„ჰიბრიდული ომი“ – ასე მოვიხსენიებთ კონფლიქტის იმ ფორმას, რომლის დროსაც დაპირისპირებული მხარეები, სამხედრო ძალებით, ეკონომიკური ბერკეტებით, ეფექტური კომუნიკაციით თუ სხვა საშუალებებით ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას. ამჯერად, ეფექტურ კომუნიკაციაზე ვისაუბრებთ – საინფორმაციო ომზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე კონვენციური დაპირისპირების პარალელურად, მთელი მსოფლიოს გარშემო ინტენსიურად მიმდინარეობს. საინფორმაციო ომის მონაწილე კი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს, ვინც ნებსით თუ უნებლიედ ავრცელებს ამა თუ იმ ინფორმაციას. რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ხშირად აღნიშნავენ უკრაინის მხრიდან ინფორმაციის ეფექტურ გავრცელებას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით. მათ შორის, Telegram-ისა და TikTok-ის სოციალური სივრცეა გამორჩეული, საიდანაც ამბები ომის მიმდინარეობაზე დეტალურად და ოპერატიულად ვრცელდება. „ესაა პირველი მსოფლიო საინფორმაციო ომი“ – ასე აფასებს მოვლენებს საკომუნიკაციო სააგენტო „ჯეპრას“ დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი, რომელიც საინფორმაციო ომის მიმდინარეობაზე გვესაუბრება.
M: რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, უკრაინა საინფორმაციო ომისთვის ძალიან კარგად აღმოჩნდა მომზადებული?
პირველ რიგში, სწორად შეარჩიეს ის არხები, სადაც ე.წ. საინფორმაციო ომი უნდა გამართულიყო. ეს „ტერიტორია“, ძირითადად, Telegram აღმოჩნდა. რატომ Telegram? იმიტომ, რომ ეს ის სივრცეა, რომელმაც რუსეთის ხელისუფლებას ხალხის დასაჭერად საკუთარი პლატფორმის გამოყენების საშუალება არ მისცა. სწორედ ამიტომ, რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აპლიკაციად იქცა, სადაც არაერთმა რუსულენოვანმა საინფორმაციო საშუალებამ დაიდო ბინა. სწორედ, ეს ტერიტორია დაიკავეს უკრაინელებმა და სწორად წარმართული კომუნიკაციით შეძლეს „წინააღმდეგობის ფრონტი“ გაეხსნათ ყველა წამყვან Telegram არხზე.
ბუნებრივია, რუსულ ტროლების ქარხანასთან გამკლავებას უკრაინული მხარე მარტო ვერ შეძლებდა. ამიტომ, შეიქმნა იმ ადამიანების დიდი მოხალისეობრივი ქსელი, რომლებიც ამ „წინააღმდეგობის ფრონტში“ ჩაერთვნენ. დღეს, Telegram-ზე გაჩაღებულია ულმობელი ომი, რომელსაც უკრაინული მხარე იგებს, რასაკვირველია, პარტნიორების დახმარებით. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი ანალიზი (მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სურვილებს ემთხვევა).
M: რის საფუძველზე შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ რუსეთი საინფორმაციო ომში მარცხდება?
ინფორმაციული ომი ჰიბრიდული ომის მხოლოდ ნაწილია. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელია, ეკონომიკური სანქციები. აქაც იკვეთება რუსეთზე გამარჯვების კონკრეტული მაჩვენებელი. ყოველივე ეს (და არამხოლოდ) მაფიქრებინებს, რომ დღეს, პირველად 21-ე საუკუნეში, რუსეთი მწარედ დამარცხდა საინფორმაციო ომში.
თავად რუსული იდეოლოგიის ერთ-ერთმა უსერიოზულესმა მხარდამჭერმა ვლადიმერ სალავიოვმა გადაცემაში თქვა: „ჩვენ საინფორმაციო ომი წავაგეთ“. მან ძალიან მკაფიოდ აღნიშნა: „ჩვენ აღარსად აღარ ვართ. საინფორმაციო ომი პირწმინდად წავაგეთ. სჯობს, თავი დავანებოთ ამ ყველაფერს, მივხედოთ ეკონომიკას, დავბრუნდეთ შიგნით, რათა თავად რუსეთში არ მოხდეს უკმაყოფილების მუხტის გაძლიერება“. გასული წლებისგან განსხვავებით, როდესაც რუსეთი საინფორმაციო ომს დიდი უპირატესობით იგებდა ხოლმე, დღეს, სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვლილია. იმდენად, რომ რუსეთის ერთ-ერთი გავლენიანი პროპაგანდისტიც კი აღიარებს წაგებას. იმავეს ამბობს მისივე თანაგუნდელი და საბჭოთა რეჟისორი კარენ შახნაზაროვი. საინტერესოა ისიც, რომ სიტყვა „ომის“ აკრძალვის მიუხედავად ბოლოდროინდელ გადაცემაში არაერთხელ ახსენა ეს სიტყვა. ამას გარდა, Telegram-ში სალავიოვის გადაცემიდან მისი და სამხედრო ექსპერტის საუბრის ვიდეო გავრცელდა. ეს წარმოუდგენელი პრეცედენტია, რადგან ასეთ გადაცემებსა და მედიებში ზედმიწევნით იფილტრება სათქმელი. საერთო ჯამში, მათგან იკვეთება პოციზია „აღარ ვიცით, რა ვქნათ“…
M: თქვენი შეფასებით, როგორ მოემზადა უკრაინა საინფორმაციო ომისთვის?
პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ აშშ-ის დახმარებით, ჩამოყალიბდა სწორი საინფორმაციო პოლიტიკა. სწორედ ეს იქცა იმ ორგანიზებულობის საფუძვლად, რისი მომსწრეც გავხდით. მათ ძალიან კარგად ესმოდათ, იმ ტროლების არმიის ძალა, რომელიც არამხოლოდ ომის, არამედ მშვიდობიან დროსაც აქტიურად მუშაობდა. მაგალითად აშშ-ის არჩევნების დროს ინტენსიური შეტევები შეგვიძლია მოვიყვანოთ, რის გამოსაძიებლადაც კონგრესმა სპეციალური პროკურორი დანიშნა. ასევე, ბულგარეთისა და ბელორუსის არჩევნებში ტროლების ჩარევა. ამ გამოცდილებამ უკარნახა აშშ-ს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის სრული ცვლილება.
მეორე მხრივ, უკრაინა საგულდაგულოდ მოემზადა და სწორი კიბერუსაფრთხოებისა და სწორი საინფორმაციო ომით დასრულებული. ერთი მხრივ, ვერტიკალურად სწორად ააწყო გზავნილების სისტემა – უკრაინული ფრონტის ჩვეულებრივ კიბერჯარისკაცს სწორი მესიჯბოქსი რომ მიეღო და გაევრცელებინა.
მესამე – ინფორმაციის გავრცელება სწორად ხდებოდა ჰორიზონტალურადაც. რას გულისხმობს ეს? ერთსა და იმავე სამსახურში – მაგალითად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტში – თითქმის არ ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა.
მეოთხე – ომი არ მთავრდება, სანამ ამას მთავარსარდალი არ იტყვის. ეს ეხება საინფორმაციო სივრცესაც. ანუ საინფორმაციო ომიც იქამდე არ მთავრდება, სანამ ამის შესახებ მთავარსარდალი არ განაცხადებს. უკრაინელები ყოველდღიურად, ბეჯითად აგრძელებენ ომს, არ ეშვებიან და თანმიმდევრულად მოქმედებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა.
ასევე, არის ენის ფაქტორი, რაც უკრაინელებისთვის ბარიერს არ წარმოადგენს. ჩვენ შემთხვევაში, 2008 წლის ომში ენის ბარიერმა დაგვაბრკოლა. აი, უცხო ენებზე კომუნიკაციის თვალსაზრისით კი, უკრაინას საერთაშორისო პარტნიორები დაეხმარენ. ჩვენ ვხედავთ, რომ საინფორმაციო ომი მხოლოდ უკრაინულ და რუსულ ენაზე არ მიმდინარეობს და გაშლილია ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ ენებზე. კონვენციური ომისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, საინფორმაციო ომმა გლობალური სახე მიიღო, ახალი ზელანდიიდან არქტიკის კუნძულებამდე. ამიტომ, შემიძლია ვთქვა – ესაა პირველი მსოფლიო ომი საინფორმაციო სივრცეში.
სამწუხაროდ, ქართველი საზოგადოება, ციფრული თვალსაზრისით, უმწიფარი აღმოჩნდა. ეს ძალიან კარგად ჩანს ქსენოფობიური განცხადებების ვირუსულ გავრცელებაში, შაქრის გადაჭარბებულ შესყიდვაში, ცრუ-ინფორმაციის გავრცელებაში, რუსული სპეცსამსახურების მიერ შექმნილი აპლიკაციების გადმოწერაში (საგანგებო გაფრთხილების მიუხედავად).
M: რა იგულისხმება ციფრულ უმწიფრობაში?
ციფრული უმწიფრობა ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ არჩევს ნამდვილ ამბავს ყალბისგან. მეორე – პოსტავს დაუფიქრებლად. როგორც ერთხელ ობამამ თქვა – დაფიქრდით, სანამ დაპოსტავთ. და მესამე – უმწიფრობა საკუთარი პოზიციის უკომპრომისო დაცვაშიც გამოიხატება, როცა ადამიანი საკუთარ შეცდომას მიხვდა, მაგრამ ბოლომდე იმ აზრზე რჩება. ამას მე ციფრულ ინფანტილიზმს ვუწოდებ.
