თითქმის 4000 წლის წინ მესოპოტამიაში მცხოვრები კაცი ნანნი იმდენად იმედგაცრუებული დარჩა ვაჭარი ეა-ნასირისგან ნაყიდი სპილენძით, რომ ოფიციალური საჩივრის დაწერა გადაწყვიტა. დღეს კი ეს ბრინჯაოს ეპოქის თიხის ფირფიტა მომხმარებლის ყველაზე ძველი საჩივარია, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცით.
თუმცა, მაშინ ბიზნესისთვის იმის ცოდნა, რომ მათი პროდუქტით კმაყოფილი არ იყავით, მარტივი არ იყო. არც მომხმარებელთა დახმარების სპეციალისტი არსებობდა და არც ხელოვნური ინტელექტის ბოტები, ამიტომაც ნანნი იძულებული გახდა იმედგაცრუება პირდაპირ თიხაზე გადაეტანა, შემდეგ კი ადამიანის დახმარებით გაეგზავნა ეა-ნასირისთვის.
ისტორიაში ყველაზე ძველი მომხმარებლის საჩივარი იმხელა იყო, რომ თიხის არცერთი წერტილი დაუკარგავს. ეს ფირფიტა ზომით 11.6 x 5 სანტიმეტრია, მასზე წარწერები კი ნანნიმ აქადური ენით დაიტანა, რომელიც მხოლოდ 1967 წელს თარგმნა ასირიოლოგმა ადოლფ ლეო ოპენჰაიმმა და თავის წიგნში Letters from Mesopotamia წარადგინა.
„ჩემს შიკრიკს დაუდე სპილენძის ჯოხები, რომლებიც არ იყო კარგი, და უთხარი: თუ გინდა რომ წაიღო, წაიღე, თუ არადა, წადი“, — ვკითხულობთ ნანნის საჩივარში.
როგორც ჩანს, მას ეა-ნასირისთვის კონკრეტული ოდენობის სპილენძისთვის ფული წინასწარ ჰქონდა გადახდილი, რაზეც მალევე მიხვდა, რომ არ იყო გონივრული სვლა… თუმცა, ამ ვაჭრის მსხვერპლი მხოლოდ ნანნი არ გახლდათ, მეოცე საუკუნის არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ურის ქალაქში, ამ თიხის ფირფიტასთან ერთად, სხვებიც იპოვეს, რომლებიც მსგავსი შინაარსის იყო.
„მე გამოვაგზავნე შიკრიკები, რომ წამოეღოთ ჩემი ფულით სავსე ჩანთები (თქვენთან არსებული), მაგრამ უპატივცემულოდ მომექეცით რამდენჯერმე მათი ხელცარიელი გამოგზავნით. არის თუ არა ვინმე ვაჭრებს შორის ისეთი, ვინც ტილმუნით ვაჭრობს და ასე მექცევა? მარტო შენ მოექეცი ჩემს შიკრიკს უპატივცემულოდ“, — წერს ნანნი.
ტილმუნის ვაჭრებს ძვ. წ. III ათასწლეულში სამხრეთ მესოპოტამიაში ასობით კილოგრამი სპილენძი გადაჰქონდათ, მათ შორის ურშიც. არ ვიცით, ეს ტილმუნი სპილენძის წარმოშობას აღწერს თუ სახელგანთქმულ სავაჭრო პუნქტს, მაგრამ ფაქტია, ტილმუნის სპილენძი იმდენად დომინანტური იყო, რომ ურში ტრანზაქციები ტილმუნის წონის სტანდარტის მიხედვით სრულდებოდა.
საინტერესოა, რომ იმ დროს, როცა ნანნი ისტორიაში პირველ საჩივარს წერდა, დაახლოებით ძვ. წ. 1750 წელს, ტილმუნის სპილენძი ვარდნას განიცდიდა. ხოლო თუ ეა-ნასირი თაღლითი იყო, ამის მიზეზი, შესაძლოა, მისი მომწოდებლების აქციათა ვარდნაც ყოფილიყო. საჩივარი კი აი, ასე სრულდება:
„ახლა სრულად შენზეა ამ ფულის დაბრუნება. გაითვალისწინე, რომ მე აღარ მივიღებ იმ სპილენძს შენგან, რომელიც ცუდი ხარისხის იქნება. ამიერიდან, თავად ინდივიდუალურად ავარჩევ მათ და წავიღებ ჩემს ეზოში“.
ასე უკმაყოფილო მომხმარებლის ყველაზე ძველ წერილს ვეცნობით ისტორიაში მიუხედავად იმისა, რომ ვერასდროს გავიგებთ, გამოიღო თუ არა ამან შედეგი, ანუ დაიბრუნა თუ არა ნანნიმ ფული…