლარია. პლატფორმის წამყვანი ინვესტორები არიან Insight Partners, იაპონური საგანმანათლებლო გამომცემელი Benesse Holdings, Stripes, Norwest Venture Partners და სხვა.

პლატფორმას აქვს კიდევ უფრო მეტად გაზრდის პოტენციალი, რადგან მისი ზრდის ტემპი არ იკლებს, პირიქით, იმატებს. მსოფლიოში, სადაც განათლების როლი ძალიან მაღალია, ხელმისაწვდომი განათლების შესაძლებლობა კი ყველას არ ეძლევა, მსგავსი პლატფორმის არსებობა ძალიან ბევრს ნიშნავს. პატარა თურქულ სოფელში გაზრდილი დამფუძნებლის იდეამ, ხარისხიანი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო გაამართლა და ბევრი ადამიანის მოტივატორად იქცა.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ქალები, რომლებმაც ტექნოლოგიური სამყარო გარდაქმნეს

Mercedes-Benz-ის ახალი რეკლამა ქალების მიღწევებზეა ფოკუსირებული