საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის – UG Startup Factory-ს მიერ სტუდენტების ინოვაციური ბიზნესიდეების ხელშეწყობის მიზნით მორიგი ღონისძიება გაიმართა, სადაც კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ გუნდებს ბიზნესიდეების რეალიზაციისთვის 50 000 ლარი გადაეცათ. საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი წლებია აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს, განავითარონ და დახვეწონ საკუთარი ბიზნესიდეები და, რაც მთავარია, ეს იდეები რეალურ და მომგებიან ბიზნესებად აქციონ.
გამარჯვებული გუნდების სია კი ასე გამოიყურება: Unimate – უნივერსიტეტის ქომუნითი პლატფორმა; Iris Visionaries – ფოტოჯიხური მაკრო სურათებისთვის; Petpet – შინაური ცხოველების სერვისების ჯავშნები; Waiter Call – რესტორნის სერვისების მართვის პლატფორმა; FastLine Logistic – B2B პლატფორმა სურსათის მიწოდებაზე.
როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდის, Unimate-ის წევრმა, ლევან ნებულიშვილმა გვითხრა: „ჩვენი ბიზნესიდეის განხორციელება სულ ნულიდან – პრობლემის ძიებით დავიწყეთ. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან ეს პროექტი, რაც მოვიყვანეთ აქამდე, გვინდა, განვახორციელოთ და გავუშვათ რეალურ გარემოში – ამის შესაძლებლობას კი გვაძლევს საქართველოს უნივერსიტეტი, რომლის საინვესტიციო ფონდიდან 10 000 ლარი მივიღეთ. ჩვენი პლატფორმა UG-ს სტუდენტებს აკავშირებს ერთმანეთთან ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით, თუმცა მასშტაბი გაიზრდება და პლატფორმის მეშვეობით მომავალში სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეძლებენ ერთმანეთთან დაკავშირებას. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, ჩვენი იდეით ბევრი ბენეფიტი მიიღონ და, ამასთანავე, გაერთონ კიდეც“.
პროგრამის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალი იყო და 150 მონაწილიდან 30 გუნდი ჩამოყალიბდა. საბოლოოდ კი, 13 გუნდს მოუწია ჟიურის წინაშე საკუთარი ინოვაციური ბიზნესიდეების წარდგენა. სტუდენტებს სამი თვის განმავლობაში ჰქონდათ ინტენსიური შეხვედრები, ტრენინგები, მენტორინგის სესიები და ინდივიდუალური კონსულტაციები.
[პარტნიორის კონტენტი]