ციფრული სამყარო დღე-ღამესავით სწრაფად იცვლის ფერს, შესაბამისად, თითოეული მიმართულება იმდენად მალე ამკვიდრებს ახალ-ახალ ტენდენციებს, რომ მუდმივად პულსზე უნდა გეჭიროს ხელი. ეს განსაკუთრებით კომპანიებს ეხებათ, რომლებსაც სურთ, რომ მომხმარებელი არასოდეს დაკარგონ.
ამ კუთხით, UI/UX ტენდენციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის პირდაპირ აისახება მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე თქვენს ციფრულ აპლიკაციებში. გამომდინარე იქიდან, რომ ტექნოლოგიები ვითარდება, ხოლო მომხმარებლის მოლოდინები იზრდება, დიზაინერები უნდა მიჰყვნენ ტრენდებს, გაეცნონ ახალ ხელსაწყოებსა და მეთოდოლოგიებს.
თავის პროფესიულ გამოცდილებას ამ სტატიაში UI/UX დიზაინერები და UX მკვლევარი გაგვიზიარებენ.
დათო კოხრეიძე, UI/UX დიზაინერი:
„მოგეხსენებათ, დღეს UI/UX დიზაინში ტენდენციებისა და ტრენდების ცვლას განაპირობებს საკმაოდ ცნობილი, გამოყენებადი აპლიკაციები. ასევე, გამორჩეული, ნიჭიერი UI/UX დიზაინერების ნამუშევრები და ხედვები, რომლებსაც ხანდახან ყოველდღიურადაც გვიზიარებენ. ტრენდებისა და ტენდენციების გასაცნობად, ციფრული პროდუქტის დიზაინერები ვიყენებთ ისეთ პლატფორმებს, როგორებიცაა: Dribbble, Behance, Awwwards, Pinterest, Medium (სტატიებისთვის თანამედროვე ტენდენციების და ტრენდების შესახებ).
ყოველდღიურად გამოყენებად აპლიკაციებში მინიმალისტური სტილია დამკვიდრებული, სადაც გამოყენებულია მარტივი, ორგანზომილებიანი ელემენტები და ნათელი ფერები საკმაოდ აქტუალურია, გარდა ამისა, საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა ტიპოგრაფიასა და ხატულების გამოყენებას.
შედარებით უფრო კრეატიული ან სავიზიტო ხასიათის მატარებელი ციფრული პროდუქტებისთვის დამახასიათებელია საინტერესო, ხანდახან დეკორაციული, დიდი ზომის ფონტები და საკმაოდ მკაფიო გამოკვეთილი Neon-ის ტიპის ფერების, ასევე პასტელური ფერების გამოყენება.
გიზიარებთ რამდენიმე ნიმუშს, რომლებიც მომწონს: https://dribbble.com/shots/24484584-Finance-app-design
https://dribbble.com/shots/24128818-Landing-page-for-Task-Manager-App
https://dribbble.com/shots/24481767-Top-post-in-June”.
სალი მაზნიაშვილი, UX მკვლევარი:
„AI-ს ჩვენს ცხოვრებაში დომინანტურმა შემოჭრამ დიდი გავლენა იქონია ყველა სფეროზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, UX/UI დიზაინზეც.
AI-ს დახმარებით, მომხმარებლის გამოცდილება გახდა უფრო მეტად პერსონალიზებული და მომხმარებელზე ორიენტირებული, რამაც, შედეგად, სფეროს წარმომადგენლებს მისცა საშუალება, შეექმნათ დიზაინი, რომელიც იქნებოდა ინკლუზიური და ინოვაციური. კიდევ უფრო შემცირდა ბარიერები ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ AI საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ მომხმარებლის ქცევა და მასზე მორგებული დიზაინი შევქმნათ. ხელმისაწვდომობის კუთხით კი, უზრუნველვყოთ ისეთი ინტერფეისები, რომლებიც ყველანაირი საჭიროების მქონე ადამიანისთვის მოსახერხებელი იქნება. თანამედროვე დიზაინში ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნაა.
რაც შეეხება ვიზუალურ ნაწილს, კიდევ უფრო გაძლიერდა მოთხოვნა მინიმალისტურ და ესთეტიკურ დიზაინსა და ფორმებზე. სუფთა და მინიმალისტური დიზაინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპლექსურ ინტერფეისებში, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით ინფორმაციას. ამ სახის დიზაინი მომხმარებლებს ეხმარება, სწრაფად და მარტივად შეძლოს ინფორმაციის გადამუშავება და, შესაბამისად, პროდუქტის ეფექტური გამოყენება.
გარდა ამისა, UX/UI დიზაინში აქტუალობას ინარჩუნებს მიკროინტერაქციები, რომლებიც უზრუნველყოფს უკუკავშირს მომხმარებლის ქმედებებზე. ეს ყველაფერი მიიღწევა მცირე ანიმაციებით, რომლებიც საპასუხოდ მოჰყვება ადამიანის ქმედებებს. განსხვავებით წინა წლებისგან, მიკროინტერაქციები უფრო მეტად დაკონცენტრირდა ემოციებზე, რაც ციფრულ პროდუქტებს ხდის უფრო მეტად ინტუიციურს.
ხმოვანი ინტერფეისი (Voice user interface) გულისხმობს მომხმარებლებისთვის პროდუქტის გამოცდილების შექმნას, რომლის მართვაც საუბრის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ტრადიციულისგან განსხვავებით, ეს ტენდენცია პროდუქტის დიზაინერებს უბიძგებს შეხების ნაცვლად დიზაინი კონცენტრირებული იყოს ხმის გამოყენებაზე.
გიზიარებთ ნიმუშებს, რომლებიც მომწონს:
- ინსტაგრამი – აქტიურად იყენებს მიკროინტერაქციულ კომპონენტებს, სადაც გათვალისწინებულია მომხმარებლების ემოციები, აპლიკაცია არის სიმარტივის პრინციპებზე შექმნილი.
- Duolingo – ენის სწავლისთვის შექმნილი აპლიკაცია, რომელიც გემიფიკაციის დახმარებით ხდის ენის შესწავლას მარტივს, იყენებს AI ტექნოლოგიებს, რაც მომხმარებელზე მორგებულ დიზაინს განაპირობებს.
- Shazam – რომლის გამოყენებაც მინიმალისტური დიზაინის საშუალებით ძალიან მარტივია.”
მნიშვნელოვანია, ყველა დიზაინერი მისდევდეს ტენდენციებს, რადგან გარემო საკმაოდ კონკურენტულია და ახალი იდეების გენერირება, ახალ ტექნოლოგიებთან და მოთხოვნებთან ადაპტაცია გარდაუვალია.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი