9
Sep
2019

ბავშვები, როგორც ტექნოლოგიური მომავლის ინტელექტუალური ძალა – „იუჯი-ლიმეს“ რობოტიკის აკადემია

9 Sep 2019

„21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული განათლების ქონა, მსოფლიო მასშტაბით, არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა გარემოსთან მარტივად ადაპტირებისათვის“, – ამბობს თორნიკე ჭაბუკიანი, „იუჯი-ლიმეს“ რობოტიკის აკადემიის თანადამფუძნებელი. ეს წინადადება გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ როგორც მომხმარებლებმა, მარტივად შევძლოთ ტექნოლოგიურ სიახლეებზე მორგება, არამედ იმასაც, რომ ნელ-ნელა, სფეროს განვითარებაში მონაწილეობის სურვილი, შესაძლებლობა და კომპეტენცია გაგვიჩნდეს.

დღეს, ისეთ სფეროებშიც კი, როგორიცაა: კულინარია, ხელოვნება, მედიცინა და სპორტი, წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე.

ისეთი გავლენიანი ადამიანები, როგორებიც არიან: ილონ მასკი (CEO of SpaceX), ბილ გეითსი (CEO of Microsoft) და ჯეკ მა (CEO of Alibaba), აცხადებენ, რომ უპირატესობას ისეთ კადრებს ანიჭებენ, რომლებსაც განსაკუთრებულად განვითარებული აქვთ სამუშაო გარემოსადმი სწრაფად ადაპტირებისა და ანალიზის უნარ-ჩვევები.

დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ სკოლამდელი თუ სკოლის ასაკიდან, ბავშვებისთვის ტექნიკური აზროვნების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. იმ რეალობაში, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ქვეყნები განსაკუთრებით ზრუნავენ ახალი თაობის ინტელექტუალური რესურსის ამ მიმართულებით განვითარებაზე, ამერიკის 10 ყველაზე მაღალრეიტინგული სკოლიდან, 7-ს STEM განათლების სისტემა აქვს დანერგილი:

  • S cience – მეცნიერება
  • T echnology – ტექნოლოგია
  • E ngineering – ინჟნერია
  • M athematics – მათემატიკა 

„იუჯი-ლიმეს“ რობოტიკის აკადემია ადგილია, რომელიც ბავშვებს მომავალი გამოწვევებისთვის სკოლის ასაკიდანვე ამზადებს და STEM უნარ-ჩვევებს უვითარებს.

აკადემიას, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა, თავდაპირველად, „ლიმესი“ ერქვა. “Limes“ იმიტომ, რომ ლათინურად „გზას“ ნიშნავს და იმის გათვალისწინებით, რომ „წინ გრძელი და საინტერესო გზა გვქონდა, რომელსაც უსასრულოდ შეგიძლია, მიჰყვე, ეს სახელი შევარჩიეთ“.

6 წლის წინ, დამფუძნებლები, ჯერ კიდევ, ბაკალავრიატის სტუდენტები იყვნენ, ძირითადად, ფიზიკის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით. იმის გამო, რომ ფაქტობრივად, საქართველოში არ არსებობდა საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მოსწავლე ან სტუდენტი ელექტრონიკის, პროგრამირებისა და რობოტიკის მიმართულებით, სათანადო თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის შეძენას შეძლებდა, გადაწყვიტეს, დრო და ენერგია არ დაეშურებინათ და სწორედ ასეთი გარემო შეექმნათ. 

თუმცა, ეს მარტივი არ აღმოჩნდა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პოტენციური მოსწავლეების მშობლების დარწმუნება იყო, რომ თავიანთი შვილების ამ კუთხით განათლება „ლიმესისთვის“ მიენდოთ. საინფორმაციო შეხვედრისა და გასაუბრების შემდეგ, მშობლებმა კვალიფიციური და ენთუზიასტი სტუდენტების დაიჯერეს, ამ წამოწყებაში წაყვნენ და ერთ პატარა ოთახში, შეკრებილი ორმოცდაათამდე მოსწავლისთვის პირველი გაკვეთილიც შედგა. 

საიდან მოვიდა, ახლა სად არის და საით მიექანება „იუჯი-ლიმესი“? – მარკეტერის ინტერესი თორნიკე ჭაბუკიანმა დააკმაყოფილა:

M: თორნიკე, პირველ რიგში, STEM-ისა და ბავშვების დამეგობრების სირთულეებზე მოგვიყევით…რა გამოწვევები გაიარა რობოტიკის აკადემიის არსებობის იდეამ?
პირველი ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ სასწავლო პროგრამების შედგენა იყო. ყველაფერი მოსწავლეებისთვის გასაგებ ენაზე უნდა ყოფილიყო დაწერილი და მეორე მხრივ, არ უნდა დაგვეკარგა პროგრამის ფუნდამენტური შინაარსი. ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ყველა გაკვეთილი შესაბამის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ელექტრულ კომპონენტებსა და რა თქმა უნდა, სივრცეს საჭიროებდა, რაც თავისთავად, ფინანსებთან იყო დაკავშირებული.

გარდა ამისა, საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებაც რთული იყო. ბევრს არ ესმოდა ჩვენი წამოწყების მნიშვნელობა. მაგრამ ჩვენი პირველი გაკვეთილის შემდეგ, ბავშვებს იმდენად მოეწონათ შექმნილი ატმოსფერო და სასწავლო პროგრამა, რომ მალევე, ჩვენი წამოწყებით საქართველოს უნივერსიტეტი დაინტერესდა, რომელმაც ამ ყველაფერს სრულიად სხვა მასშტაბი მისცა.

მას შემდეგ, რაც მუშაობა საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად განვაგრძეთ, დასახელებას დაემატა UG (University of Georgia) და გამოვიდა კომბინირებული სახელი UGLIMES (იუჯი-ლიმეს) აკადემია.

M: უფრო ზუსტად, რა მიმართულებებს მოიცავს თქვენი სასწავლო პროგრამები და რა ასაკობრივი კატეგორია განსაზღვრეთ თქვენს სეგმენტად?
აკადემიაში ძირითადი მიმართულებებია: რობოტექნიკა (რობოტიკა), პროგრამირება, ფიზიკა და მათემატიკა. ჩვენს ძირითად სეგმენტს კი, სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ, უზარმაზარი პოტენციალი რომ აქვთ, ის ადამიანები. 

რობოტექნიკაზე სასწავლო პროგრამები დაყოფილია ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, სადაც მიღება 1-12 კლასის ჩათვლით გვაქვს (თითოეული პროგრამის დეტალური აღწერა აკადემიის ვებგვერდზეა შესაძლებელი). 

  •         I-IV კლასი – STEAM (Science Technology Engineering Art Math);
  •         V-VI კლასი – რობოტიკა და ელექტრონიკა;
  •         VII-XII კლასი – ელექტრონიკა და პროგრამირება.

ძირითადი სასწავლო პროგრამა სწორედ „ელექტრონიკა და პროგრამირებაა“, სადაც უკვე ფუნდამენტურად არის განხილული ელექტრონიკა, კომპიუტერული ინჟინერია და მიკროკონტროლერის პროგრამირება. აქ ფუნქციონირებს სხვადასხვა კლუბი, სადაც მოსწავლეები საკუთარი ინტერესების მიხედვით ერთვებიან და შედეგად, შიდა, ყოველწლიურ STEM კონფერენციაშიც იღებენ მონაწილეობას. გარდა ამისა, ბავშვებს ვეხმარებით, მონაწილეობა სხვადასხვა მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსებსა და ოლიმპიადებში მიიღონ.მეორე ძირითადი მიმართულებაა პროგრამირება, სადაც პროგრამირების ენებს ვასწავლით: C++, python, javascript. ამ სასწავლო პროგრამაზე V კლასიდან ვიღებთ და ამ შემთხვევაშიც, სასწავლო კურსები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვითაა დაყოფილი.  

ასევე, UGLIMES აკადემია სტუდენტებსა და დამწყებ სპეციალისტებს „ელექტრონიკისა და პროგრამიების“ კურსს სთავაზობს, სადაც შეისწავლება: ანალოგური და ციფრული ელექტრონიკა, მიკროკონტროლერის პროგრამირება, პლატების დიზაინის შექმნა და ზოგადად, ავტომატიზაციის სისტემები. დიდი ინტერესის გამო, აქ მიღება გასაუბრების საფუძველზე ხდება.

