7
Nov
2017

ქართველმა სტარტაპერებმა უკრაინაში IT კომპანია გახსნეს!

7 Nov 2017

ქართველმა სტარტაპერებმა უკრაინაში IT კომპანია გახსნეს, რომელიც ძირითადად, Fintech-ის მიმართულებით მუშაობს, რაც ფინანსურ სერვისებს ტექნოლოგიურად უზრუნველყოფს. Fintech დიდი ბაზარია, რომელიც სწრაფად ვითარდება. კომპანიის მიზანია გახდეს კარგი შუამავალი მომხმარებელსა და ბრენდს შორის და დაეხმაროს ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუციებს ახალი ტექნოლოგიების ათვისებასა და გამოყენებაში. კონკრეტულად, რატომ გადაწყვიტეს ქართველმა სტარტაპერებმა – დავით ნატროშვილიმა, ნიკა ლომიამ, მორის ვარდუაშვილმა და შალვა ბუკიამ, მოღვაწეობის უკრაინაში გაგრძელება და რა სიახლეს მოუტანს ქართულ IT ბაზარს ქართულ-უკრაინული კომპანიის არსებობა – ამ საკითხებზე მარკეტერი შალვა ბუკიას ესაუბრა:

M: როგორია თქვენი პირადი გამოცდილება IT სფეროში?
ვარ პროდუქტ დიზაინერი, 12 წლიანი გამოცდილებით, მიმუშავია ქართული ბაზრის წამყვან კომპანიებთან, ძირითადად, ბანკებთან. ბოლო 3 წელია, რაც გადავედი სტარტაპ სფეროში: პირველი პროექტი იყო in2circle – სოციალური ქსელი გლობალური ბაზრისათვის, შემდეგი კი სადილი.ge

M: რატომ გადაწყვიტეთ კიევში IT კომპანიის დაფუძნება? რა საჭიროება იყო ამ მხრივ ბაზარზე?
დღესდღეობით, IT სფეროს მთავარი პრობლემა კვალიფიციური მუშაკების მოძიებაა. ბაზარი სწრაფად ვითარდება და კადრებზე მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე მიწოდება. უკრაინა, ამ ეტაპზე, ყველაზე საინტერესოდ გვესახება, რადგან ტექნოლოგიური ბაზარი განვითარებულია და კვალიფიციური კადრების მოპოვება უფრო მარტივია, ვიდრე ჩვენთან. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიის წინსვლისთვის მთავარი ფაქტორია. ძირითადად, Fintech-ის მიმართულებით ვიმუშავებთ. ბლოქჩეინის ტექნოლოგიის გამოჩენამ, რომლიც ტრანზაქციების შუამავლის გარეშე განხორციელებას ხდის შესაძლებელს, ყველაფერი შეცვალა. ვარაუდობენ, რომ 2027 წლისათვის, ყველა კომპანია გამოიყენებს ბლოქჩეინ ტექნოლოგიებს. ფინანსური ინსტიტუციებისათვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყველა ცდილობს, თადარიგი დაიჭიროს და არ ჩამორჩეს ამ სიახლეებს, ჩვენ კი ამაში დავეხმარებით.

M: ამჟამად, რა ეტაპზე იმყოფებით, როგორია თქვენი მოლოდინები და პერსპექტივები?
ამ ეტაპზე, გვყავს მსხვილი კლიენტი, ამერიკული NY based ფინანსური ტექ კომპანია, რომლის სახელიც ამ ეტაპზე კონფიდენციალურია. მასთან პარტნიორული პრინციპით ვთანამშომობთ და ვეხმარებით შიდა ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ხოლო სამომავლოდ, იგეგმება ახალი პროდუქტების დანერგვაში მივიღოთ მონაწილეობა და Research & Development მიმართულება გადმოვიბაროთ. მეორე მიმართულება არის Gambling Software Development, გვაქვს გამოცდილება ამ სფეროში. გვინდა, რომ ეს მიმართულებაც არ დავკარგოთ და უცხოურ ბაზარზე გავყიდოთ ჩვენი პროდუქტები. ამისთვის, ცალკე გუნდი იკვრება, რომელიც დეველოპერებისა და გაყიდვების სპეციალისტებისგან შედგება. გემბლინგის მსოფლიო ბაზარი 50 მილიარდი დოლარია და ყოველწლიურად, 10%-ით იზრდება. შესაბამისად, ამ მხრივაც კარგ პერსპექტივებს ვხედავთ.

M: რაც შეეხება sadili.ge-ს..
აქ არაფერი იცვლება, პირიქით, სიახლეები გვაქვს მომზადებული. ძირითადი მენეჯმენტი ჩემმა პარტნიორმა გადაიბარა, მეც, პერიოდულად ჩავერთვები ხოლმე.

M: გეგმავთ თუ არა საქმიანობის გავრცელებას საქართველოს IT ბაზარზეც? 
სამომავლოდ, ვგეგმავთ თბილისში ოფისის გახსნას. ჩემთვისაც და ჩემი პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და ქართველი დეველოპერები გამოჩნდნენ მსოფლიო ტექნოლოგიების რუკაზე. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გვიწევს უკრაინიდან ოპერირება, კომპანიას კი ირლანდიაში ვარეგისტრირებთ, თუმცა მოლაპარეკებისას, ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არის ქართულ-უკრაინული კომპანია.

განხილვა