კარგმა მენეჯერმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლისთვის, მის მიერ შესრულებულ საქმეზე, უკუკავშირის – რჩევებისა თუ რეკომენდაციების მიცემა. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს პოზიტიური გამხნევება, თუ კონსტრუქციული კრიტიკა, უკუკავშირი აუცილებელია!
თუმცა, ფაქტობრივად, თვითონ უკუკავშირის წონა აქვს იმ ფაქტორს, სად და როდის ეტყვი თანამშრომელს სათქმელს, რადგან სიტუაციაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად აღიქვამს ის ამას. მაგალითად, თუ დანარჩენი თანამშრომლების თანდასწრებით მისცემ შენიშნვას, შესაძლოა, ამ ყველაფერმა უხერხულად აგრძნობინოს თავი და კონცენტრირება სხვა, არასწორი მიმართულებით მოახდინოს – დიდი ალბათობაა, მისი პირველი რეაქცია იყოს არა ის, თუ: „რა უნდა გამოვასწორო და როგორ?“ – არამედ, „ალბათ, ყველა ფიქრობს, რა იდიოტი ვარ!“
პირისპირ, ერთი ერთზე შეხვედრის შემთხვევაში კი, უფრო დიდი შანსია, რომ მან მოგისმინოს, დაგისვას შეკითხვები და შენი სიტყვები აქციოს რეალურ ქმედებად. ამის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევაში, თანამშრომლებთან პირისპირ საუბრები, ყველაზე რელევანტურია ეფექტური უკუკავშირისთვის.
უარყოფითი შემთხვევა, შეცდომა, უპასუხისმგებლო ქცევა და ა.შ. ყველაფერი, სისულელეც კი, რაც ერთზე მეტჯერ განმეორდა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს. თუმცა, ყველაზე პასუხისმგებლიან და მოწესრიგებულ ადამიანსაც კი, შეიძლება რაიმე დაუგეგმავად, ობიექტური ან თუნდაც, არაობიექტური მიზეზით შეემთხვას, დედლაინს გადააცილოს და დროულად ვერ შეასრულოს სამუშაო. თუ ეს, რეალურად, ერთხელ მოხდა, არ ღირს უარყოფითი უკუკავშირის მიცემა მისთვის იმის ხარჯზე, რომ დამნაშავედ აგრძნობინო თავი.
უკუკავშირის არგამოხატვის მაგალითია ასეთი შემთხვევაც, როცა შენ მიერ დაქირავებული ადამიანით იმედგაცრუებული ხარ ან გაღიზიანებს მისი ქცევა, თუმცა, რეალურად, არ გაქვს რეკომენდაცია, რა და როგორ უნდა გამოასწოროს მომავალში. ამიტომ, ჯობს, დროებით, საერთოდ არაფერი თქვა.
კარგი თანამშრომლის შექება, კომპლიმენტის თქმა სხვების თანდასწრებით, შეუძლებელია, იყოს არასწორი. თუმცა, თუ იფიქრებ, რომ ობიექტურად, საუკეთესო მუშაკისთვის დადებითი უკუკავშირის მიცემა მთელს გუნდზეც პოზიტიურ გავლენას მოახდენს, ეს ასე არ არის. შენი გუნდის დანარჩენი წევრებისთვისაც მოტივაციის ამ ტაქტიკით ამაღლება, არ გამოვა. ისევე როგორც ყველაფერში, აქაც საჭიროა ბალანსი, რომ არ გააღიზიანო დანარჩენები.
უკუკავშირის მიცემა ხელმძღვანელს ძალიან დიდ წონას სძენს თანამშრომლების თვალში. ამიტომაც, კარგ მენეჯერებს მართებთ, მაქსიმალურად, სწორად შეაფასონ სიტუაცია და დაფიქრდნენ, ღირს, თუ არა რამის თქმა? რა გავლენას მოახდენს ჩემი უკუკავშირი გუნდის წევრებზე? რა ფორმით ჯობს, გამოვხატო ჩემი რეაქცია?












