სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიამ UGT განათლების სფეროს მხარდაჭერა კამპანიით #დარგეგანათლება #planttheeducation დაიწყო. ტრენინგებზე სტუდენტები შრომის უსაფრთხოებასა და საოფისე პროგრამებს უფასოდ შეისწავლიან. კომპანიის ხელშეწყობით, შრომის უსაფრთხოების კურსი პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ჩაუტარდებათ. ხოლო Excel-ის ტრენინგს სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურად დაუცველი სტუდენტები გაივლიან. UGT-ის ბიზნეს განვითარების დირექტორის შიო ხეცურიანის თქმით, კომპანიას სურს ახალგაზრდებს უკეთესი განათლების მიღების საშუალება მისცეს:
“როდესაც ამ მიმართულებით დავიწყეთ ფიქრი, შევნიშნეთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა შრომის უსაფრთხოებაა. სამწუხაროდ, ეს საკითხი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ პრობლემურია. ამიტომაც, ამ სფეროს მხარდასაჭერად, გადავწყვიტეთ დაგვეწყო კამპანია #დარგეგანათლება, რომლის ფარგლებშიც, დავიწყეთ პროფესიულ სასწავლებელთან შრომის უსაფრთხოების ტრენინგი. ხოლო Excel-ის ტრენინგის ჩატარებას სახელმწიფო უნივერსიტეტების სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის ვგეგმავთ. შრომის ბაზარზე ექსელის ცოდნა ძალიან მოთხოვნადია და ჩვენს სამიზნე აუდიტორიას აქვს მისი შესწავლის აუცილებლობა. სასწავლო კურსი 17 მაისს დავიწყეთ და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. დიდი იმედი გვაქვს, კამპანიას #დარგეგანათლება ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლებიც შემოუერთდებიან.“
M: შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით, სახელდობრ, რა საკითხებია აქტუალური, რაზეც ყურადღება გამახვილდება ტრენინგის განმავლობაში?
ინტერაქციული ტრენინგ-სემინარის ფარგლებში განხილული იქნება სხვადასხვა სამუშაო გარემო და მათთან დაკავშირებული უსაფრთხოების აუცილებელი ნორმები. მონაწილეები მიიღებენ ცოდნას შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტანდარტების შესახებ, გამოიმუშავებენ უნარებს სამუშაოს მაღალხარისხოვნად შესრულებისთვის და განავითარებენ ძირითად კომპეტენციებს.
M: რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ მონაწილეები?
შრომის უსაფრთხოების ტრენინგისთვის, ვეცადეთ ისეთი მონაწილეები შეგვერჩია, რომლებსაც ამ სფეროსთან პროფესიული შეხება აქვთ: მშენებლობა, ელექტრობა და ა.შ. რაც შეეხება Excel-ის კურსს, ტრენინგები სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სწორედ მათთვის, ვისაც დიდი სურვილის მიუხედავად ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. კამპანიით #დარგეგანათლება გვინდა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქვეყანაში ცოდნის ხელმისაწვდომობას.
M: ვინ ატარებს ამ ტრენინგებს?
ტრენინგებს ატარებს ჩვენი შვილობილი კომპანია IT Knowledge, რომელიც პროფესიული გადამზადების კურსებზეა ორიენტირებული. IT მიმართულების კურსებთან ერთად, ორგანიზაციას აქვს შრომის უსაფრთხოებისა და Excel-ის მიმართულებებით სწავლების ლიცენზია, და ჰყავს კვალიფიციური ლექტორები. კურსების დაფინანსებას UGT უზრუნველყოფს. სამომავლოდაც, ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლებაში ინვესტირებას აუცილებლად განვაგრძობთ.
ამ სწავლების მნიშვნელობაზე “მერმისის” დირექტორი, ნონა ღუდუშაური, გვესაუბრა:
“კოლეჯისათვის შრომითი და პროფესიული უსაფრთხოების ტრენინგის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ტრენინგის თემატიკა აქტუალურია. მადლობას ვუხდით კომპანია UGT-ის, რადგან ტრენინგის შემდეგ, ჩვენი კოლეჯის სტუდენტებს ექნებათ შრომითი და პროფესიული უსაფრთხოების შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში არ ისწავლება. “
[R]