in

Un Women Ad Black Sea 2023-ის მხარდამჭერია!

კრეატივის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea, სადაც ინდუსტრიის თითქმის ყველა წარმომადგენელი იყრის თავს, წელს ახალი და საინტერესო კონცეფციით ხვდება სტუმრებს: TELL ME SOMETHING I DON’T KNOW. ეს ერთგვარი გამოწვევაა, რათა კრეატიული სფეროს ყველაზე შემოქმედებითმა ინდივიდებმა რაღაც სრულიად განსხვავებული, აქამდე „შეუქმნელი შექმნან“.

რა თქმა უნდა, კრეატიული ინდუსტრია არა მხოლოდ შემოქმედებითი ადამიანებისთვისაა საინტერესო, არამედ ყველასთვის, ვისაც მარკეტინგთან და საზოგადოებასთან ურთიერთობასთან რაიმე გადაკვეთა აქვს. ამიტომაც, ფესტივალის მხარდამჭერებს შორისაა Un Women-იც, რომლის პროექტის ანალიტიკოსმა, ელენე გაბელაიამ გაგვიზიარა, რატომ გადაწყვიტეს Ad Black Sea-ს გვერდით ყოფნა.

M: რატომ უჭერს UN Women მხარს Ad Black Sea-ს?

Ad Black Sea-სთან გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორობა კრეატიული და სარეკლამო ინდუსტრიასთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და მეტი თანამოაზრის შემოერთებას ემსახურება. მედიასა და სარეკლამო ინდუსტრიას უდიდესი როლი აკისრია კულტურული ნორმების ჩამოყალიბებაში და არსებულ სტერეოტიპულ შეხედულებებში ცვლილებების მოხდენაში.

ალბათ დამეთანხმებით, რომ დღესდღეობით საქართველოს კრეატიული ინდუსტრია საკმაოდ განვითარებული და წარმატებულია, რასაც მოწმობს არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება თუ ჯილდო სხვადასხვა, მსოფლიო მასშტაბის ფესტივალზე. თუმცა გვსურს, ქართულ სარეკლამო კულტურაში მეტად გამოიკვეთოს თანასწორობის მნიშვნელობა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებმა თავიანთი უდიდესი გავლენა კიდევ უფრო მკაფიოდ მიმართონ შესაბამისი აზრების ფორმირებისკენ.

სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ყოველწლიურად ამ თემის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფესტივალის მეშვეობით.

M: თქვენი ხედვით, რა მნიშვნელობა აქვს Ad Black Sea-ს მხარდაჭერას ინდუსტრიისა და ქვეყნის განვითარებისთვის?

ვფიქრობთ, საქართველოში Ad Black Sea-ის მასშტაბის ღონისძიების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის განვითარებისთვის. რეალურად, ამ პლატფორმის მეშვეობით ყოველწლიურად 1000-ზე მეტი ამ სფეროს პროფესიონალი ეცნობა მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებს, რომელსაც წარადგენენ მოწვეული საერთაშორისო სპიკერები. ზოგადად, ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი შემოქმედებით ინდუსტრიაში, ძალიან მნიშვნელოვანია, არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე ტენდენციებს და ინოვაციებს — ეს არის მიზანი, რასაც აღნიშნული ფესტივალი ნამდვილად ემსახურება.

M: პროგრამაში კონტრიბუციაზეც რომ მოგვიყვეთ, რამდენად მნიშვნელოვანია შერჩეული თემა თქვენთვის და რატომ აირჩიეთ Selma Thorsteinsdóttir და Agga Jónsdóttir?

ზოგადად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია 2016 წლიდან თანამშრომლობს ბიზნეს კომპანიებთან „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ დანერგვის  ხელშეწყობით. ძალიან ვამაყობთ იმით, რომ უკვე 180-ზე მეტი მსხვილი, საშუალო და მცირე ორგანიზაციაა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერი და იზიარებს იმ მთავარ ღირებულებას, რასაც გენდერული თანასწორობა ჰქვია. ბუნებრივია, ამ კომპანიებს შორის არიან კრეატიული ინდუსტრიები, დიდი ბრენდები, მედია კომპანიები. მათთან მუშაობა განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა სწორედ იმიტომ, რომ მათ საზოგადოების აზრის ფორმირებაზე დიდი გავლენა აქვთ.

ამიტომაც ვგეგმავთ, რომ 2024 წლიდან ამ ინდუსტრიასთან ჩვენი თანამშრომლობა უფრო გავაღრმაოთ, რაც გულისხმობს საქართველოში Unstereotyope Alliance-ის შექმნას. ეს ალიანსი გლობალურ დონეზე უკვე რამდენიმე წელია შეიქმნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და მისი მისიაა კრეატიულ ინდუსტრიაში არსებული მოთამაშეების შემოკრება სტერეოტიპული წარმოდგენების დეკონსტრუქციის მიზნით. აღნიშნული ალიანსის ფარგლებში ქართული კომპანიებიც შეუერთდებიან ამ მოძრაობას და იმსჯელებენ ერთობლივ ინიციატივებზე, თუ როგორ შეუწყონ ხელი თანასწორობაზე დამყარებულ, არასტერეოტიპული კულტურის ჩამოყალიბებას ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში.

