in

ისწავლე ანასტასიასთან ერთად – უკრაინელი მასწავლებელი საქართველოში მშობლიურ ენას ასწავლის

უკრაინაში ომი უკვე თვეზე მეტია, მიმდინარეობს და ზუსტად არც ის ვიცით, როდის შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს, როდის დაუბრუნდებიან ლტოლვილებად სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული ომის შვილები თავიანთ სახლებს და როდის იქნება დამყარებული მშვიდობა, რომელსაც მთელი მსოფლიო ასე ელოდება. 

უკრაინელ ხალხს, რომელიც ახალ მიწაზეა ჩასული, უამრავი გამოწვევისა და პრობლემის გადალახვა უწევს. ომით მიყენებული ტრავმების ფონზე, ცხოვრება გრძელდება და საჭიროა, ახალ გარემოში როგორმე თავის დამკვიდრება, ახალი ადამიანების გაცნობა და ცხოვრების იძულებით შეცვლილ წესთან ადაპტაცია, რაც, დაგვეთანხმებით, რომ ნამდვილად რთული ამოცანაა. 

საქართველოშიც ბევრი უკრაინელი ჩამოიყვანა რუსეთის აგრესიამ. აქ მათი ძალიან კარგად გვესმის, რადგან ჩვენც ომის შვილები ვართ და ჩვენც, საკუთარ სამშობლოშივე დევნილები გვყავს, რომლებსაც ასევე მოუწიათ სახლების, საყვარელი ადამიანების დატოვება და ახალი ცხოვრების დაწყება. 

Marketer-მდე ერთი ადამიანის ისტორია მოვიდა, რომელიც ასევე რუსეთის აგრესიას გამოექცა და ბათუმში დაბინავდა. ეს არის ანასტასია უსატენკო, რომელიც ძმასთან და დედასთან ერთად ბათუმში ჩამოვიდა, მისი ოჯახის დანარჩენი წევრები კი უკრაინაში იბრძვიან. ანასტასია სპეციალობით იტალიურის მასწავლებელია და მისით ენების შემსწავლელი სკოლა Learn with Nataly დაინტერესდა. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ანასტასია ქართველებს იტალიურ ენას შეასწავლიდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა ახლა ყველაზე ცხელი წერტილია, საზოგადოების ნაწილი დაინტერესებას გამოხატავს უკრაინული ენის მიმართ და გადაწყდა, რომ ის ქართველებს მშობლიური ენის გაკვეთილებს ჩაუტარებდა. ანასტასია გაკვეთილებს პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით ჩაატარებს. მსურველებმა Learn with Nataly-ს facebook ან instagram გვერდებზე უნდა მისწერონ.

Marketer-მა ანასტასიასთან მოახერხა დაკავშირება და მასთან მცირე ინტერვიუს წარმოგიდგენთ:

M: ანასტასია, მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორი იყო თქვენი ცხოვრება ამ ომამდე?

მე 26 წლის ანასტასია უსატენკო ვარ, ქალაქ დნეპრიდან. პროფესიით იტალიურის მასწავლებელი ვარ და სანამ ეს ომი დაიწყებოდა ვმუშაობდი ჩემი სპეციალობით, ვსწავლობდი და ბევრს ვმოგზაურობდი.

M: როდის ჩამოხვედით საქართველოში და რა სირთულეებთან მოგიწიათ გამკლავება?

საქართველოში პირველად 3 თვის წინ ჩამოვედი. ძალიან მომეწონა ბათუმი. მას შემდეგ, რაც ონლაინ დავიწყე მუშაობა, მინდოდა ზღვასთან ახლოს მეცხოვრა, მაგრამ როცა ომი დაიწყო, უკრაინაში წავედი დედაჩემისა და ძმის წამოსაყვანად. თავიდან ისინი არ მომყვებოდნენ, თუმცა მაინც წამოვიყვანე. საქართველოში მეგობრული, კარგი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც მუდამ მზად არიან დახმარებისთვის.

M: თქვენ ახლა უკრაინულს ასწავლით ქართველებს. რა შედის თქვენს პროგრამაში?

დიახ, ვასწავლი საბაზისო უკრაინულს, სწორად კითხვას, ყოველდღიური სიტყვების გამოთქმასა და შესაბამის კონტექსტში გამოყენებასა და, რა თქმა უნდა, უკრაინულ კულტურაზეც ვუყვები მოსწავლეებს.

M: თქვენ უკვე ჩაატარეთ ერთი გაკვეთილი. როგორია პირველი შთაბეჭდილება?

ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ნატალიმ (Learn with Natali-ს დამფუძნებელი) და თავად მოსწავლეებმა ეს ნერვიულობა მომიხსნეს. პირველი უკუკავშირი იყო ძალიან დადებითი, რამაც მომცა მოტივაცია და სტიმული მომდევნო გაკვეთილებისთვის.

