ალბათ, არაერთი ადამიანის კარიერაში დგება მომენტი, როცა საოცნებო სამუშაოს სთავაზობენ წამყვან კომპანიაში. ერთის მხრივ, ეს ძალიან ამაღელვებელი და შთამბეჭდავია… თუმცა ხშირად არსებობს ერთი არასასიამოვნო დეტალი – როდესაც ამ სამსახურის გამო ქვეყნის შეცვლა უწევს პიროვნებას. ეს განსაკუთრებულ დისკომფორტს Covid-19-ის პანდემიის შემდეგ ქმნის, როცა უკვე ცხადი გახდა, რამდენად აფასებენ დასაქმებულები მოქნილობას.
Morning Consult-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 87%-ს მოქნილობის შენარჩუნება სურს, 33% უარს ამბობს ისეთ დამსაქმებელთან მუშაობას, რომელიც მათ სამუშაო ადგილზე მუდმივად ყოფნას მოითხოვს და თითქმის 50% სამსახურიდან წამოსვლას განიხილავს ნაწილობრივ ვირტუალური მუშაობის შესაძლებლობის არ არსებობის შემთხვევაში. აშკარაა, სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ახალ ინტეგრაციას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სამუშაო ადგილის მომავალზე.
სტატიაში მოცემულია სიუზან პეპერკორნის რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა მოითხოვოთ ჰიბრიდული ან სრულად დისტანციური მუშაობა დამსაქმებლისგან.
შეხედეთ დამსაქმებლის პერსპექტივით
ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის დაფიქრება არა მხოლოდ იმაზე, თუ თავად რას მიიღებთ სახლიდან მუშაობისას… არამედ იმაზეც, რა სარგებელს მოუტანს ეს თქვენს დამსაქმებელს. დასაქმების მენეჯერის პერსპექტივის გათვალისწინებით, ასეთი ტიპის მოლაპარაკება, შესაძლოა, მომგებიანად იქნას განხილული.
ამასთან დაკავშირებით სიუზან პეპერკორნი, კარიერული ცვლილებების მრჩეველი, თავისი კლიენტის მაგალითს გვთავაზობს. მან ჯულიას (პირობითად) ურჩია, აღენიშნა, რომ სახლიდან მუშაობა უარყოფითად არ იმოქმედებდა კოლეგებზე. ამასთან, ხაზი გაესვა იმაზე, თუ რამდენად მოიმატებს მისი პროდუქტიულობა და ეფექტურობა, რაც მთელ კომპანიას სარგებელს მოუტანს. კარგი იქნება ისეთი კვლევის გაზიარებაც, რომელიც ადასტურებს, რომ თანამშრომლები საუკეთესოდ მუშაობენ მაშინ, როდესაც არ დროში არიან შეზღუდულები და არც ადგილმდებარეობაში.
აჩვენეთ, რა გავლენის მოხდენა შეგიძლიათ
პირობითად კიდევ ერთი საკონსულტაციო კლიენტი, ჯოში მოვიხმოთ – ტექნოლოგიური კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობდა. პანდემიის დაწყებასთან ერთად აუტანელი გახდა ლიფტისა და მეტროს გამოყენება, რადგან ვირუსის გავრცელებამ მეტად საგანგაშო სახე მიიღო. ამიტომაც, ჯოშმა გადაწყვიტა, მეინში, თავის ოჯახთან ახლოს გადასულიყო. იგი ნამდვილად არ ელოდა, რომ ეს ნაბიჯი მუდმივ ხასიათს მიიღებდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიხვდა, თუ რამდენად არ სურდა ჩვეულ რეჟიმს დაბრუნებოდა. შესაბამისად, თავის გრძელვადიან სამუშაო ხელშეკრულების ცვლილებაზე მოუწია ფიქრი და მენეჯერს ღიად გაანდო ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის შესაძლებლობის სურვილი.
სიუზანმა მას ურჩია, არა მხოლოდ პირად სარგებელზე ესაუბრა, არამედ მენეჯერისთვის ეჩვენებინა, რატომ მიიჩნევს იგი მის ამჟამინდელ სამუშაოს მნიშვნელოვნად და რისთვის იყო მზად. აქედან გამომდინარე, ჯოშმა თავისი მარკეტინგული გეგმები განმარტა, რომლის განხორციელებასაც გუნდთან ერთად გეგმავდა.
