in

კერძო სექტორი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება

სულ უფრო ნათელი ხდება, რომ კომპანიები გენდერული ძალადობის დაძლევაში, დასაქმებულების უსაფრთხოების, ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის დაცვაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. რადგან პანდემიამ სახლი სამუშაო სივრცედაც აქცია, ეს როლი განსაკუთრებითაა გაზრდილი. მით უმეტეს ახლა, როცა ვირუსის გარდა, მსოფლიო სხვა პრობლემის წინაშეც დადგა – “ჩრდილოვან პანდემიად” რომ მოიხსენიებენ. გადაადგილების შეზღუდვისა და იზოლაციის დაწყებისთანავე ქალებისა და გოგოების მიმართ ყველა სახის ძალადობის, განსაკუთრებით კი ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებების რაოდენობა გაიზარდა. წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ტრადიციული, გლობალური 16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქცენტს ამ პრობლემის დაძლევაში კერძო სექტორის როლზეც აკეთებს. ამდენად, კომპანიებიც უერთდებიან ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, გაეროს სისტემასა და ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლებს, რათა უფრო ცხადად გამოკვეთონ, თუ რაოდენ საჭიროა დაფინანსება, აუცილებელი მომსახურებები, პრევენცია და მონაცემები, რომელთა მეშვეობით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობაზე მეტად ინფორმირებული რეაგირება განხორციელდება.

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია / ლელი ბლაგონრავოვა

საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიაში ჩაერთო ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი 30-მდე კერძო კომპანიაც. კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება. მისი ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მასში მონაწილე ქვეყნები, ორგანიზაციები, კომპანიები თუ უბრალოდ მოქალაქეები სოლიდარობის ნიშნად სხვადასხვა აქტივობაში სწორედ ნარინჯისფერს იყენებენ. კამპანიის მხარდასაჭერად, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების ოფიციალური ანგარიშები სოციალურ ქსელებში განარინჯისფერდება. ცნობიერების ასამაღლებლად, ამ 16 დღის განმავლობაში, კომპანიები გენდერული ძალადობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციასაც გაავრცელებენ. კამპანიის ფარგლებში, ნარინჯისფრად განათდა თბილისის ანძა.

კამპანიაში მონაწილე ორგანიზაციებს შორისაა სააგენტო ჯეპრა, რომელმაც ინიციატივის მხარდასაჭერად, ფეისბუკ ჩარჩოც შექმნა, პროფაილ ფოტოსთვის. ჯეპრას კონსულტანტი და CSR მენეჯერი თაკო ვარამაშვილი კამპანიაში ჩართულობის მნიშვნელობაზე გვესაუბრა:

თაკო ვარამაშვილი

“საკონსულტაციო კომპანია ,,ჯეპრა” იმ კომპანიების ხუთეულშია, რომელმაც 2017 წელს მსოფლიოს მასშტაბით პირველებმა შეიმუშვეს და დაამტკიცეს ქალთა გაძლიერების პრინციპების სამოქმედო გეგმა. გეგმის განხორციელების შედეგად ორგანიზაციის შინაგანაწესში და სამუშაო ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ანტიდისკრიმინაციული პუნქტები. დაინერგა საჩივრის მექანიზმი. ხოლო, თანამშრომელ ქალთა განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა ტრენინგებისა და მენტორინგის სისტემა. ,,ჯეპრას” დირექტორი ქალია. ამასთან, ორგნიზაციაში, მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე უმრავლესად, ქალები არიან წარმოდგენილი.

“ჯეპრა”, ასევე, არის WEPs-ის სამუშაო ჯგუფის აქტიური წევრი და მუდმივად ჩართულია UN Women-ის ორგანიზებულ ყველა აქტივობასა თუ ინიციატივაში.

25 ნოემბერს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია დაიწყო და ამ მნიშვნელოვანი პრობლემის აღმოფხვრის ირგვლივ, მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ ერთიანდება. ჯეპრაც, რა თქმა უნდა, უერთდება და სოლიდარობას უცხადებს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას. ჩვენ, ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვცდილობთ განვახორციელოთ სხვადასხვა აქტივობა თუ კამპანია, რათა ხელი შევუწყოთ ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია, არსებული რესურსების გამოყენებით ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ამ პრობლემის შესახებ, პოპულარიზაცია გავუწიოთ სერვისებს, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ არსებობს და მხარი დავუჭიროთ გენდერული ძალადობის მსხვერპლებს.”

კამპანიაში, ასევე, ჩაერთო Biltmore Tbilisi. ამის შესახებ, კომპანიის PR-ისა და მარკეტინგის აღმასრულებელი ანა ვაჩაძე გვესაუბრა:

ანა ვაჩაძე

“სასტუმრო ბილტმორ თბილისის გუნდი უერთდება ქალთა გაძლიერებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ კამპანიას. სიამაყით გაცნობებთ, რომ  სასტუმრო ბილტმორ თბილისის თანამშრომლების 60%-ს ქალები შეადგენენ და მენეჯერულ პოზიციებსაც 70%  ქალები იკავებენ.

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, UN Women Georgia-სთან თანამშრომლობით, არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა დაიგეგმა. მათ შორის აღსანიშნავია ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე ქალებისათვის შეგვეთავაზებინა სასტუმროს საქმიანობის შემსწავლელი პრაქტიკული კურსები სამომავლო დასაქმების პერსპექტივით ან რეკომენდაციით. ასევე იგეგმებოდა თანამშრომლებისათვის მოცემულ საკითხზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტრენინგების ჩატარება. სამწუხაროდ, ეპიდ-სიტუაციამ ხელი საგრძნობლად შეგვიშალა. ვიმედოვნებთ, მომავალ წელს გეგმებს განვახორციელებთ.

ქალის პიროვნული განვითარება და გაძლიერება მიუღწეველია ნებისმიერი ტიპის ძალადობის პირობებში, ისევე, როგორც შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა გენდერული უთანასწორობის პირობებში. ამ იდეებზე დაყრდნობით აქტიურად ჩავერთეთ 16 დღიან კამპანიაში. მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს, რომ კერძო სექტორსაც მოგვცა საშუალება არსებული პოზიციის დაფიქსირების და ამ საკითხში ჩვენი წვლილის შეტანის. ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და მოვუწოდებთ კომპანიებს აქტიურობისკენ.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. კამპანიაში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. ყველა საჭირო ინფორმაციას ამ ბმულზე მოიძიებთ: http://unwo.men/SdMB30pTv6e

 

[R]

სუნამოს ბოთლი, რომლის ეტიკეტიც ხან ქრება, ხან – ჩნდება

“გაშეშების შელოცვა” – სალომე ჯოხაძის ნამუშევარი