დღესდღეობით შექმნილმა მდგომარეობამ მთელი მსოფლიო უკრაინისა და მისი ხალხის შესახებ აალაპარაკა. რუსეთ-უკრაინის ომმა სხვა თვალით დაგვანახვა ეს ერი – დავინახეთ მათი თავდადება, პატრიოტიზმი; დავინახეთ, რომ განურჩევლად სქესისა, აქ ყველა ერთნაირად იბრძვის თავისუფლებისთვის და რომ ამ ერს, ისე როგორც არცერთ სხვას, გამოსდის ერთ მუშტად საერთო მტრის წინააღმდეგ შეკვრა.
დღეს გვინდა არა ომსა და მიმდინარე საშინელებაზე, არამედ ყველა დროის უკრაინელ ქალბატონებზე მოგიყვეთ, იმ გამოჩენილ პიროვნებებზე, რომლებიც არა მხოლოდ თავიანთი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს ისტორიაშიც ჩაიწერნენ თავის დროზე. მათმა მრავალმხრივმა საქმიანობამ გავლენა მოახდინა უკრაინის სახელმწიფოს განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე.
რვა მარტი, მოგეხსენებათ, ქალთა საერთაშორისო დღესასწაულია და ჩვენც ეს სტატია გვსურს იმ უკრაინელ ქალებს მივუძღვნათ, რომლებიც ახლა თავის სამშობლოში იბრძვიან, ან სხვა ქვეყანაში არიან და ომის გამო ვერ ბრუნდებიან. გვინდა, ყველას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან და ამას ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობაც მოწმობს. ყველა ამბავს, რომელსაც თვალი გადავავლეთ, აქვს ერთი მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი ნიშანი – გამბედაობა. არ აქვს მნიშვნელობა, მეათე საუკუნის უკრაინელი ქალი იყო ეს თუ მეოცე, მათ სულის სიმტკიცე აერთიანებთ.
ოლგა კიეველი (920-969)
როგორც კიევის რუსეთის პირველი პრინცესა (945-460), ოლგა კიეველი ასევე გახდა პირველი შთამაგონებელი ქალი უკრაინის ისტორიაში. იგი იყო პიონერი ბიზანტიის იმპერიაში მშვიდობიანი ვიზიტისას, რითაც დაამყარა კავშირი ამ ძლიერ სახელმწიფოსთან. ამასთან, ოლგამ მიიღო ქრისტიანობა მაშინ, როცა მისი ქმარი და შვილი წარმართებად დარჩნენ.
კიევის რუსეთის ისტორიაში მის მთავარ დამსახურებად კანონის კონცეფციის დამკვიდრება და ხარკის შეგროვების რეგულაციების შექმნა მიიჩნევა. მისი მმართველობის დროს კიევის რუსეთი აყვავებული სახელმწიფო იყო.

მარუსია ჩურაი (1625-1653)
მარუსია ჩურაი ნახევრად მითიურ ადამიანად ჩაიწერა უკრაინული მუსიკის ისტორიაში. ბაროკოს პერიოდის უკრაინაში იგი კომპოზიტორიც იყო, მომღერალიცა და პოეტიც. იგი განმეორებად მოტივად იქცა თავისი ქვეყნის ხალხისთვის და დღემდე უძღვნიან სიმღერებს. მისი ცხოვრების შესახებ ბევრი ცნობა არ არსებობს, მაგრამ იგი არის ცნობილი ფოლკლორული სიმღერის “Oi Ne Khody Hrytsiu Tai na Vechornytsi” ავტორი.

მარია ზანკოვცკა (1854–1934)
უკრაინული თეატრის ლეგენდა, რომელიც დღესაც ძალიან ცნობილია. სიცოცხლის განმავლობაში მან 30-მეტი როლი ითამაშა, ძირითადად დრამატულ გმირებს ასრულებდა. მას ხშირად იძახებდნენ წარმოდგენებზე რუსეთის იმპერიის თეტრებში, თუმცა ის თავისი დაბადების ადგილის ერთგული დარჩა. მის დროს მკაცრი ცენზურა იყო, თუმცა მაინც შეუპოვრად ცდილობდა თავისუფალი ხელოვნებისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას. მარია ზანკოვეცკამ უკრაინელ რეჟისორ ნიკოლაი სადოვსკისთან ერთად პირველი სარეპერტუარო თეატრი გახსნა. იგი ასევე ხელმძღვანელობდა ნიჟინის ეროვნულ თეატრს და მონაწილეობდა კიევში თეატრის დაარსებაში.
ოლგა კობილიანსკა (1863-1942)
როდესაც უკრაინულ ფემინიზმზე ვსაუბრობთ, ეს სახელი აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რადგან ამ უკრაინელი მწერლის გარეშე ფემინისტური მოძრაობა შეუძლებელი იქნებოდა. რომანებსა და მოთხრობებში მან წარმოაჩინა თავისი თაობის უკრაინელი ინტელექტუალების პრობლემები და ჩამოაყალიბა ახალი ხედვა ბუკოვინაში, დასავლეთ უკრაინაში. მან პირველმა მიიღო ფემინისტური იდეები უკრაინულ ლიტერატურაში და წამოაყენა ქალის ემანსიპაციის თემა. ცხოვრების უმეტესი ნაწილი ოლგა კობილიანსკა ჩერნივცში ცხოვრობდა. დღეს, სახლში, სადაც ის ცხოვრობდა, შეგიძლიათ ეწვიოთ მის მემორიალურ მუზეუმს.