მზად იყავით ხელფასის შემცირებისთვის
როდესაც დისტანციურ მუშაობას ითხოვთ, აუცილებლად უნდა გაარკვიოთ სახელფასო სისტემის ცვლილება. სახლიდან მუშაობის პოლიტიკის ბოლო გამოკითხვაში, კომპანიების დაახლოებით 4%-მა, მათ შორის ისეთმა ცნობილმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა Google და Facebook, განაცხადეს, რომ თანამშრომლების ხელფასებს შეამცირებენ, თუ იაფ გეოგრაფიულ ზონაში გადადიან. აღნიშნული გადაწყვეტილების დასაბუთება ძალიან ადვილია – მუშაკებს, რომლებიც ძვირადღირებულ ქალაქებში რჩებიან, მეტის გამომუშავება სჭირდებათ.
ჯოშმა გააცნობიერა, რომ იგი მზად უნდა ყოფილიყო დაბალი ხელფასისთვის, რადგან მისი შემთხვევაც ანალოგიური იყო. გარდა ამისა, მოგზაურობისა და კვარტალური პირდაპირი შეხვედრების ხარჯებიც მას უნდა დაეფარა. თუმცა იგი მომავალზე, პოტენციურ განვითარებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე უფრო პრიორიტეტულად ფიქრობდა.
გამოიყენეთ მონაცემები იმის დასამტკიცებლად, რომ დისტანციურად მუშაობა წარმატებით შეგიძლიათ
ვიდრე საბოლოოდ მიიღებდეთ გადაწყვეტილებას და ამის უფროსისთვის თქმას, ჩამოთვალეთ მიღწევები, რომლებიც დისტანციურად მუშაობისას განახორციელეთ. მაგალითად, ჯოშმა სცადა, თავისი ამჟამინდელი დამსაქმებლისთვის მიღებული ღირებულება გამოეყენებინა, მათ შორის, ახალი პროდუქტის წარმატებით გამოშვება და 2020 წლის შემოსავლების გეგმის შესრულება. ჯულიამ კი ხაზი რიცხვებს გაუსვა, რათა მისი წარმატება ყოველწლიური მიზნების მიღწევის სახით აჩვენოს.
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლისთვის იმის ჩვენება, თუ როგორ აპირებთ ერთგულების, პროდუქტიულობისა და ანგარიშვალდებულების შენარჩუნებას თქვენი კომპანიის წინაშე. აქცენტირდით იმაზე, თუ როგორ დაისახავთ მიზანს უფროსთან ერთად, აცნობებთ პროგრესს და შეაფასებთ შედეგებს. ამ კვლევის ჩატარება დამსაქმებელს იმის გააზრებაში დაეხმარება, თუ როგორ აპირებთ სახლიდან მუშაობას გრძელვადიან პერსპექტივაში და რა სარგებელს მოუტანს ეს კომპანიას.
ნუ ელოდებით ერთჯერად საუბარს
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისთვისაც დისტანციური მუშაობის განხილვისას უნდა მოემზადოთ, მოთმინებაა. კომპანიის მენეჯმენტი, ისევე როგორც ყველა სხვა, ამ ახალ ტერიტორიაზე “პირველად მოძრაობს” – ნებისმიერი მიმდინარე ღონისძიება შეიძლება შეიცვალოს, რადგან კომპანიები თანდათან ადაპტირდება ახალ სამუშაო პირობებთან.
ხელმძღვანელთან დიალოგს, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან კვირა დასჭირდეს – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მენეჯერი პირველად აწყდება მსგავს “პრობლემას”. შესაბამისად, მენეჯერი ხშირად კოლეგებთან კონსულტაციებს ამჯობინებს, რათა ყველა დეტალი სრულად გააანალიზოს.
ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს დისტანციურად მუშაობის სრული თანხმობა თუ ერთგვარი საცდელი პერიოდი, აუცილებლად გააფორმეთ შეთანხმება წერილობით. ამრიგად, ყველასათვის ნათელი იქნება თქვენი მდგომარეობა, თუნდაც ძველი მენეჯერი ახალმა ჩაანაცვლოს. და ბოლოს, გახსოვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მოქნილობა მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების დროს, ეს მოქნილობა უნდა იყოს ორმხრივი. თუ თქვენი დამსაქმებელი არ დათმობს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, ამჟამად ძალიან ბევრი კომპანიაა, რომელიც დისტანციურ სამსახურს გთავაზობთ. ასე რომ, ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ერთი შესაძლებლობით.
წყარო: HBR