in

იდეალური კომბინაცია – როგორ თანამშრომლობენ UI/UX დიზაინერი და UX მწერალი

თუ ვებგვერდზე შეხვედით და დაიკარგეთ, ეს არასწორად შერჩეული დიზაინის ბრალია; ასევე, თუ ვებგვერდზე შეხვედით და ტექსტები გაურკვეველია, სათაურები, აღწერები და მოწოდებები, ე.წ. CALL TO ACTION-ები – არარელევანტური, შესაძლოა, მასზე UX მწერალს არ უმუშავია და პრობლემაც ეს იყოს…

ვებსაიტის გამართულ ვიზუალსა და ნავიგაციაში დიდი წვლილი მიუძღვის ორ ადამიანს: UI/UX დიზაინერსა და UX მწერალს. ისინი ერთმანეთთან თანამშრომლობით მიისწრაფვიან საერთო შედეგამდე. დიზაინერი ვებგვერდის გარეგნულ მხარეზე მუშაობს, მწერალი კი იმაზე, რომ ყველა ტიპის ტექსტი, რაც კი კომპანიის ვებსაიტზე შეგხვდებათ, მიმზიდველი, საინტერესო და, რაც მთავარია, UI/UX-ის ტექნიკებს მორგებული იყოს. 

ქეთი ალავერდაშვილი UX მწერალია. ის ვრცლად გვესაუბრა თავისი პროფესიისა და დიზაინერთან თანამშრომლობის თავისებურებების შესახებ.

M: ვებსაიტის თუ აპლიკაციის შექმნისას UI/UX დიზაინერის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა უკვე ბოლო წლებია, მას UX მწერალიც დაუმეგობრდა. რას აკეთებს UX მწერალი?

UX მწერლის საქმიანობა ინტერფეისის ტექსტებზე მუშაობას მოიცავს. ეს ეხება ვებგვერდებსა და მობილურ აპლიკაციებზე არსებულ ტექსტებს, რომელთანაც მომხმარებელს აქვს ინტერაქცია: ღილაკები, სხვადასხვა შინაარსის ნოტიფიკაციები და ა.შ. პრაქტიკულად UX ტექსტები დიზაინის ნაწილია და დიზაინის გარეშე არ არსებობს. მისი მთავარი მიზანი კი მომხმარებლის იმ გამოცდილების გამარტივებაა, რაც ციფრული პროდუქტის კომფორტულად გამოყენებას გულისხმობს. 

ტექსტებზე მუშაობისას მთავარია კომპანიის სასაუბრო ტონის გათვალისწინება და თანმიმდევრულობის ამის მიხედვით დაცვა. მაგალითად, თუ ერთ-ერთ სივრცეში მომხმარებელს შენობით ვესაუბრებით, მეორე გვერდზე თქვენობითი ფორმა არ უნდა გამოვიყენოთ, ან თუკი რაიმე ღილაკზე წერია ,,დარეგისტრირდი’’, სხვა იდენტურ ღილაკზე არ უნდა ეწეროს ,,რეგისტრაცია’’ ან ,,დარეგისტრირდით’’ – ეს ერთ-ერთი საკვანძო დეტალია.

ვახსენე, რომ UX მწერლების კომპეტენცია ციფრულ პროდუქტებზე (ვებგვერდი, აპლიკაცია) არსებული ტექსტების შედგენაა, თუმცა ეს არ ეხება, მაგალითად, ბლოგებს, რაც ასევე ვებგვერდის ნაწილია. ბლოგებზე, პროდუქციის მარკეტინგულ აღწერებსა და კრეატიული ტიპის ტექსტებზე, კრეატიული ქოფირაითერები მუშაობენ. UX მწერლის საქმე უფრო ,,ტექნიკური’’ შინაარსის ტექსტებია.

M: როგორ ხდება პროცესების დაგეგმვა ამ სფეროში – როგორ თანამშრომლობთ UX მწერლები დიზაინერებთან?

როგორც წესი, ჯერ არსებობს პროდუქტის დაკვეთა, რასაც პროდუქტზე მომუშავე თითოეული პროფესიონალი უნდა იყოს ჩართული. შემდეგ იქმნება დიზაინის პროტოტიპი, რა ეტაპზეც უკვე სასურველია ტექსტური მონახაზი არსებობდეს და ციფრულ პროდუქტზე მომუშავე გუნდს უკვე ჰქონდეს წარმოდგენა, სად რა ტიპის ტექსტი დაიწერება. იშვიათია შემთხვევები, როცა დიზაინის გარეშე გვიწევს ტექსტებზე მუშაობა, თუმცა ეს ბოლომდე UX მწერლის კომპეტენცია არ არის, რადგან, როგორც უკვე ვახსენე, ჩვენ ტექსტებს მხოლოდ დიზაინზე მორგებულად ვქმნით. ასე რომ, მარტივად რომ ვთქვათ, UX დიზაინერის მიერ შექმნილ ვიზუალურ პროდუქტს UX მწერალი ტექსტური ნაწილით სრულყოფს, შემდეგ კი ციფრული პროდუქტის დატესტვა, კვლევა და დეველოპმენტის ეტაპები იწყება. 

