16
Oct
2019

საქართველოში გაეროს გლობალური ინოვაციების ცენტრი იხსნება 

16 Oct 2019

გაერო საქართველოში გლობალური ინოვაციების ცენტრს ხნის. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება $2 მილიონია. ამ საკითხზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის თქმით, მომავალ წელს, დროში გაწერილი, კონკრეტული სამოქმედო გეგმა უკვე მზად იქნება.

„GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საქმიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. გაეროში გამართულ შეხვედრაზე, გლობალური ინოვაციების ცენტრის გახსნის თაობაზე, შეთანხმება შედგა“ 

გლობალური ინოვაციების ცენტრი გაეროს ახალი ინიციატივაა. ეს არის 3 წლიანი პროექტი, რომელიც რეგიონის მასშტაბით, სტარტაპების ინკუბაციას და მათ  განვითარებაში ხელშეწყობას გულისხმობს.

ავთანდილ კასრაძე: გაეროს გლობალური ინოვაციების ცენტრი, დიდი ალბათობით, თბილისში იქნება. თუმცა, შესაძლოა, საქართველოს რომელიმე დიდ ქალაქში იყოს. ეს გაეროს სრულიად ახალი ინიციატივაა და გულისხმობს, სხვადასხვა რეგიონში, გლობალური ინოვაციის ცენტრები შეიქმნას. კავკასიის ქვეყნებში, სწორედ საქართველო იქნა აღიარებული რეგიონალურ ცენტრად, ინოვაციების მიმართულებით. ბუნებრივია, იმ რეფორმების გათვალისწინებით, რომელიც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის, სამართლებრივი თუ ფინანსური დახმარების კუთხით გადავდგით. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცენტრი, რომელიც საქართველოში შეიქმნება, რეგიონის რამდენიმე ქვეყანას დაფარავს.

M: რა შესაძლებლობას მისცემს გლობალური ინოვაციების ცენტრი სტარტაპებს?  

ა. კ. : ცენტრი სტარტაპებს დაეხმარება ინკუბაციაში, განვითარებაში. უფრო კონკრეტულად გულისხმობს „მენტორშიპს“ და მათ მხარდაჭერას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროექტში მონაწილეობა ყველასთვის უფასოა. მას ჰყავს პარტნიორი ორგანიზაციები კერძო სექტორიდან. ეს დაფინასების მექანიზმს არ მოიცავს. დაფინანსების მექანიზმი სახელმწიფოს ცალკე აქვს სტარტაპებისთვის. მსოფლიოს მასშტაბით 3 ასეთი ცენტრია: ამერიკაში, შვედეთსა და იაპონიაში, ახლა კი საქართველოში იხსნება. ამ პროექტში მონაწილეობას, რეგიონის მასშტაბით, ნებისმიერი სტარტაპერი შეძლებს მონაწილეობის მიღებას, თუმცა, კომპანია დარეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში. ანუ ცენტრი იქნება საქართველო, ქართული კანონმდებლობა, ქართული კომპანიები, რომლებსაც შესაძლოა, ჰყავდეს უცხოელი დამფუძნებელი.

M: უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ გაეროს გლობალური ინოვაციების ცენტრის შესახებ . . . 

ა. კ. : ეს არის სამწლიანი პროექტი მსოფლიოს მასშტაბით. გაერო მას $2 მილიონით დააფინანსებს. დებულებით,  გაეროს წევრი, განვითარებული ქვეყნებიდან რომელიმეს აქვს ვალდებულება $1 მილიონი გამოყოს. ამ შემთხვევაში შვედეთს აქვს ვალდებულება, მსოფლიოს მასშტაბით, 10 ასეთი ცენტრი დააფინანსოს. $1  მილიონს კი გაერო კერძო სექტორისგან იზიდავს და აფინანსებს პროექტს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ცენტრი გაიხსნება საქართველოში.

M: ეს პროექტი სტარტაპებს მხოლოდ ინკუბაციასა და განვითარებაში დაეხმარება?  

ა. კ. : აქ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნველოვანი კომპონენტია. გაეროს, ყოველწლიურად, $2 მილიარდიანი ბიუჯეტი აქვს შესყიდვებზე.  მსოფლიოს მასშტაბით, სტარტაპებს აქვთ შესაძლებლობა, მას სხვადასხვა Development Goal-ის მიმართულებით შესთავაზონ გადაწყვეტები, შემდგომში კი გაერომ მათგან იყიდოს ის კონკრეტული ინოვაციური გადაწყვეტები. გლობალური ინოვაციების ცენტრი შესაძლებლობას აძლევს პროექტში მონაწილე სტარტაპებს, ახლოს იყვნენ გაეროს შესყიდვებთან და ამ დიდ ბაზართან მოიფიქრონ, ის იდეები, რომლებიც გაეროს აინტერესებს. სწორედ ასეთ ცენტრებში ეძებს გაერო Millenium Development Goal-ების გადაწყვეტებს, იმ ინოვაციური მეთოდებს, რომლებიც სტარტაპებმა უფრო შესთავაზონ და შესაძლოა ბევრად უფრო ეფექტური შედეგები დადოს, ვიდრე გაერო ახლა დებს ტრადიციული მეთოდებით.

 

 

 

განხილვა