10
Apr
2019

პროგრამირება და თანამედროვე ტექნოლოგიები „საქართველოს უნივერსიტეტში“

10 Apr 2019

„საქართველოს უნივერსიტეტის“ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა, სტუდენტებს, პროგრამირების რამდენიმე მიმართულებას სთავაზობს. მათი თქმით, ვისაც სურს, საფუძვლიანად შეისწავლოს ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთოება, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, Game Development და 3D ვიზუალიზაცია, კურსი სწორედ მათთვისაა. ამ საკითხზე დეტალურად უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტის უფროსი და ასოცირებული პროფესორი, სულხან სულხანიშვილი საუბრობს: 

„უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ჩვენი სკოლის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაზე კურსების პილოტირება ბლოკჩეინის მიმართულებით დაიწყო. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ეს ტექნოლოგიები სიღრმისეულად ისწავლონ. გარდა ამისა, „საქართველოს უნივერსიტეტი“ პირველია ქვეყნის მასშტაბით, სადაც სამაგისტრო საფეხურზე ბლოკჩეინის სწავლებაა შესაძლებელი“.

რაც შეეხება Game Development-ისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებებს, სულხან სულხანიშვილი ამბობს, რომ ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში, მათი ანალოგი არ არსებობს. 

„ვიდრე უშუალოდ პროგრამის შესახებ ვისაუბრებ, გეტყვით, რომ ჩვენმა სკოლამ, სტუდენტებთან ერთად, ახალი თამაში დაწერა, რომლის სახელიცაა „UGini” – ეს არის საინტერესო თავგადასავალი, მათთვის, ვისაც სწავლა უნდა. რაც შეეხება ჩვენს პროგრამას, დიახ, აღნიშნული პროგრამები მართლაც უკონკურენტოა ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში. მაგალითად, 3D ვიზუალიზაციის მიმართულება, რომლის სწავლაც მხოლოდ ჩვენთან, „საქართველოს უნივერსიტეტშია“ შესაძლებელი“, – ამბობს სულხან სულხანიშვილი.

მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ ლექტორებს, ვინც ამ ყველაფერს სტუდენტებს ასწავლის.

„Game development-ს კომპანია „Deca Games“ უფროსი პროგრამისტი, გიორგი აბელაშვილი უკითხავს სტუდენტებს, რომელიც 2010 წელს პირველი ქართული ვიდეოთამაშის Funny physics iphone-ის ავტორია. გამოშვებული აქვს 15-მდე კომერციული ვიდეოთამაში და მოპოვებული აქვს ორი გეიმჯემის გამარჯვებაც. მისი დაწერილი თამაში 2019 წელს წარდგენილი იქნება პოლონეთში „Digital Dragons“-ის გამოფენაზეც. რაც შეეხება სამგანზომილებიან (3D) ვიზუალიზაციას, ამ მიმართულებას ჩვენთან სტუდენტებს ალექსანდრე ბიწაძე ასწავლის, რომელიც ამ დარგში 2015 წლიდან ისეთ კომპანიებში და პროექტებში მუშაობს, როგორებიცაა: Nextep – 3D artist; Hand4Help – 3D modeler; ARX – 3D Generalist; 2G – 3D generalist; Vokalz entertainment – 3D generalist; PO8 – 3D generalist & 2D artist“.

„საქართველოს უნივერსიტეტის“ წარმომადგენლების თქმით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა სტუდენტებს მრავალფეროვან რესურსებს სთავაზობს – ფუნქციონირებს IT აკადემია, რომელიც საერთაშორისო აკადემიებს მოიცავს და სტუდენტებს შესაძლებლობა აძლევს უფასოდ გაიარონ Cisco-ს; ORACLE-ის;  MICROSOFT-ისა და Mikrotik -ის სასერტიფიკატო კურსები.  

„აღსანიშნავია, რომ „საქართველოს უნივერსიტეტის“ მეცნიერებების და ტექნოლოგიების სკოლას დარგის ლიდერი სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი ქმნის, რომლებიც საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას მომავალ სპეციალისტებს უზიარებენ. სკოლის სლოგანია „გლობალური წინსვლის პირისპირ“. ამიტომ, აქ ელოდებიან ყველა სტუდენტს, ვინც თვლის, რომ შეუძლია ამ გლობალურ წინსვლას ფეხი აუწყოს“.

[R]

განხილვა