M: რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ UX მწერალი თავიდანვე ჩართული იყოს დიზაინის შექმნაში? 

ტექსტი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რის მიხედვითაც მომხმარებელმა უნდა მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება – იქნება ეს რაიმე პროდუქტის შეძენა, საიტზე დიდხანს გაჩერება თუ რაიმე ციფრული სერვისით სარგებლობა. სასურველია, პროდუქტის შექმნის საწყის ეტაპზევე მზად იყოს ტექსტური ნაწილის თუნდაც მონახაზი, რისი შეცვლა და დახვეწაც შემდგომ უკვე კვლევის შედეგების მიხედვით შეიძლება. თუ UX მწერალს თავიდანვე სრულად ექნება ინფორმაცია პროდუქტის თავისებურებებზე, მიზნობრივ მომხმარებელზე, სასაუბრო ტონზე და ა.შ., ცხადია, იზრდება შანსი, რომ ტექსტები ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მომხმარებელს სჭირდება.

M: და მაინც, როცა უკვე ასეთი სიტუაციაა, როგორ ხდება ტექსტის მორგება უკვე არსებულ დიზაინზე? 

ამ შემთხვევაში, მთავარია პროდუქტისა და მუშაობის პროცესზე სრული ინფორმაცია ჰქონდეს UX მწერალს და ის თავისუფლად დაიწყებს მუშაობას უკვე გამზადებულ დიზაინშიც. სირთულე მაშინ ჩნდება, თუ კომპანიის ახალი პროდუქტი (ან არსებული პროდუქტის ახალი ფუნქციონალი) სხვა ნამუშევრებისგან მკვეთრად განსხვავდება ან რაიმე სახის არაკონსისტენტურობას (არათანმიმდევრულობა) ვაწყდებით, რაც ტექსტებზეც შეიძლება აისახოს. სხვა მხრივ, თუკი დიზაინი უკვე შექმნილია და არც თანმიმდევრულობა ირღვევა, ეგ შესაძლოა ამარტივებდეს კიდეც UX მწერლის საქმეს, რადგან უფრო მკაფიო წარმოდგენა აქვს პროდუქტზე, ხედავს ვიზუალებს, წარმოიდგენს, რა ტიპის ინფორმაცია სად შეიძლება დაწეროს და თავისუფლად შეუძლია ტექსტური ნაწილი ასახოს.

M: რა რჩევებს მისცემდით კომპანიებს, რომლებიც UX მწერლის გარეშე მუშაობენ? 

რთულია დღეს იპოვო კომპანია, რომელსაც რაიმე ტიპის ციფრული პროდუქტი არ აქვს, იქნება ეს ვებგვერდი თუ მობილური აპლიკაცია. მათი გამართული, შეუფერხებელი მუშაობა კი ხშირად პირდაპირ არის მიბმული გაყიდვების ზრდაზე. გარდა ტექნიკური დახვეწილობისა, მომხმარებელს სჭირდება ცხადი და მკაფიო ინფორმაციის მიღება, მარტივი და თანმიმდევრული ტექსტური ნაწილის აღქმა, რაც არ აძლევს ბევრნაირი ტიპის ინტერპრეტაციას და უმარტივებს გამოცდილებას. გასაგები და დამაინტერესებელი ტექსტის გარეშე ძნელია, მომხმარებელი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაარწმუნო და შესაძლოა, მის დემოტივაციასაც შეუწყო ხელი, საერთოდ გაიყვანო აპლიკაციიდან/საიტიდან.

არის შემთხვევები, როცა კომპანია არ ფლობს მასშტაბური ფუნქციის ციფრულ პროდუქტებს, რომლის ტექსტებზეც ინტენსიური მუშაობაა საჭირო, ან მას არ აქვს რესურსი, სრულ განაკვეთზე დაიქირაოს UX მწერალი. ასეთ შემთხვევაში, ფრილანსერ სპეციალისტთან თანამშრომლობაც კარგი აზრია, რადგან დიზაინთან და დეველოპმენტთან ერთად, ტექსტური ნაწილიც მომხმარებელზე ორიენტირებული იყოს.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

4 გზა უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად

Heineken-მა ბოთლების გადასამუშავებლად ახალი კამპანია წამოიწყო