სწორედ ამ ციფრულმა ინფანტილიზმმა შეგვიყვანა შეცდომაში და როდესაც აშშ აქტიურად საუბრობდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეგმაზე, ჩავთვალეთ, რომ ყველაფერი კარგად იყო, განგაში კი უსაფუძვლოდ მივიჩნიეთ.
M: ჩვენ რა შეიძლება ვისწავლოთ აქედან, კომუნიკაციის თვალსაზრისით?
რასაკვირველია კარგად უნდა ავითვისოთ ის, რაზეც ზევით უკრაინის საინფორმაციო ომისთვის მომზადების ნაწილში ვისაუბრე. უნდა ვისწავლოთ სწორი საკომუნიკაციო არხების შერჩევა. მაგალითად, როცა NFT-ის ქმნი, იცი, რომ Discord-ის ჯგუფებში უნდა გადახვიდე, რადგან ყველაზე დიდი აქტიურობა იქ მიმდინარეობს. ამ საინფორმაციო ომში ვნახეთ, რომ Telegram გახდა მთავარი ტერიტორია, სადაც „საბრძოლო მოქმედებები“ მიმდინარეობს.
ასევე, ყველა მოქალაქემ უნდა შეძლოს ყალბი და ნამდვილი ამბების ერთმანეთისგან გარჩევა, რათა პანიკის ობიექტად არ იქცეს. კარგად დაფიქრდეს, სანამ რაიმეს დაპოსტავს სოციალურ ქსელში. ამ ორივე პრინციპს ძალიან მკაცრად იცავენ უკრაინელები. ხედავს, რომ მათი თანამებრძოლები ყალბ ამბებს არ აზიარებენ ინტერნეტში, რაც ძალიან დიდი ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს – ის, რაც ტრენდულია, შეიძლება სულაც არ იყოს სასარგებლო. ამიტომ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ ასეთი რაღაცების გაფილტვრას. ამის ნათელი მაგალითია ქსენოფობიური განცხადებების წარმოშობა და გავრცელება. ერთი მხრივ, ჩანდა, რომ ეს პოსტი გაბრაზებისა, აგრესიისა და წინააღმდეგობის გამოხატულება იყო. აქ უკრაინელებისგან შეგვიძლია ვისწავლოთ რაციონალიზმი – რა მოგვიტანს მეტ სარგებელს ჩვენ და რა მიაყენებს ზიანს ჩვენს მოწინააღმდეგეს? ეს რაციონალიზმი ძალიან კარგად ჩანს უკრაინელების პატრიოტულ პოსტებსა და გავრცელებულ ინფორმაციებში. მათ იციან, როდის უნდა გამოიჩინონ კრეატიულობა და როდისაა საჭირო ჩამოყალიბებული გზავნილის გავრცელება. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი ქმედებები ჩვენივე საწინააღმდეგო გზავნილად გადაიქცევა ხოლმე.
ამ შემთხვევაში, შემოქმედებითობა შეგვიძლია გამოვიჩინოთ ახალი საინფორმაციო არხების აღმოჩენისას და ნაკლებად – თავად მესიჯების გადაცემისას. როდესაც მიმდინარეობს ომი, მნიშვნელოვანია გეგმას ყველა ორგანიზებულად მიყვეს. ასეთ დროს, თვითნებური მოქმედებები საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს.
ასევე, გადამწყვეტი ფაქტორი აქვს დისციპლინას. ომს, მათ შორის საინფორმაციოს, იგებს დისციპლინა და სამხედრო სტრატეგიის სწორად გაყოლა.
ამ ომს იგებს ისიც, რომ ერთის მხარეს არის სიმართლე, სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, მეორე მხრიდან – ტროლების ქარხანა ავრცელებს სიყალბეს. სანდოობა კი ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო ომში. კლასიკური მედია – CNN, CBS, BBC თუ სხვა მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყაროები ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევს უკრაინას. და რაც ყველაზე საინტერესოა – ყველა ამ არხით ვრცელდება სიმართლე. ამ საინფორმაციო ომს ექვსი თვეა ვაკვირდები და ერთხელაც არ შემიმჩნევია ყალბი ამბავი. ერთ მხარეს გვაქვს სწორი ინფორმაცია, მეორე მხარეს – ტყუილის დიდი ნაკადი, რომლის სიყალბის ამბავიც ძალიან მალე ვლინდება. შესაბამისად, ისინი სანდოობას კარგავენ და მარცხდებიან. ეს ძალიან კარგად იცის რუსული პროპაგანდისტული მანქანის ოფიციალურმა ნაწილმა (TACC, RIA Novosti) – სხვა პერიოდებისგან განსხვავებით, მათ შორის, საქართველოსთან ომების პერიოდებისგან, ძალიან ერიდება ყალბი ამბების გავრცელებას. ძალიან ფრთხილობენ, რათა არ დაკარგონ სანდოობა და არ იქცნენ ტროლების საინფორმაციო მანქანის ნაწილი. ვფიქრობ, ესეც საინფორმაციო ომში გამარჯვების ერთ-ერთი შედეგია.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი