27
Jan
2020

როგორ შეძლებენ რობოტები დაიჭირონ ნივთები, მათთან შეხების გარეშე

27 Jan 2020

veon
veon


თუ რობოტები იქნებიან ჩვენი დამხმარეები საავადმყოფოებსა თუ მაღაზიებში, მათ უნდა შეეძლოთ სათანადო სიფრთხილით მოკიდონ „ხელი“ სხვადასხვა ნივთს, უფრო კი, ალბათ, უნდა შეуძლოთ, სხვადასხვა ნივთის დაჭერისას, სათანადო ძალის განსაზღვრა და კონტროლი. გამომდინარე იქიდან, რომ რობოტებს, ადამიანებისგან განსხვავებით, ტაქტილური (შეხების) შეგრძნება არ აქვთ, მისი გაჩენის მცდელობებს, წარსულში, სხვადასხვა სენსორის დახმარებით ვხედავდით. თუმცა, ამჯერად გაცილებით შთამბეჭდავ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

იმისათვის, რომ ნივთის დაჭერისას რობოტის მიერ მისი დაზიანება გამოირიცხოს, შვეიცარელმა მეცნიერებმა შექმნეს ულტრაბგერითი დამჭერი, რომლის რობოტის კიდურებში გამოყენებამაც შეიძლება ის ყველაზე დელიკატური და საფრთხილო სამუშაოს შესრულებისთვის გამოსადეგად აქციოს.

ულტრაბგერით დამჭერში გამოყენებულია პატარა დინამიკები, რომლებშიც ხმა და მისგან გამოწვეული უკტრაბგერითი ტალღები, სპეციალური პროგრამის დახმარებით კონტროლდება. დინამიკები წნევის ნაკადს წარმოშობენ, რომლის დახმარებითაც, სხვადასხვა ნივთი ჰაერში იწევა და არ ეხება თვითონ დინამიკებსა თუ დამჭერის ზედა და ქვედა ნაწილს. რა თქმა უნდა, დინამიკებში გაშვებული ხმით და მათი მიმართულებების შეცვლით იცვლება წნევის მიმართულებაც. შესაბამისად, ულტრაბგერითი დამჭერით შეგვიძლია როგორც ნივთის ერთ ადგილზე გაჩერება და დაჭერა ისე, რომ არ შევეხოთ მას, მეორე მხრივ კი ნივთის მოძრაობის გამოწვევაც (მაგალითად, წრიული მოძრაობა).

ზემოთ აღწერილი ეფექტის მიღწევა აკუსტიკური ლევიტაციის ფენომენის გამოყენებით გახდა შესაძლებელი. ეს ფენომენი კაცობრიობისთვის, დაახლოებით, 80 წელია ცნობილია, თუმცა აქამდე ბუნდოვანი იყო, ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაში შეგვეძლო ამ „ტრიუკის“ გამოყენება. მარსელ შუკმა, ციურიხის ტექნოლოგიის ფედერალური ინსტიტუტიდან, კოლეგებთან ერთად, ეს ტექნოლოგია პორტატულ მოწყობილობაში მოაქცია – რობოტის კიდურში, რომელსაც საგნების გადაადგილება მათთან შეხების გარეშე შეუძლია. ამ მიგნებამ კი შესაძლოა, შეცვალოს და დააჩქაროს როგორც ყოველდღიურ და სპეციფიკურ საქმიანობებში რობოტების გამოყენების პრაქტიკა, ასევე ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი „ხელი“ აქვს რობოტს.

განხილვა