„საქართველოს უნივერსიტეტის“ (UG) აქსელერატორის UG StartUp Factory-ის რიგით მე-6 პროგრამა იწყება. ის 2 ნაწილად არის გაყოფილი და GITA-ს დაფინანსების პროგრამასთან ინტეგრაციას ითვალისწინებს.
პირველი ნაწილი დაეთმობა, ბაზარზე სტარტაპ იდეის სწრაფ გაშვებას (სწრაფი ვალიდაცია) და მომხმარებლებისგან მაქსიმალურად მოცულობითი უკუკავშირის მიღებაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროექტის პირველადი იდეის დახვეწას.
აქსელერაციის პირველი ეტაპის დასასრულს, სტარტაპები მოემზადებიან და განაცხადებს შეიტანენ GITA-ს 15 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რაშიც UG StartUp Factory-ის გუნდი დაეხმარება აპლიკაციების შედგენაში.
შედეგების მიუხედავად, პროექტები განაგრძობენ მეორე სტადიაზე საკუთარი პროექტების განვითარებას და პირველადი მოდელის შექმნას. დასკვნით ეტაპზე კი წარადგენენ პროექტებს ინვესტორების წინაშე UG StartUp Factory-ის დემო დღის ფარგლებში.
„UG-ის ინოვაციური ცენტრი UG StartUp Factory უკვე 3 წელია ხელს უწყობს სტარტაპერებს განვითარებაში. ჩატარებული პროექტების ფარგლებში, „საქართველოს უნივერსიტეტის“ ფონდიდან დაფინანსდა 6 სტარტაპი, ორმა მოიპოვა GITA-ს გრანტი, ერთმა სტარტაპმა კი საერთაშორისო დაფინანსება. UG-ის აქსელერატორში მოხვედრილმა სტარტაპებმა, ჯამურად, 500 000 ლარის ინვესტიცია მოიზიდეს.
აქსელერაციის პროგრამა განკუთვნილია საქართველოში მცხოვრებ ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც სურვილი აქვს, სტარტაპის განვითარების ან აქვს იდეა, რომელიც სურს, წარმატებულ სტარტაპად აქციოს“.
აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე დაიწყო.