ვინაიდან Ad Black Sea ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა, სადაც კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები, მარკეტერები და კომპანიის ლიდერები იყრიან თავს, ამიტომ გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის სტრატეგიული დატვირთვა აქვს ფესტივალზე ასეთი მნიშვნელოვანი თემის გაჟღერებას და სამიზნე აუდიტორიამდე მიტანას. წინა წლის ფესტივალზე წარმატებულ თანამშრომლობაზე დავაშენეთ წლევანდელი თანამშრომლობაც და იმედია, მსმენელებს ძალიან საინტერესო სპიკერებს შევახვედრებთ.

რაც შეეხება ჩვენს სპიკერებს, სელმა თორსთეინსდოტირ და აგგა იონსდოტირ არიან ისლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კრეატიული სააგენტოს, Pipar/TBWA-ს დამფუძნებლები. ამავდროულად, სელმა სააგენტოს კრეატიული დირექტორის როლს ასრულებს, ხოლო აგგა მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას უწყობს ხელს. ისინი პროფესიით გრაფიკული დიზაინერები არიან, თუმცა უკვე 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ სარეკლამო ინდუსტრიაში. სელმას და აგგას ბევრი ნამუშევარი წარდგენილი ყოფილა ისეთ საერთაშორისო ჯილდოებზე, როგორებიცაა Clio, Cresta, Creativepool, Cannes Lions, Gerety Awards, Care Awards, Act, Phoenix Award და სხვა. თვითონ სელმა და აგგაც მიწვეულნი ყოფილან სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე და ჯილდოებზე, როგორც ჟიურის წევრები.

წლების განმავლობაში სელმა და აგგა გახდნენ გენდერული თანასწორობის ელჩები თავიანთ საზოგადოებაში და ხელს უწყობენ ამ თემებზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც შევაჩერეთ კონკრეტულად ამ სპიკერებზე არჩევანი, არის ის ფაქტი, რომ სელმა და აგგა, როგორც კრეატიული სააგენტოს დამფუძნებლები, აქტიურად თანამშრომლობენ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ისლანდიაში. სწორედ მათი კრეატიული სააგენტო იყო ჩართული გაეროს ქალთა ორგანიზაციის ყველაზე ცნობილ გლობალურ კამპანია HeForShe-ის შექმნაში, რომლის მიზანიცაა ბიჭებისა და კაცების ჩართულობა გენდერული თანასწორობის მიღწევაში და ბრძოლა ნეგატიური გენდერული ნორმების წინააღმდეგ.

M: ვორქშოპის შესახებაც რომ მოგვიყვეთ, რას უნდა ელოდნენ ABS-ის სტუმრები?

მთავარ სცენაზე პრეზენტაციისა და ვორქშოპის თემა წელსაც იქნება ქალების როლის წარმოჩენა სარეკლამო და კრეატიულ ინდუსტრიაში, რისი საბოლოო მიზანიც საზოგადოებაში ამ თემების ირგვლივ სტერეოტიპული წარმოდგენების დეკონსტრუქციაა. ისლანდიელი სპიკერები, როგორც ისლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კრეატიული სააგენტოს დამფუძნებლები, გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, მათ მიერ შექმნილ კამპანიებს გენდერული თანასწორობის თემატიკაზე და ასევე, მოჰყვებიან, თუ რომელმა კამპანიებმა დაიმსახურა მომხმარებლების მოწონება და რომელი კამპანიები აღმოჩნდა მათთვის ე. წ. Fail (მარცხი) მცირედი გაუთვალისწინებელი შეცდომების გამო. ვორქშოპზე სპიკერები მონაწილეებს სწორედ იმ პრაქტიკულ რჩევებს გაუზიარებენ, რაც აუცილებელია თანამედროვე, ინოვაციური, ღირებულებებზე დაფუძნებული კამპანიის შესაქმნელად.

დარწმუნებულები ვართ, რომ წლევანდელ ფესტივალზე სარეკლამო/კრეატიული ინდუსტრიის მსოფლიო ვარსკვლავებისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ერთობლივად დაგეგმილი ვორქშოპის ფარგლებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება, ახლებური წარმოდგენების შექმნისა და ხელახალი გააზრების, ინსპირაციის წყარო გახდება ფესტივალის მონაწილეთათვის.


გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტო, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის დაარსების მიზანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალებისა და გოგოების ინტერესების დაცვა წარმოადგენს. ორგანიზაცია ხელს უწყობს ყველა სფეროში ქალთა თანაბარ მონაწილეობას და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ხუთ ძირითად მიმართულებაზე: ქალთა ლიდერობისა და მონაწილეობის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, სამშვიდობო და უსაფრთხოების პროცესებში ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება ქვეყნის განვითარების დაგეგმვის პროცესებში.

5 რამ, რაც საუკეთესო დიზაინერად გაქცევთ

Metro Production Ad Black Sea 2023-ის მხარდამჭერია!