in

უძრავი ქონების შეძენის ტენდენციები !

უძრავი ქონების შესყიდვა ფულის დაბანდების ერთ-ერთი საშუალებაა. ის განსაკუთრებით პოპულარული ხდება სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში.

„ეისითი“ დაინტერესდა, თუ როგორია დღესდღეობით თბილისელთა ქცევის ტენდენციები და პრეფერენციები უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რაც უდავოდ გავლენას ახდენს როგორც უძრავი ქონების ბაზრის აქტიურობაზე, ასევე მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე.

 „ეისითის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მომავალი 1-2 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონების შეძენას თბილისის მოსახლეობის 16% გეგმავს. საგულისხმოა, რომ ამ მხრივ შედარებით უფრო მოთხოვნადი სწორედ საცხოვრებელი ფართის – კორპუსის ბინის ან კერძო სახლის შეძენაა.

udzravi qoneba kvleva 1

რაც შეეხება უძრავი ქონების ადგილმდებარეობის პრეფერენციებს, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ უძრავი ქონების შეძენის კუთხით ყველაზე მოთხოვნადი უბანი საბურთალოა (30% მათგან, ვინც გეგმავს უძრავი ქონების შეძენას, დაინტერესებულია ამ უბნით). საინტერესოა, რომ ზოგადად ცენტრალური და/ან ეგრეთწოდებული „პრესტიჟული“ უბნები ნაკლებ პრიორიტეტულია და თბილისელები უფრო მეტად ისეთ უბნებში ანიჭებენ უპირატესობას უძრავი ქონების შეძენას, როგორებიცაა დიდუბე (მათ შორის დიღმის მასივი), თბილისს გარეთ არსებული უბნები და ნაძალადევი.

miniature kvleva udzravi qoneba

საინტერესოა, რომ უძრავი ქონების პოტენციური მყიდველები უპირატესობას ანიჭებენ უძრავი ქონების მათთვის ნაცნობ უბანში შეძენას – სადაც ცხოვრობენ; უბანში, რომელიც მათთვის ნაცნობია, ან სადაც მათი ახლობლები ცხოვრობენ. გარდა ამისა, კონკრეტული უბნის ეკოლოგიური მდგომარეობა და სამსახურთან/სასწავლო დაწესებულებასთან სიახლოვეც უბნის შერჩევის საკმაოდ გავრცელებულ ფაქტორს წარმოადგენს.

 და ბოლოს, უძრავი ქონების პოტენციურ მყიდველებს ძირითადად წარმოადგენენ 25-44 წლის დაოჯახებული მამაკაცები, რომლებიც დასაქმებულები არიან, როგორც დაქირავებული მუშაკები და რომელთა შემოსავალი აღემატება 500 ლარს.

 გამოკითხვა ჩატარდა 417 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2014 წლის ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.84%-ს.

 გამოკითხვა ჩატარდა ექსკლუზიურად ინტერნეტ ჟურნალისთვის „მარკეტერი“. მესამე პირის მიერ აღნიშნული გამოკითხვის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში ამის აღნიშვნა სავალდებულოა.

“Airbnb”-მ ბერლინის კედელი დაანგრია!

არასოდეს დაგუგლო! ეწვიე ექიმს!