in

ქართველი UX/UI დიზაინერების ფავორიტი ციფრული პროდუქტები

ახლა, როდესაც ამ ტექსტს კითხულობთ, თქვენ ვებგვერდის UI/UX-ის მომხმარებელი ხართ. რატომ წერია ეს ტექსტი გვერდის ცენტრში და არა თავში, რატომ არის გამოყენებული ეს ფონტი, ეს ფერები, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ გადახვიდეთ საიტის მთავარ გვერდზე და კიდევ ბევრი სხვა ქმედება, რომელსაც ინტუიტიურად ახორციელებთ აქ ან სხვა ციფრული პროდუქტის შეხებისას, სწორედ UI/UX დიზაინის ნაწილია. 

BOG
BOG

მოდი, ერთად გავშიფროთ ეს აბრევიატურები:

UI (User Interface) არის მომხმარებლის ინტერფეისის აბრევიატურა. მარტივი სიტყვებით, ეს არის მობილური აპლიკაციის ან ვებსაიტის ინტერაქციულობისა და მისი პრეზენტაციის გაუმჯობესების პროცესი. იგი ყურადღებას ამახვილებს აპლიკაციის გარეგნობასა და დიზაინზე. ყველა ეკრანი, ღილაკი, გვერდი და სხვადასხვა ვიზუალური კომპონენტი, რომელსაც ხედავთ აპლიკაციის გამოყენების დროს, არის მომხმარებლის ინტერფეისი.

ახლა, როცა იცით, რა არის UI, გავეცნოთ UX-ს (user experience), ანუ მომხმარებლის გამოცდილებას. აქაც უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, მომხმარებლის გამოცდილება (UX) არის მომხმარებლების ან ვიზიტორების ყოვლისმომცველი გამოცდილების გაძლიერების სტრატეგია, როდესაც ისინი ეწვევიან ვებსაიტს ან აპლიკაციას. ეს კეთდება იმისათვის, რომ პროდუქტმა შეასრულოს თავისი მიზნები, უზრუნველყოს მომხმარებლის მაქსიმალური კმაყოფილება, არ დააბნიოს მომხმარებელი, მარტივად მიახვედროს, სად, რა, რისთვის არის გაკეთებული და შეაძლებინოს ყველა ფუნქციაში გარკვევა.

ეს ყველაფერი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები, როცა ახალ ვებაპლიკაციას ქმნიან, უამრავ დროს, ენერგიასა და რესურსს ხარჯავენ საუკეთესო UI/UX-ის მოსაფიქრებლად და შესაქმნელად. ისინი მუშაობენ იდეებზე, ეძებენ რეფერენსებს, დიზაინერებს ეხმარებიან ტესტერები და პროექტების მენეჯერებიც, ერთი სიტყვით, მთელი გუნდია იმაზე ორიენტირებული, რომ კარგი ციფრული პროდუქტი დაიდოს. ამაში დიზაინს გადამწყვეტი როლი აქვს. 

სწორედ ამ მიზეზთა გამო, რომ UI/UX დიზაინი ასეთი მნიშვნელოვანია, დავინტერესდით ქართველი დიზაინერების შეხედულებით: რომელი ცნობილი ვებაპლიკაციები მოსწონთ და რის გამო…

გივი დაუთაშვილი, UI/UX დიზაინერი:

ჩემთვის ციფრულ პროდუქტში ყველაზე მნიშვნელოვანია მისი მოხმარების სიმარტივე და ის, თუ რამდენად კარგადაა მორგებული მომხმარებლის ინტერესებს.

ყოველდღიურად საკმაოდ ბევრ აპლიკაციას მოვიხმარ, მაგრამ აქედან ორს გამოვარჩევდი.

პირველი არის IOS აპლიკაცია Reminder, რომელსაც საკმაოდ ხშირად ვიყენებ. ეს არის აპლიკაცია, რომელშიც შეგიძლია დაამატო თასქები, შეადგინო დღის გეგმა და დააყენო შეხსენებები დროის და ადგილმდებარეობის მიხედვით. ამ პროდუქტში მომწონს მისი სიმარტივე და დახვეწილი ინტერფეისი. მისი გამოყენება მარტივია ნებისმიერი მომხმარებელისთვის. მართალია, ამ აპლიკაციას არ აქვს ისეთი სიღრმე და ფუნქციების სიმრავლე, როგორც დიდი პროექტების დასამენეჯმენტებელ აპლიკაციებს აქვთ, მაგალითად Asana-ს, Todoist-ს ან Clickup-ს, მაგრამ როცა მთელი დღის მუშაობის შემდეგ, სახლში პურის წაღება არ გინდა, რომ დაგავიწყდეს ამისთვის ამაზე კარგი აპლიკაცია არ არსებობს. ასევე ამ აპის პლიუსია ის რომ apple-ის ნებისმიერი მოწყობილობიდან შეგიძლია ნახო შენი თასქები, რემაინდერები და თუ მანქანის ტარების დროს რაღაც გაგახსენდა, რაც არ გინდა, რომ დაგავიწყდეს, „სირის” დახმარებით უმარტივესად შეძლებ ახალი ჩანიშვნების გაკეთებას.

