საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა კიდევ ერთი წარმატება მოიპოვეს EUPRERA (ევროპის PR და კვლევითი საერთაშორისო ასოციაციისა) და ICCO (საერთაშორისო PR საკონსულტაციო სააგენტოების გაერთიანება) მიერ ორგანიზებულ მსოფლიო მასშტაბის კონკურსში FUTUREPR.
კონკურსში მსოფლიოს 19 ქვეყნის, 14 უნივერსიტეტიდან 100-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. მაღალი კონკურსის პირობებში, UG-ის 9 მონაწილიდან 7 ფინალისტებს შორის მოხვდა, რაც საგრძნობლად აღემატება სხვა უნივერსიტეტების შედეგებს.
სტუდენტებმა ინდივიდუალური დავალებების ფარგლებში შეიმუშავეს პრაქტიკაზე დაფუძნებული, პროაქტიული და რეაქტიული PR სტრატეგიები დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რაც ითხოვდა სიღრმისეულ კვლევებს, ანალიტიკურ უნარებსა და რეალურ ინდუსტრიულ სტანდარტზე მორგებულ ხედვას. სამი დღის ინტენსიური, უწყვეტი მუშაობის შედეგად სტუდენტებმა უმაღლესი დონის ნაშრომები წარმოადგინეს, რომლებიც საერთაშორისო ჟიურის მიერ შეფასდა – EUPRERA-სა და ICCO-ს წარმომადგენლების, წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებისა და ინდუსტრიის პრაქტიკოსების მონაწილეობით.
ფინალში გასული სტუდენტები არიან: სალომე აბაშიძე, ინა ლიკლიკაძე, ნია ურუშაძე, სალომე ბურდიაშილი, ანა ცოცხალაშვილი, ია ჭუნაშილი და სალომე თურმანიძე.
საერთაშორისო კონკურსა და ფინალისტებზე საქართველოს უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლელი ბიბილაშვილი გვესაუბრა.
„საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა ჩვენი სტუდენტებისთვის გლობალური გამოცდილების და პროფესიული ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. ასეთი ტიპის პროექტებში ისინი საკუთარი ცოდნისა და უნარების გამოცდას ახდენენ რეალურ, მაღალკონკურენტულ გარემოში, სადაც მათ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლები აფასებენ. ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტები პირდაპირ იმ სტანდარტებით და გამოწვევებით მუშაობენ, რომლებიც თანამედროვე სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში საერთაშორისოდ არის დანერგილი.
ფაქტი, რომ საქართველოს უნივერსიტეტის 9 მონაწილიდან 7 ფინალში გავიდა – რაოდენობა, რომელიც არც ერთ სხვა უნივერსიტეტს არ ჰქონია – ნათლად ადასტურებს UG-ის პროგრამის ხარისხს და სტუდენტების პროფესიული ცოდნის და უნარების მაღალ დონეს. ეს შედეგი ჩვენთვის მხოლოდ წარმატება კი არა, არამედ მტკიცებულებაა, რომ სტუდენტებს ვაძლევთ საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ განათლებასა და რეალურ შესაძლებლობას, იყვნენ კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზარზე“, – აღნიშნა ლელი ბიბილაშვილმა.
საქართველოს უნივერსიტეტის ფინალისტი სტუდენტები ბოლო ეტაპზე, საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად გუნდურად EUPRERA-სა და ICCO-ს მიერ მიწოდებული ბრიფის მიხედვით იმუშავებენ.
[R]













