დიდ ბრიტანეთში აიკრძალა რეკლამები, რომლებიც გენდერული სტერეოტიპების გაღრმავებას უწყობენ ხელს. ასევე, რეკლამები, რომლებმაც სერიოზული ან ფართომასშტაბიანი დანაშაული შეიძლება გამოიწვიოს. რეგულაცია რეკლამის სტანდარტების ორგანიზაციამ ASA მიიღო. ASA-მ, რომელიც დიდ ბრიტანეთში სარეკლამო პროცესებს აკონტროლებს, განმარტა, რომ მტკიცებულებების თანახმად, რეკლამას შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ოცნებებზე. სახელდობრ, ხელი შეუშალოს ქალებისა და მამაკაცების შესაძლებლობების სრულყოფილად გამოვლინებას. ამის მაგალითად, მოიყვანეს Aptamil-ის საბავშვო რძის 2017 წლის სატელევიზიო რეკლამა, სადაც ახალშობილი გოგონა ბალერინობაზე ოცნებობს, ბიჭი კი – ინჟინრობაზე ან მთამსვლელობაზე.
სხვა პრობლემური სცენარის თანახმად, მიუღებლად მიიჩნიეს რეკლამაში რაიმე გამოწვევასთან ვერ გამკლავება გენდერული ნიშნის გამო. ასევე, აიკრძალა რეკლამები, სადაც მამაკაცები სტერეოტიპულად ქალურ როლებზე ხუმრობენ.
თუმცა, რეგულაცია არ გულისხმობს ყველა ამგვარი რეკლამის ცალსახად აკრძალვას. ASA თითოეულ ქეისს “კონტენტისა და კონტექსტის” პრინციპით განიხილავს, რომ გაიგოს, არის თუ არა კონკრეტული გზავნილი მავნე. გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა ცნობილი, რომ რეკლამის შემქმნელებისთვის ცვლილებებზე მორგების დრო მიეცათ. შესაძლოა, ეს სიახლე ეფექტური აღმოჩნდეს კიდეც, თუმცა, ჯერჯერობით, BBC ამ რეგულაციას განუსაზღვრელსა და ბუნდოვანს უწოდებს.