მეორე აპლიკაცია, რომელსაც საკმაოდ ხშირად ვიყენებ არის GarageBand. ეს არის აპლიკაცია, რომელშიც არის ძალიან დიდი რაოდენობის ინსტრუმენტებისა და სხვადასხვა ხმების ნაკრები, რომლის გამოყენებითაც შეგიძლია, შექმნა მუსიკა ან ხმის ეფექტები. როდესაც მუსიკის შექმნის ჰობი გამიჩნდა და ამის სწავლა გადავწყვიტე, საკმაოდ ბევრი პროფესიონალური პროგრამა ვცადე და ყველგან ვაწყდებოდი ერთ წინაღობას: აპლიკაციის გახსნის შემდეგ ვერ ვხვდებოდი, რა უნდა გამეკეთებინა და მიწევდა ტუტორიალების ნახვა, რომ გამეგო, რა უნდა მექნა. ყველა მათგანს ჰქონდა საკმაოდ გადატვირთული UI და ძალიან რთული იყო მათი მოხმარება. ბევრი ძებნის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ თურმე ეფლს აქვს თავისი აპლიკაცია – GarageBand, რომელშიც დამხვდა უმარტივესი UX და ლამაზი UI. ყველაფერი ისეა განაწილებული, რომ ძალიან მარტივია ნებისმიერი ფუნქციონალის მოძებნა და თვალისთვისაც საკმაოდ მარტივი აღსაქმელია ყველაფერი. ამ აპსაც არ აქვს ისეთი სიღრმისეული ფუნქციონალი, როგორც სხვა უფრო პროფესიონალურ პროგრამებს, მაგრამ ჩემნაირი ადამიანის, რომელსაც მუსიკის შექმნასთან არანაირი შეხება არ ჰქონია და ნოტებიც კი არ იცის, ძალიან მარტივად შეუძლია დაიწყოს მუსიკის სწავლა და შექმნას, სხვათაშორის, არც თუ ისე ცუდი მუსიკა”.

ნოდარ ოქრუაშვილი, UI/UX დიზაინერი:

„AIRBNB – პირადად ჩემთვის უალტერნატივო პლატფორმა, როგორც თვითონ აპლიკაციის სიმარტივითა და მოხერხებულობით, ასევე სანდოობით. საინტერესო განახლებები იყო ბოლო პერიოდში: წინ წამოიწია კატეგორიები და მე მგონი, პირველად სპონტანურად გამიჩნდა რაღაცის დაგეგმვის სურვილი. დაემატა Split stays ფუნქციონალი, რაც გაძლევს საშუალებას, დაჯავშნო 2 მსგავსი სივრცე ერთდროულად თარიღების მიყოლებით (პირადად არ გამომიყენებაი ჯერ). გარდა ამისა, ყველა ამ სფეროში მომუშავე დიზაინერისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს airbnb.design-ის გარჩევა, სადაც არტიკლებს შეხვდებით მათ პროდუქტებზე, ტიპოგრაფიაზე, სხვადასხვა კვლევებზე, მომხმარებლის ქცევაზე, დეველოპმენტზე და სხვა.

BOG APP

თუ ქართულ ციფრულ პროდუქტებზე ვსაუბრობთ, ვერ გავექცევით ბანკებს.

საქ. ბანკის მობაილ აპლიკაცია – პირადად ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია. შემიძლია 1

სივრცეში ძალიან ბევრი რაღაც შევასრულო (გადავრიცხო თანხა, გადავიხადო კომუნალურები/განბაჟება, შევუკვეთო ბარათი ან სერვისი, ვნახო ბანკომატი, დავეკონტაქტო ბანკირს და ა.შ.) მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ფუნქციონალია, მაინც მგონია, რომ მარტივად აღქმადი და გასაგებია კონკრეტული იუზერებისთვის. დიზაინ სისტემა ძალიან ნაფიქრია და ყველა დეტალში გათვლილი (ტიპოგრაფია, ფერები, მიკრო/მაკრო სივრცეები და სხვა), ანიმაცია თანამედროვე. ძალიან მოსახერხებელი, მარტივი აპლიკაციაა, რომელიც ამარტივებს ბანკთან მოსაწყენ ურთიერთობას/კომუნიკაციას”.

ასეთია ჩვენი UI/UX დიზაინერთა არჩევანი…თქვენ რომელი მოგწონთ?

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

შვედურმა კომპანიამ „ანტი-ნაბახუსევის“ აბები შექმნა

შეცდომები, რომლებიც უნდა გამოვრიცხოთ პროდუქტის პროტოტიპირებისას