M: თქვენ ხართ ერთ-ერთი მაგალითი იმისა, როგორ უნდა ადაპტირდეს ადამიანი რთულ სიტუაციაში. რა რჩევას მისცემდით სხვა უკრაინელებს?

ჩემი რჩევა იქნება, რომ ბოლომდე იყვნენ იმ სიძლიერითა და შემართებით, როგორც თავიდან. არ დანებდნენ. იზრუნონ საკუთარ თავზე, ისწავლონ, არ დაკარგონ უკეთესი მომავლის რწმენა, რადგან ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

ჩვენ თავად სკოლის დამფუძნებელს, ნატალი ჯღამაძესაც გავესაუბრეთ:

 

M: ნატალი, როგორ შედგა კომუნიკაცია თქვენსა და ანასტასიას შორის?

ანასტასია არის იტალიური ენის მასწავლებელი და სოციალურ ქსელში დაიდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელი, იძულებით გადაადგილებული იტალიურის მასწავლებელი ეძებდა მოსწავლეებს, ამ პოსტზე რამდენიმე ჩემმა ნაცნობმა მომნიშნა, რათა ანასტასიას დავხმარებოდი.

ძალიან გამიხარდა ამის საშუალება რომ მომეცა, მთელი ჩემი ფიქრები ისედაც უკრაინელი ხალხის გარშემო ტრიალებს და მაშინვე დავუკავშირდი მას. 

M: როგორ შეიმუშავეთ მოკლე დროში ახალი პროგრამა და რა მოლოდინი გაქვთ მისგან?

მიმდინარე მოვლენების ფონზე მივხვდი, რომ უკრაინელი ხალხისადმი აღფრთოვანება და მათი დახმარების სურვილი სულ უფრო და უფრო იზრდება. ჩემ გარშემო მუდმივად მესმის სურვილი, რომ ომის დასრულების შემდეგ იმოგზაურონ უკრაინაში, რესტორნებმა მენიუში დაამატეს უკრაინული კერძები, მთელი ქალაქის მასშტაბით ვხვდებით უკრაინული დროშებით მორთულ აივნებს, მანქანებს. 

ამის ფონზე ჩავთვალე, რომ საბაზისო უკრაინული ენის შესწავლა აქტუალური იქნებოდა, ვინაიდან ანასტასია პროფესიით უცხო ენების მასწავლებელია, მალევე შეძლო შესაბამისი მასალის მოგროვება და ძირითადი პროგრამის განსაზღვრა, პირველ ეტაპზე ვგეგმავთ 10 ონლაინ შეხვედრას, სადაც მსურველები ისწავლიან საბაზისო სასაუბრო ლექსიკას.

ჩემი აზრით, ადამიანების უპირველესი მიზანი, ვინც ამ კურს აირჩევს, არის სოლიდარობის და უკრაინული კულტურისადმი პატივისცემის გამოხატვა. ცხადია, რომ 10 შეხვედრით ენას სრულყოფილად ვერ ისწავლი, თუმცა იმას შეძლებ, რომ ჩვენს მოძმე ერს მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინო და როცა ჩვენთან იქნებიან სტუმრად ან ჩვენ ჩავალთ მათთან, ძალიან გავახაროთ.

M: თქვენი აზრით, როგორ შეიძლება საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს საქართველოში ჩამოსულ უკრაინელებს?

ნებისმირი ფორმით, როგორც ფინანსური, ასევე მორალური. ვიცნობ ადამიანებს, ვინც სახლში მასპინძლობს მათ. სოლიდარობის აქციაზე მისვლაც ძალიან ბევრს ნიშნავს, მათთდამი სიყვარულისა და მხარდაჭერის გამოხატვა, იქნება ეს სოციალური ქსელი თუ პირადი ურთიერთობა, ძალიან მომწონს ჟურნალისტების მკაფიო და გულწრფელი აქტიურობა, მიხარია, რომ უამრავი, თუნდაც მცირე ბიზნესი საქართველოში, თავისი მოგების ნაწილს უკრაინულ ჰუმანიტარულ დახმარების ფონდებს ურიცხავს. ჩემს შემთხვევაშიც მგონი ძალიან გამიმართლა, რომ უშუალოდ ჩემს პროფესიასთან კავშირში აღმოჩნდა, სოლიდარობის გამოხატვის ფორმა ანსატასიას სახით..

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

დეგას ნახატს სახელი შეუცვალეს და „რუსი მოცეკვავეების“ ნაცვლად, „უკრაინელი მოცეკვავეები“ დაარქვეს

„მეღვინეობა მილდიანი“ – ახალი საიტი და ონლაინ მაღაზია, ადგილზე მიტანის სერვისით