in

გულგრილობის ვირუსი კლავს — UN Women-ის კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

ზოგჯერ ვიცით და თავს ვირწმუნებთ, რომ საქმე არც ისე რთულადაა. თავს ვიმართლებთ, რომ ეს ყოველდღიურობის ნაწილია და ჩვენი ჩარევა არაა საჭირო, ამ ეტაპზე. თუმცა, ლეტალური შედეგის შემდეგ, მეტისმეტად გვიანია იმის მისახვედრად, რომ გულგრილობის ვირუსი კლავს. სწორედ ამ თემას ეხება ონლაინკამპანია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარეობს. 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, სხვა აქტივობების პარალელურად,  შეიქმნა 6 აუდიოპიესა, ქართველი მწერლების, ნესტან ნენე კვინიკაძისა და ლაშა ბუღაძის ავტორობით. პიესებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სცენებითა და სიტუაციებითაა აღწერილი.

გვანცა ასათიანი, UN Women-ის კომუნიკაციების სპეციალისტი: “ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა და საზოგადოების მხრიდან მეტ ჩართულობას ითხოვს. საკითხი პანდემიის დროს კიდევ უფრო აქტუალური გახდა – თითქოს, სახლი ყველასთვის დაცული ადგილია, თუმცა ბევრი გოგო და ქალი ყოველდღიურად ძალადობის საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. ამ მდგომარეობაში, საზოგადოების გულგრილობა დამღუპველია და ლეტალურ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ამიტომაც, ეს კამპანია ყურადღებას სწორედ გულგრილობაზე ამახვილებს, რომელსაც ფემიციდი შეიძლება მოყვეს. კამპანიის მთავარი გზავნილია “გულგრილობის ვირუსი კლავს” ანუ გულგრილობით გამოუსწორებელ შედეგამდე შეიძლება მივიდეთ. ამიტომაც, საზოგადოებას მოვუწოდებთ იმ აზრის გაცნობიერებისკენ, რომ ჩვენს ზარს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. მნიშვნელოვანია,  საზოგადოებამ მეტი იცოდეს დახმარების სერვისებზე – რომ არსებობს სახალხო დამცველის ცხელი ხაზი 1481, ასევე – ოჯახში ძალადობის შესატყობინებლად 116 006 ან 112. ცხელ ხაზზე დაკავშირება უფასოა.

რაც შეეხება რადიოპიესებს, იდეა იმ რეალური ამბებიდან მომდინარეობს, რაც ქალებს გადახდენიათ საქართველოში. ეს ისტორიები გააცოცხლეს ნესტან ნენე კვინიკაძემ და ლაშა ბუღაძემ. სულ ექვსი რადიოპიესა შეიქმნა და გავრცელდა როგორც რადიოს ეთერით, ისე ციფრული მედიის საშუალებით.

საყურადღებოა ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 2017 წელს გამოაქვეყნა. ეს კვლევა და სახალხო დამცველის მიერ ფემიციდის მონიტორინგის შედეგები იყო წარმოდგენილი კამპანიაში სტატისტიკის სახით. კამპანია თიზინგ წარდგენით დავიწყეთ, სადაც დახურული კარები იყო ნაჩვენები, რაც ასე ხშირია პანდემიის დროს – ნაკლები სტუმრიანობა, მეტი იზოლაცია. თუმცა, ეს იყო სიმბოლოც, რომ დახურული კარი არ უნდა იყოს შენი დამაბრკოლებელი ფაქტორი, როცა ადამიანს დახმარება სჭირდება. სამწუხაროდ, ამ კამპანიის აუცილებლობას ამყარებდა სტატისტიკა, რომ ქალთა 22% და მამაკაცთა 31% თვლის, რომ ცოლის ცემა გარკვეულ შემთხვევაში, გამართლებულია. ქალების 33% და კაცების 50% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა და არავინ უნდა ჩაერიოს. ქალების 23% და კაცების 42% ფიქრობს, რომ ცოლი უნდა დაემორჩილოს მაშინაც, როდესაც არ ეთანხმება. მონაცემები ძალიან ბევრია, თუმცა ამ სამი რიცხვითაც კარგად ჩანს, რამდენად მწვავედ დგას საზოგადოებაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხი და რომ საზოგადოების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და ეს ძალიან კარგად უნდა გაიაზროს თითოეულმა ადამიანმა. ეს კამპანიაც სწორედ ამას ემსახურება.”

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. კამპანია ევროკავშორის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ,,ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში განხორციელდა.

პირბადიანი გამოსახულებები მეტროს მოზაიკურ ფრესკებზე, როგორც ფრთხილად ყოფნის შეხსენება

ყველაზე სწრაფი კვანტური მოწყობილობა