M: როგორ უნდა მოვხვდე კურსზე? როგორაა განსაზღვრული კურსის ხანგრძლივობა და რამდენად მოქნილია გრაფიკი? 
თითოეული მოსწავლე კურსზე ასაკის მიხედვით რეგისტრირდება და სასურველ მიმართულებას ირჩევს. შესაძლებელია, ერთდროულად, რამდენიმე მიმართულების არჩევაც. ვინაიდან, გაკვეთილები კვირაში ერთხელ იმართება, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ არ გამოტოვოს რომელიმე მეცადინეობა, რადგან ყველა თემა წინის გაგრძელებაა.

მოსწავლეებისთვის განკუთვნილი თითოეული პროგრამა 8-9 თვეს გრძელდება და სასკოლო პერიოდს ემთხვევა. გაკვეთილები, ძირითადად, შაბათ-კვირასაა. მეცადინეობის ხანგრძლივობა სათ-ნახევრიდან ორ საათამდე მერყეობს. ეს დრო განაწილებულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მუშაობისთვის.

სტუდენტებისა და დამწყები სპეციალისტებისთვის სწავლა 3-დან 6 თვემდე გრძელდება. მეცადინეობები კვირაში ორჯერაა და თითოეულის ხანგრძლივობა – 2-3 საათს შეადგენს.

M: ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც საგანმანათლებლო სფეროს ამ მიმართულებებში კომპეტენცია აქვთ? და როგორ ხდებიან „იუჯი-ლიმეს“ გუნდის წევრები?
ჩვენი პედაგოგები ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები არიან, რომელთაც შესაბამისი კვალიფიკაცია აქვთ ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, პროგრამირების, მათემატიკისა და ფიზიკის მიმართულებით. ისინი ჩართულები არიან სასწავლო პროგრამების შექმნასა და განვითარებაში. 

ყოველი პედაგოგი ამავე დარგის პრაქტიკოსია და თანამედროვე სწავლების მეთოდებს იყენებს. შესაბამისად, თითოეული გაკვეთილი ორიენტირებულია პრაქტიკულ მეცადინეობაზე, ხელით კეთებასა და გუნდურ მუშაობაზე.გარდა ამისა, ორი წელია, პრაქტიკა-ტრადიცია დავამკვიდრეთ, რომელიც ჩვენი კურსდამთავრებული წარმატებული მოსწავლეების აკადემიაში დასაქმებას გულისხმობს. თუ მოსწავლე 16 წელსაა მიღწეული და სურვილი აქვს, ჩვენთან განაგრძოს მუშაობა, შანსს ვაძლევთ, რომ დამხმარე მასწავლებელი გახდეს. ამისათვის ისინი დამატებით მომზადებას გადიან, რის შემდეგაც, საშუალება ეძლევათ, თანატოლებს ასწავლონ და მათ საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარონ.

M: რაც შეეხება ტექნიკურ უზრუნველყოფას, ამ მხრივ, რა მდგომარეობაა აკადემიაში?
ჩვენ ვიყენებთ ყველა თანამედროვე ტექნიკურ რესურსს და დამატებით, საკუთარსაც ვქმნით, რაშიც უდიდესი წვლილი პედაგოგებს შეაქვთ. შესაბამისად, ისეთ რესურსებს ვფლობთ, რომლებსაც სხვაგან, უბრალოდ, ვერსად შეხვდებით.

იმავეს თქმა შეიძლება სახელმძღვანელოებზეც. თითოეული პროგრამისთვის განკუთვნილი მასალა დაფუძნებულია დასავლურ სამეცნიერო სტანდარტებზე, თუმცა სასწავლო პროგრამის 90% ჩვენი პედაგოგების მიერაა შექმნილი და ანალოგი არ აქვს.

