in

„საქართველოს უნივერსიტეტი“ ბირთვული კვლევების ორგანიზაციის ATLAS ექსპერიმენტის ტექნიკური ასოციაციის წევრი გახდა 

2021 წლიდან „საქართველოს უნივერსიტეტი“ (მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა) ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN, ჟენევა, შვეიცარია) ATLAS ექსპერიმენტის ტექნიკური ასოციაციის წევრი გახდა.

როგორია ჩვენი სამყაროს ბუნება? როგორ და რისგან შეიქმნა ის? ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხიც ყველას აინტერესებს. სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ატარებენ კვლევებს მეცნიერები, მათ შორის ქართველი მეცნიერები ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციაში. CERN მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც მსოფლიო აბლაბუდის www დაბადების ადგილი. ორგანიზაცია დაფუძნდა 1954 წლის 29 სექტემბერს წევრ ქვეყანათა ხელმოწერით. თავდაპირველად 12 წევრი ჰყავდა, დღეისთვის კი 20-მდე ქვეყანაა გაწევრიანებული.

„ქართველმა ფიზიკოსებმა CERN-ის საქმიანობაში მონაწილეობა 1960-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს. 2008 წელს კი საქართველოს და CERN-ს შორის დადებული ხელშეკრულებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების მეცნიერთა ჯგუფებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დამოუკიდებელ ჯგუფად მიეღოთ მონაწილეობა კვლევებში. ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ „საქართველოს უნივერსიტეტი“, როგორც საქართველოში ყველაზე რეიტინგული და მეცნიერების განვითარებაზე ორიენტირებული კერძო უნივერსიტეტი, CERN-ის პარტნიორი ორგანიზაცია გამხდარიყო და სხვა სამეცნიერო ჯგუფებთან ერთად, „საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორებს და ახალგაზრდა მეცნიერებს შესაძლებლობა ჰქონოდათ მიეღოთ მონაწილეობა თანამედროვე კვლევებში. ეს ერთის მხრივ, გაგვიხსნიდა ახალ შესაძლებლობებს და მეორეს მხრივ, მნიშვნელოვნად აამაღლებდა უნივერსიტეტის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი უნივერსიტეტი ბევრ საერთაშორისო პროექტშია ჩართული და ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა. ცხადია, CERN-ის პროექტებში მონაწილეობა თავისთავად მხოლოდ სურვილს არ გულისხმობს. 2019 წელს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვემასპინძლა CERN-ის ტექნიკური დირექტორისთვის ლუდოვიკო პონტეკორვოსთვის. გავაცანით უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტი, სასწავლო/სამეცნიერო ლაბორატორიები და წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა CERN-ის პროექტებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდის განმავლობაში მონაწილეობა მივიღეთ  CERN-ის სამეცნიერო და ტექნიკური საბჭოს სხდომებზე, სადაც ოფიციალურად წარვადგინეთ უნივერსიტეტის ხედვა კვლევებში მონაწილეობის მისაღებად“ – ამბობს კოკა თოფურია, „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორი.

„ფუნდამენტური კვლევები, რომელიც CERN-ში მიმდინარეობს, მოითხოვს კონკრეტული პრობლემების თანამედროვე ტექნოლოგიებით გადაწყვეტას. სწორედ ეს იყო თავდაპირველად ჰიპერმედიის საშუალებით ინფორმაციის მოძიების სისტემის ახალი www ტექნოლოგიების შექმნის წინაპირობა, როცა საჭირო გახდა დიდ ინფორმაციაზე, სწრაფი და მოხერხებული წვდომის უზრუნველყოფა. დღევანდელ დღეს CERN-ში ფუნდამენტური კვლევების გაგრძელებისთვის საჭიროა ამაჩქარებლის გადაიარაღება, რომელიც 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს. ეს გადაიარაღება გულისხმობს დეტექტორის მგრძნობიარობისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად არსებული მოწყობილობების თანამედროვე ციფრული მოწყობილობებით ჩანაცვლებას. ეს ახალი მოწყობილობები მთლიანად ინოვაციურ მიდგომებს მოიაზრებს და მათი შექმნისა და ტესტირებისთვის CERN-ის სხვადასხვა ჯგუფები დამოუკიდებლად მუშაობენ. ეს არის ტექნოლოგიების ფრონტი, რომელშიც ახლა უკვე „საქართველოს უნივერსიტეტის“ მკვლევარ ინჟინერთა ჯგუფიც ჩაერთვება, როგორც დამოუკიდებელი წევრი. ასეთი დონის პროექტებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი უნივერსიტეტისთვის და უნივერსიტეტის ფუნდამენტური, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების სტუდენტებისთვის, რითაც ჩვენ ვქმნით თანამედროვე გარემოს ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობისთვის.“ – კახა თავზარაშვილი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის დირექტორი.

 

[R]

გაყიდე ამბავი და არა პროდუქტი

“ბატლოს სახლისთვის” ლითონის სკულპტურული ფარდა შეიქმნა