„უნივერსიტეტის მისია დღეს გაცილებით ფართოა, ეს არის ადგილი, სადაც პიროვნული ზრდა, პროფესიული თვითშეფასება და მომავლის დაგეგმვა ერთიანდება“, – ნიკა ინაური საქართველოს უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურს ახალი ხედვითა და განვითარების კონკრეტული გეგმით იბარებს.
სამსახური უნივერსიტეტში სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერულ წინსვლაზე, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს. კურსდამთავრებულების წარმატება და მათი მაღალი დონის პროფესიონალიზმი განპირობებულია არა მხოლოდ უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური სტანდარტებით, არამედ სტუდენტების კარიერული წინსვლისათვის მიმართული ძალისხმევითაც.
უნივერსიტეტში კარიერული განვითარების მიმართულებით შემუშავებული პროგრამა სტუდენტებს აძლევს საშუალებას, თავდაჯერებულად იმოქმედონ კონკურენტულ შრომით ბაზარზე და გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი სრულად. მათთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა პრაქტიკული მხარდაჭერა:
- სისტემატური ტრენინგები – სტუდენტები მონაწილეობენ პრაქტიკულ ტრენინგებში, რომლებიც მოიცავს რეზიუმეს შექმნის ტექნიკას, სამსახურის ძიების სტრატეგიებს, ეფექტური კომუნიკაციის განვითარებასა და გასაუბრების წარმატებით გავლის უნარებს. ტრენინგები მორგებულია რეალური შრომის ბაზრის მოთხოვნებზე და სტუდენტებს ამზადებს წარმატებული კარიერის დასაწყებად.
- დასაქმების ფორუმები – კარიერული სამსახური წელიწადში რამდენჯერმე აორგანიზებს დასაქმების ფორუმებს, სადაც სტუდენტები პირადად ხვდებიან დამსაქმებლებს, ეცნობიან ვაკანსიებს და იღებენ რეალურ შესაძლებლობებს კარიერის დასაწყებად. ეს ღონისძიება კომპანიების წარმომადგენლებისა და ნიჭიერი ახალგაზრდების პროფესიულ დიალოგში გაერთიანების შესაძლებლობაა.
- ინდივიდუალური კონსულტაციები – სამსახურის წარმომადგენლები სტუდენტებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს უწევენ, რომლებიც მოიცავს პროფესიული ინტერესებისა და შესაძლებლობების შეფასებას, კარიერული გეგმის შედგენას და კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვას მიზნების მისაღწევად.
- ექსკლუზიური სიახლეები ვაკანსიების შესახებ – სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს რეგულარულად ეგზავნებათ მათთვის შესაბამისი და განახლებული ინფორმაცია მიმდინარე ვაკანსიების, სტაჟირებებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ, რაც მათ ეხმარება კონკურენტულ გარემოში სწრაფი და მიზნობრივი რეაგირებისთვის.
„უნივერსიტეტი მხოლოდ განათლების მიღების ადგილი არ არის – ის უნდა გახდეს სივრცე, სადაც ახალგაზრდა ადამიანი იგრძნობს მხარდაჭერას, სწორად დაგეგმავს მომავალს და რეალურ შესაძლებლობებს მიიღებს პროფესიული განვითარებისთვის.
დღევანდელი შრომის ბაზარი დინამიურია, კონკურენტული და უამრავ გამოწვევას სთავაზობს ახალგაზრდებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახური იქცეს იმ ადგილად, სადაც თითოეული სტუდენტი შეძლებს საკუთარი უნარების აღმოჩენას”.
ნიკა ინაური სამი უნივერსიტეტის ერთობლივი სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრია, აქვს ასევე ესტონეთის დიპლომატიური სკოლისა და სკოპიეს ამერიკული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. პროფესიით აღმოსავლეთმოცდნემ და დიპლომატმა თავისი კარიერა კერძო და საჯარო სექტორში შექმნა, ნიკა ინაური ხელმძღვანელობდა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრს, სადაც მისი ძირითადი პასუხისმგებლობა იყო დასაქმებისა და შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ადგილობრივ დონეზე განხორციელება.