M: როგორც ვიცით, ამ სემესტრიდან, ახალ პროგრამას ამატებთ… უფრო დაწვრილებით  ვისაუბროთ ამაზეც…
ახალი სემესტრიდან მათემატიკის პროგრამასა და პროგრამირების გაღრმავებულ კურსს ვამატებთ, რომელიც მიმართული იქნება საოლიმპიადო თემატიკისკენ, ასევე რამდენიმე უფრო პრაგმატულ კურსს ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის, რომელიც ორიენტირებული იქნება რეალური პროექტების შექმნაზე. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი მოსწავლისთვის გახდება საინტერესო და სასურველი ჩვენს აკადემიაში სწავლის დაწყება.

M: რა არის თქვენი სათქმელი იმ მშობლებისთვის, რომლებმაც არ იციან, ან ჯერ ვერ გადაწყვიტეს, მოიყვანონ, თუ არა ბავშვი „იუჯი-ლიმეს“ აკადემიაში? რატომ გვჭირდება, სკოლის პარალელურად, დამატებით, STEM განათლება?
თითქმის არ არსებობს მოსწავლე, რომელსაც ეს არ აინტერესებს. ყველა ბავშვი სახლში შლის, აწყობს რაღაც ნივთებს. ეს ბუნებრივი მოვლენაა, ინტერესის გამოხატვა სწორედ აქედან იწყება. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ მათი ინტერესების დაკმაყოფილებას და შესაბამისი რესურსები სათანადო ფორმით მივაწოდოთ. 

ჩვენი აკადემია ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა. მრავალი შემთხვევა გვქონია, როცა ბავშვი, ამ მიმართულებით, ჩვენთან მოსვლის შემდეგ დაინტერესებულა და მომავალი პროფესიაც დაუკავშირებია მასთან. ამიტომ, მშობლებსა და ბავშვებს ვურჩევ, რომ მოვიდნენ, სასწავლო პროცესი ნახონ, საჩვენებელ გაკვეთილებს დაესწრონ, რომელსაც ყოველი წლის დასაწყისში ვაწყობთ და ამის შემდეგ მიიღონ ჩვენთან მოსვლის გადაწყვეტილება. 

M: ამჟამად, რა არის „იუჯი-ლიმეს“ მთავარი საზრუნავი?
ძალიან ბევრი მსურველია რეგიონებში, რომლებიც ითხოვენ, რომ მათთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენთან სწავლა. ამიტომ, ჩვენი ძირითადი ძალისხმევა მიმართულია რეგიონებთან მჭიდრო კავშირის დამყარებისკენ, რათა სწავლების დაწყება ყველგან გახდეს შესაძლებელი. 

გარდა ამისა, ძირითადი პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით, კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა, ამიტომაც, ვგეგმავთ, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობის საფუძველზე, მომზადების პროგრამა შევქმნათ, რაც შესაძლებელს გახდის, ამ მიმართულებით, უფრო მეტი მასწავლებელი გვყავდეს.

M: და როგორია ტექნოლოგიების ეპოქაში, რობოტიკის აკადემიის სამომავლო გეგმები?
გვინდა, ჩვენი პროგრამები უცხოურენოვანი კონტიგენტისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი. ამ მომენტისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვფიქრობთ, ძალიან მალე საერთაშორისო მასშტაბზე გავალთ.

ასევე, ახალ პროექტს ვგეგმავთ, რომელშიც საჯარო და კერძო სკოლები გვინდა, ჩავრთოთ და STEM-ით დაინტერესებული ყველა მოსწავლე ერთმანეთთან დავაკავშიროთ. ყოველი წლის ბოლოს კი, ერთიან კონკურსში მიიღონ მონაწილეობა, რომელსაც ორგანიზებას UGLIMES-ის გუნდი და საქართველოს უნივერსიტეტი გაუწევს. დღეს, ჩვენს თითოეულ ნაბიჯში კიდევ უფრო დარწმუნებულები ვართ და ვფიქრობთ, რომ მსგავსი აკადემიის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცისა და მომავალი თაობისთვის. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში კიდევ უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი გახდეს STEM მიმართულება და ამ საქმით უფრო მეტი ადამიანი დაკავდეს.

 

[R]

 

ავტორი: თიკა გეგენავა

განხილვა