in

უკრაინა სოციალურ მედიას მთავარ იარაღად იყენებს

XXI საუკუნეში ბრძოლის ახალმა ფრონტმა ტექნოლოგიებში გადაინაცვლა. სტატიაში კი უკრაინის ყველაზე ახალგაზრდა მინისტრზე, 31 წლის მიხაილო ფედოროვზე უნდა ვისაუბროთ. იგი კიევის საიდუმლო მიწისქვეშა თავშესაფრიდან რუსეთთან ციფრულ ომს აწარმოებს.

მართალია, ომამდე უკრაინელი მინისტრის მიზანი სახელმწიფოს სმარტფონში“ შექმნა იყო, სადაც მოსახლეობას ყველა მომსახურებას ონლაინ შესთავაზებდნენ, მაგრამ ახლა ეს მუხტი ციფრული ომისკენ არის მიმართული. მისი მთავარი იარაღი კი სოციალური მედიაა. ფედოროვი მსხვილი ბიზნესის ხელმძღვანელებს მოსკოვთან კავშირის გაწყვეტისკენ სწორედ სოციალური ქსელების დახმარებით მოუწოდებს. მან უპრეცედენტო ნაბიჯიც კი გადადგა და მოხალისეთა „უკრაინის IT არმია“  შექმნა. 

Apple, Google, Meta, Twitter, YouTube, Microsoft, Sony, Oracle… ყველა ტექნოლოგიური გიგანტი უკრაინას შეუერთდა, მათ შეცვალეს რუსეთის მიმართ არსებული პოლიტიკა და ქვეყანაში გაყიდვები შეაჩერეს. ფედოროვი კი ხშირად ამ ინფორმაციების პირველწყარო ან ინიციატორია. „Twitter, რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად, ეფექტური იარაღია. ეს არის ჭკვიანური და მშვიდობიანი იარაღი, რომელსაც რუსეთის ეკონომიკის დანგრევისთვის ვიყენებთ“.

ილონ მასკის ტერმინალების უკრაინაში მოხვედრა სწორედ ფედოროვის Twitter-ის დამსახურებაა. ისინი ინტერნეტისა თუ სატელეკომუნიკაციო ქსელების დაზიანების შემთხვევაში მთავრობისთვის პოტენციური მაშველი გახდა. თითოეული პლატფორმა ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა მსხვილი კომპანიები მოვიზიდოთ. ვცდილობთ, მივიტანოთ სიმართლე რუსებამდე და მათ ომის შეჩერებისკენ ვუბიძგოთ“, — აცხადებს, მიხაილო ფედოროვი.

ტექნოლოგიების მკვლევარი და ავტორი სტეფანი ჰარე კი ამბობს, რომ მას არ უკვირს ფედოროვის წარმატება, რადგან “დარწმუნებისა და პროპაგანდის გამოყენება ომის ერთ-ერთი ტაქტიკაა. ხოლო მას შემდეგ, რაც ამ პროცესში სოციალური მედიის კომპანიები ჩაერთო, შეტყობინებების გავრცელება და მისი შედეგები შეიცვალა“. 

როგორ განვითარდება ციფრული ომი?

ფედოროვის გუნდი მუდმივად ახალ იდეებზე ფიქრობს, სამინისტრო კი მის განხორციელებას რაც შეიძლება სწრაფად ცდილობს. გასულ კვირას კიევმა გამოაცხადა, რომ სამხედროების დასაფინანსებლად NFT-იებს გამოსცემდა. ფედოროვი კრიპტოვალუტის კომპანიებსაც მოუწოდებდა, გაეყინათ რუსეთის ყველა მოქალაქის ანგარიში… თუმცა ამაზე ბევრი, მათ შორის Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფიქრობს, რომ მსგავსი ქმედება კრიპტოვალუტის არსებობის მიზეზს ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება „უკრაინის IT არმიას“, მას მთელი მსოფლიოდან ათასობით მოხალისე ჰაკერი ჰყავს, ხოლო Telegram ჯგუფს — 270,000 წევრი.

„IT არმია რუსული და ბელორუსული ბიზნეს კორპორაციების, ბანკებისა და სახელმწიფო ვებპორტალების ციფრული და ონლაინ რესურსების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენ რუსეთის საჯარო სერვისების საიტები, ფულის გაცვლის საშუალებები, Tass, Kommersant, Fontanka და სხვა წამყვანი რუსული მედიები შევაჩერეთ“.

ამას გარდა, ფედოროვის გუნდი სარკინიგზო და ელექტრო ქსელებზე თავდასხმას გეგმავს, რაც, დიდი ალბათობით, მშვიდობიან მოსახლეობასაც მიაყენებს ზიანს. ეს საკითხი კიბერუსაფრთხოების სამყაროში ბევრს აწუხებს და ფიქრობენ, რომ ამან, შესაძლოა, არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავოს.

აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ რუსეთისადმი კეთილგანწყობილი ადამიანები კიბერ თავდასხმებს უკრაინის წინააღმდეგაც ახორციელებენ, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, ამ პროცესებში ისინი მთავარ როლს ვერ ირგებენ. 

„იავნანა ტანიას და ომის შვილებს“ — ნიკა მაჩაიძის ახალი ნამუშევარი

Coinbase რუსეთთან დაკავშირებულ 25 000 კრიპტო მისამართს ბლოკავს