„მიხარია, რომ ჩემი პროფესიული გზა საქართველოს უნივერსიტეტში გრძელდება – იმ სივრცეში, რომელიც ცნობილია ხარისხიანი განათლებით, თანამედროვე ხედვებითა და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომებით. კარიერული განვითარებისა და დასაქმების სამსახური უნივერსიტეტის ფართო მისიის ნაწილია – სტუდენტის მხარდამჭერი, მთელი საგანმანათლებლო გზის განმავლობაში.
ჩვენთვის დამსაქმებლებთან თანამშრომლობა არის არა ერთჯერადი აქტივობა, არამედ გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა, რომლის ცენტრში სტუდენტი დგას. დღესდღეობით უნივერსიტეტს პარტნიორობა აქვს თითქმის ყველა წამყვან და ცნობილ ორგანიზაციასთან. პარტნიორების შერჩევისას ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმია მათი მზაობა აქტიურად ჩაერთონ კადრების განვითარებაში, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაში და სტუდენტთა და კურსდამთავრებულების პროფესიულ ზრდაში. ვმუშაობთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან, რათა სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებზე და შეიძინონ რეალური სამუშაო გამოცდილება ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში. ჩვენი ხედვა ამ ურთიერთობაში არის ინკლუზიური, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს პასუხობს – დამსაქმებლებს შესაძლებლობას აძლევს იპოვონ მათი მოთხოვნებისთვის მაქსიმალურად შეაფერისი კანდიდატები, ხოლო სტუდენტებს სთავაზობს მათი პროფესიული უნარების და ცოდნის შესაბამის ვაკანსიებს,“ – ამბობს ნიკა.
ნიკა ინაურის ხედვით სტანდარტული აქტივობების – ფორუმების, რეზიუმეების მომზადების, ინდივიდუალური კონსულტაციების ფარგლებს მიღმა, სამსახურის მთავარი მიზანი ინოვაციური და პრაგმატული მიდგომების დანერგვაა, რომელიც პასუხობს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ინდივიდებზე, მათი უნარებისა და ინტერესების საფუძველზე ორიენტირებულ მხარდაჭერაზე.
„ჩვენი ამოცანაა დავამკვიდროთ პრაქტიკული მიდგომა – შევთავაზოთ სტუდენტებს მხარდაჭერა, რომლებიც დაეხმარება მათ შრომის ბაზრის უკეთ გაგებაში. გავაძლიეროთ კავშირები სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დამსაქმებლებს შორის. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ უნარებზე, რომლებიც თანამედროვე დამსაქმებლებისთვის მნიშვნელოვანი გახდა – კომუნიკაცია, პრობლემების გადაჭრა, გუნდური მუშაობა, ციფრული კომპეტენციები და თვითპრეზენტაცია.
უნივერსიტეტმა უნდა შეასრულოს შუამავლის როლი სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და ბიზნესს შორის – ეს ხდება არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით, არამედ აქტიური კომუნიკაციის და თანამშრომლობის მეშვეობით, რაც აპრობირებულია წამყვან დასავლურ უმაღლეს სასწავლებლებში. ჩვენ დავაკავშირებთ ჩვენს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ლიდერ კომპანიებთან, რათა დასაქმების პროცესი იყოს მიზნობრივი და ეფექტური. თითოეული კურსდამთავრებული იქნება არა უბრალოდ სამუშაოს მაძიებელი, არამედ სპეციალისტი, რომელზეც ინდუსტრიას აქვს რეალური საჭიროება.
დღეს, საქართველოს უნივერსიტეტი ამაყობს კურსდამთავრებულთა 96%-იანი დასაქმების მაჩვენებლით. ჩემთვის ეს რიცხვი არა მხოლოდ შედეგია, არამედ მოტივაცია – ვიმუშაოთ მეტზე, უკეთესზე და უფრო ეფექტურ მოდელზე, რომელიც ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომს გახდის წარმატების რეალურ გზას,” – აღნიშნავს ნიკა ინაური.
[R]