ლესია უკრაინკა (1871-1913)
ლესია უკრაინკა პოეტი, მწერალი, მთარგმნელი და აქტივისტი იყო. იგი ახალგაზრდა, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მოასწრო, რომ ცხოვრების 30 წელი ლიტერატურისთვის მიეძღვნა. მთელი ახალგაზრდობა ტუბერკულოზს ებრძოდა, მაგრამ საწოლზე მიჯაჭვულსაც კი არ ავიწყდებოდა, ყოფილიყო გაბედული და სხვებსაც მოუწოდებდა, ყოფილიყვნენ თამამები და მამაცები.
ლესია უკრაინკას მჭიდრო კავშირი ჰქონდა საქართველოსთან და სიცოცხლის უკანასკნელი წლებიც სწორედ აქ გაატარა. საქართველოში დაიწერა მისი ცნობილი დრამატული ნაწარმოებების დიდი ნაწილიც. “უკაინელი რომ არ ვყოფილიყავი, ქართველი ვიქნებოდი”, – თქვა ერთხელ ცნობილმა მწერალმა.

სოლომია კრუშელნიცკა (1872-1952)
სოლომია კრუშელნიცკას სახელი პოპულარულია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ის იყო ოპერის დივა, რომლის წარმოუდგენელი ხმა ამშვენებდა დასავლეთ ევროპის, პოლონეთის, რუსეთის, ეგვიპტის, ჩილესა და არგენტინის ყველა საკონცერტო დარბაზს. იგი ძალიან პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც იტალიელმა საოპერო კომპოზიტორმა ჯაკომო პუჩინიმ მიანდო მას მთავარი როლი თავის ოპერაში Madama Butterfly. მას უდიდესი წარმატება ხვდა წილად, რადგან მაყურებელმა არტისტებს ზედიზედ შვიდჯერ დაუკრა ტაში. დღეს მის სახელს ატარებს ლვოვის მთავარი ღირსშესანიშნაობა – ლვოვის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი.

მარია პრიმაჩენკო (1909-1997)
მარია პრიმაჩენკოს მხატვრობა უკრაინის სავიზიტო ბარათია. მისი ფოლკლორზე დაფუძნებული ნამუშევრები მთელ მსოფლიოშია აღიარებული. მისი ნამუშევრები გამოიფინა პარიზში, პრაღასა და ვარშავაში, ასევე მონრეალში. იმავდროულად, თავად მხატვარმა მთელი ცხოვრება გაატარა პატარა სოფელ ბოლოტნიაში (კიევის რეგიონი). წარმოუდგენლად მოკრძალებულ პირობებში მცხოვრები მისი ნამუშევრები ასახავდა ყოფიერების უბრალო სიხარულს, სიკეთისა და სიყვარულის რწმენასა და ბუნების სილამაზეს. უფრო მეტიც, მისი ყველა ნახატი შექმნილია მარცხენა ხელით, მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენეა.

ლუდმილა პავლიჩენკო (1916-1974)
მსოფლიო ისტორია ამ ქალბატონს იცნობს როგორც ყველაზე წარმატებულ სნაიპერ ქალს მსოფლიოში. ის არის უსაზღვრო ვაჟკაცობის მაგალითი, არა მხოლოდ ბევრი ქალისთვის, არამედ მამაკაცისთვისაც. დიდი სამამულო ომის ფრონტზე მან ტყვია მოახვედრა 309 მტერს და მოგვიანებით მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. 2015 წელს უკრაინამ და რუსეთმა გამოუშვეს ფილმი მისი გმირობის შესახებ, ბრძოლა სევასტოპოლისთვის, რომელიც მოხვდა 2017 წლის ამაზონის 100 ყველაზე ნახვად ფილმებს შორის.

ლინა კოსტენკო (1930-)
თანამედროვე უკრაინელი მწერალი ლინა კოსტენკო ამჟამად 91 წლისაა, მაგრამ ის ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ქალია ქვეყნის ისტორიაში. მრავალი წლის განმავლობაში მისი ნამუშევრები გამოუქვეყნებელი რჩებოდა, რადგან 1960-იან წლებში იგი მონაწილეობდა დისიდენტურ და სამოციანელთა მოძრაობებში. ამ პერიოდმა გააჩინა უახლესი სტილი უკრაინულ ლიტერატურაში, აიძულა შეექმნა რაღაც ავანგარდული და კრიტიკული ხელისუფლებასთან და მაშინდელ ტოტალიტარულ რეჟიმთან მიმართებით. პოეტმა დაწერა ასობით ლექსი და მხოლოდ ერთი რომანი (“შენიშვნები უკრაინელი გიჟების შესახებ”), რომელიც მყისიერად გახდა ბესტსელერი.

როგორც ვხედავთ, გამოჩენილ უკრაინელ ქალბატონთა სია არც ისე მცირეა, თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტატიაში ყველა მათგანი არ არის მოხსენიებული. ყველა დროის ყველაზე ცნობილ უკრაინელ ქალებს შეუპოვრობასა და ხასიათის სიმტკიცესთან ერთად, ინსპირირებაც ახასიათებთ. ისინი მომდევნო თაობების მაგალითები ხდებიან და უჩვენებენ მათ, როგორ უნდა მიჰყვე იმ პრინციპებს, რისიც გჯერა, როგორ არ უნდა შეგეშინდეს სიმართლის და როგორ უნდა ჩადო გული საკუთარ საქმიანობაში…
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი










