21
Nov
2019

„საქართველოს უნივერსიტეტი“ კიბერჰაკათონს უმასპინძლებს

21 Nov 2019

„საქართველოს უნივერსიტეტში“ (UG) 20-21 დეკემბერს, კიბერჰაკათონი გაიმართება. ღონისძიების მონაწილეები ვებ-აპლიკაციებსა და კიბერუსაფრთხოებაზე დაფუძნებულ ღია კოდის მქონე უსაფრთხოების პროგრამებს შექმნიან. ჰაკათონს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი (CERT-GOV-GE) პარტნიორებთან – საქართველოს უნივერსიტეტთან და არაკომერციულ ორგანიზაცია „OWASP“-თან ერთად ატარებს.

კიბერჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ სპეციალისტს, რომელსაც აქვს სურვილი და იდეა, შექმნას კიბერუსაფრთხოების თემატიკასთან დაკავშირებული პროდუქტი.

ღონისძიება ორ დღეს გრძელდება და მონაწილეობენ როგორც ინდივიდუალურად დარეგისტრირებული სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ისე საჯარო, კერძო თუ საგანმანათლებლო ორგანიზაციების თანამშრომლები, სტუდენტები, მოსწავლეები.

„კიბერჰაკათონი კარგი შესაძლებლობაა კონკრეტულ სივრცესა და დროში, როგორც საკუთარი იდეების განხორციელების, ისე დასმული ამოცანების გადაჭრის გზების მოძიებისთვის. „საქართველოს უნივერსიტეტი“ მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს პროფესიული განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და ცოდნის გაღრმავებაში კონკრეტულად იმ სფეროების მიმართულებით, რომლებიც მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია“, – ამბობს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან სულხანიშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შექმნან, მაქსიმუმ, 3 წევრისგან შემდგარი გუნდი და წარმოადგინონ შესაბამისი პროექტი 21 დეკემბერს. მონაწილეობა შეუძლიათ 1 და ორ კაციან გუნდებსაც.

კიბერჰაკათონის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, კონკრეტული პროგრამების შექმნისას საკუთარი ცოდნა პრაქტიკულ გარემოში გამოსცადონ. ღონისძიების დასასრულს, კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან საჯარო, კერძო და საგანმანათლებლო სექტორის წამყვანი სპეციალისტები, გამოავლენს გამარჯვებულებს და გადასცემს სპეციალურ პრიზებს.

ჰაკათონში მონაწილეობა უფასოა, საჭიროა მხოლოდ წინასწარი რეგისტრაცია.

ღონისძიების სპონსორები არიან: იუ ჯი თი, Orient Logic, GREENNET.

[R]

განხილვა