in ,

შე-უკვე-თე “უკვე”-ს – აზიური სწრაფი კვების „გემრიელი“ ქართული სტარტაპი

Startauperi
Startauperi

უკვეუკვე” ახალი ქართული ბრენდია და აზიური სწრაფი კვების ობიექტს წარმოადგენს, რომელსაც აქცენტი ადგილზე მიტანის სერვისზე აქვს. მომხმარებელს შეუძლია, მარტივად გადაჭრას კითხვა, – „რა ვჭამო?“ და სასურველი შემადგენლობის  სუში და აზიური ყუთი შე-უკვე-თოს. ბრენდის შექმნის ისტორიას, მის სერვისებსა და სამომავლო გეგმებს „უკვეს“ დამფუძნებლები, ნოდარ ჩორგოლიანი და ლადო გამყრელიძე გააცნობენ მარკეტერის მკითხველს.

M: რა მომსახურეობას სთავაზობთ მომხმარებელს და რა მიზანს ისახავს ბრენდი?

ნოდარი: ჩვენ გთავაზობთ პატარა, ჯანსაღ და ხელმისაწვდომ აზიურ მენიუს. უკვეს მთავარი მიზანია, მომხმარებლებს მარტივად და სწრაფად გასცეს პასუხი კითხვაზე – “რა ვჭამო?”. გვინდა, “უკვე” იყოს პირველი ვარიანტი, რომელიც ადამიანს გაახსენდება, როდესაც ის აზიური კერძის დაგემოვნებას მოისურვებს. ჩვენი სურვილია, დავამყაროთ ახალი სტანდარტი ამ სფეროში და დავამსხვრიოთ სტერეოტიპები, რომლებთანაც, სამწუხაროდ, ასოცირდება ბევრი ქართული კაფე თუ რესტორანი.

ukve sushi

M: მოგვიყევით „უკვეს” შექმნის შესახებ: როგორ გაჩნდა იდეა და როგორ დაიწყეთ ბიზნესი?

ნოდარი:  ჩემი აზრით, ნებისმიერი ბიზნესის მთავარი ამოცანა პრობლემის გადაჭრა და კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხის გაცემაა. ამ შემთხვევაში შეკითხვა მდგომარეობდა შემდეგში: “რატომ არ მიირთმევენ საქართველოში სუშის ლანჩის დროს?” გამოჩნდა სამი მიზეზი: ფასი, პორცია და მიტანის დრო. შესაბამისად, უკვე მქონდა სამი პრობლემა, რომლის გადაჭრის შემთხვევაშიც ახალ სეგმენტს შევქმნიდი. ამ იდეით მივედი ჩემს მეგობრებთან და შემდეგ დაიწყო ძალიან საინტერესო პროცესი, სადაც უბრალოდ ბევრს ვფიქრობდით და ვლაპარაკობდით. ასე დაიხვეწა საწყისი იდეა და მივიღეთ “უკვე”.

რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანი იყო timing, რომელიც ჩემი აზრით, გადამწყვეტია ინვესტიციაში და ბიზნესის დაწყება სწორად ინვესტიციაა. ვფიქრობ, ონლაინ კვება ძალიან მალე დაეწევა ტრადიციულ სერვისებს, განსაკუთრებით, ლანჩის პერიოდში.

უკვე

M: ვინ იმუშავა ბრენდზე და ვინ არიან დამფუძნებლები?

ნოდარი: თავიდან ვიყავით სამნი: მე, ლადო გამყრელიძე და თორნიკე ჩხაიძე, შემდეგ შემოგვიერთდა კოტე ქორიძე. შესაბამისად, ბრენდინგზე ძირითადად ვიმუშავეთ სამმა. თუმცა, საბოლოოდ, ლადოს გამოცდილებიდან გამომდინარე, მისი სიტყვა აღმოჩნდა გადამწყვეტი. ანალოგიურად, ფინანსებსა და ბიზნეს მოდელზე – ჩემი და თორნიკესი, იურიდიულ და სხვა საკითხებზე – კოტესი.

ლადო:  ბრენდზე მუშაობისას მივმართეთ კახა კახაძეს და ნინო მეგრელიძეს. ჩვენ გვქონდა გარკვეული წარმოდგენა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო “უკვე” და ვფიქრობ, მათ იდეალურად გადმოიტანეს ეს ფურცელზე. ბუნებრივია, პროცესში მათ გარკვეული ცვლილებები შეიტანეს და ნამდვილად არ ვნანობთ, რომ ვენდეთ.

უკვე

M: რატომ „უკვე“? როგორ შეარჩიეთ სახელი?

ლადო: პირველ რიგში, გვინდოდა სახელი ყოფილიყო ქართული, რადგან ეს ბიზნესი ქართულია და ის არსაიდან გადმოგვიტანია. პროდუქტების დასახელების დროსაც კი ვცდილობთ მარტივი ქართულით ავუხსნათ მომხმარებელს, რა კერძს უყურებს.

სახელი გიორგი ავალიანმა მოიფიქრა ისევე მარტივად და სწრაფად, როგორიც თავად სიტყვაა. “უკვე” ასოცირდება სისწრაფესთან, რაც სწრაფი კვებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. გარდა ამისა, ის ძალიან კარგად გამოყენებადია სხვადასხვა ფრაზებში: “უკვე გისმენთ”, “უკვე მზადაა”, “შე-უკვე-თეთ”, “უკვე გზაშია”, “უკვე მშია” და ა.შ.

უკვე

M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

ნოდარი:  მაქსიმალურად ვცდილობთ შევამციროთ მიტანის დრო და დავხვეწოთ სერვისი. შესაბამისად, ვიწყებთ აქტიურ მუშაობას კონსულტანტებთან. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში გავზრდით სამუშაო საათებს და დავამატებთ ახალ უბნებს. ძალიან მალე გავუშვებთ მობილურ აპლიკაციასაც, რომლის მეშვეობითაც კიდევ უფრო მარტივი გახდება შეკვეთის განთავსება.

სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გავხსნით მეორე ობიექტს “ფაბრიკაში” და მეტი მრავალფეროვნებისთვის მენიუში 1-2 კატეგორიას დავამატებთ. მომავლისთვის კი, რამდენიმე ინოვაციური იდეა გვაქვს შემონახული, რომლებსაც თავის დროზე გავამხელთ.

ასევე, “უკვე” მონაწილეობას იღებს “თიბისი ბანკის” გრანდიოზულ პროექტში “ბიზნეს დაჯილდოება”, სადაც 523 ქართული კომპანია დარეგისტრირდა. ჩვენი სურვილი და მიზანი ამ პროექტში გამარჯვებაა, – #გააზიარეწარმატება.

უკვე უკვე უკვე უკვე

სმარტფონი საჭესთან და მისი სავალალო შედეგები – AT&T–ის სოციალური კამპანია

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ნიქოზი”