კარგ მოსაუბრედ ყოფნა შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ. იქნება ეს მოკლეხნიანი საუბარი ღონისძიებაზე თუ ინტენსიური მოლაპარაკება, სწორედ თქვენი კომუნიკაცია სხვებთან განსაზღვრავს შედეგს. თვით ციფრულ სამყაროშიც კი, საუბრის ხელოვნების ცოდნა მნიშვნელოვანია ძლიერი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.
კარგი ურთიერთობები საჭიროებს ნდობას. როდესაც ენდობით ადამიანებს, ვისთან ერთადაც მუშაობთ, უფრო სავარაუდოა, რომ აცნობოთ მათ, თუ გიჭირთ დავალების შესრულება ან გადაწვის ზღვარზე ხართ. თქვენ უზიარებთ მათ თქვენი ნახევრად ჩამოყალიბებული იდეების შესახებ, რომლებიც შეიძლება მნიშვნელოვანი რამის ჩანასახი გახდეს. ამ ნდობის ნაწილი მოდის იმ ადამიანების ცოდნიდან, ვინც თქვენ გარშემოა და როგორ იგებთ თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების შესახებ? ცხადია, კომუნიკაციისა და საუბრის გზით.
კარგ მოსაუბრედ ყოფნისას, თქვენ ასევე უკეთ შეგიძლიათ ისწავლოთ იმ ადამიანებისგან, ვისთანაც საუბრობთ, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს კარიერულ ზრდას, ახალ შესაძლებლობებსა და უფრო ძლიერ კავშირებს.
მოუსმინეთ
კარგი მსმენელები არა მხოლოდ ყურებით უსმენენ, არამედ მთელი სხეულით. ისინი იხრებიან მოსაუბრისკენ, ამყარებენ თვალით კონტაქტს და სრულ ყურადღებას უთმობენ იმ ადამიანს, ვისთანაც საუბრობენ. კარგ მსმენელად ყოფნა ასევე ნიშნავს, რომ თქვენ არ ამზადებთ თქვენს პასუხს იმ დროს, როდესაც ადამიანი საუბრობს. კარგი საუბარი საჭიროებს სხვა მონაწილეების გაგებას. საერთო გაგება იწყება იმით, რომ ნამდვილად მოუსმინოთ იმას, რისი თქმაც სხვა ადამიანებს სურთ.
ნუ შეეცდებით საუბრის დომინირებას
კარგი საუბარი არ არის შეჯიბრი. ის თანამშრომლობითია. ერთი ადამიანი საუბრობს. მეორე ავითარებს ამ საწყის განცხადებას. თანამშრომლობა, რომელიც აშენებს ნდობას, შეიძლება დაირღვეს, თუ საუბარი კონკურენტული გახდება. როდესაც ცდილობთ საუბარში „გაიმარჯვოთ“, შეიძლება თავს ენერგიულად გრძნობდეთ ამ შეხვედრის შემდეგ, მაგრამ ეს არ აღრმავებს თქვენს ურთიერთობას თანამოსაუბრესთან.
ზოგჯერ ადამიანები საუბრებს ატარებენ ერთმანეთზე შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობით, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ისტორია ხდება მცდელობა, გადააჭარბოს ახლახან ნათქვამს. სხვა დროს, საუბრის თემა ფოკუსირდება უთანხმოების წერტილზე და დისკუსია ხდება დებატი, სადაც თითოეული მხარე ცდილობს დაარწმუნოს მეორე, რომ მათი თვალსაზრისი სწორია, ნამდვილი განხილვის გარეშე. კარგი საუბარი უნდა იყოს ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, როგორც პინგ-პონგის თამაში. თუ ბურთი ძალიან დიდხანს რჩება კორტის ერთ მხარეს, ორივე მხარე მალე დაკარგავს ინტერესს თამაშის მიმართ და გადავა.
ყურადღება მიაქციეთ სხეულის ენას
თუ გსურთ ადამიანური კავშირის დამყარება იმ ადამიანთან, ვისთანაც საუბრობთ, სრულად უნდა კონცენტრირდეთ მეორე ადამიანზე. მოუსმინეთ იმას, რაც არ ითქმება. მოუსმინეთ ტონს და დააკვირდით მათ სხეულის ენას მინიშნებებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობენ თავს. კარგი მოსაუბრეები უსმენენ თვალებით, აკვირდებიან სხეულის ენას ან განწყობის ცვლილებებს, რომლებიც იძლევა ინფორმაციას მეორე ადამიანის ინტერესის დონეზე საუბარში. ეს შეიძლება დაგეხმაროთ საუბრის გადამისამართებაში ან გაუმჯობესებაში მოცემულ მომენტში, ამბობს პარკერ ელენი, მენეჯმენტისა და ორგანიზაციული განვითარების პროფესორი ნორთისტერნის უნივერსიტეტში.
იყავით ინფორმირებული და მოდით საინტერესო თემებით
იყავით საინტერესო პიროვნება. წაიკითხეთ და გაეცანით მრავალფეროვან თემებს მსოფლიო მოვლენებზე, ბიზნესსა და კულტურაზე. გაცდით ზედაპირულ საუბრებს, რათა წამოჭრათ მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც სავარაუდოდ გამოაცოცხლებენ საუბარს. იყავით ყურადღებიანი თითოეული ადამიანის მიმართ, რათა შეხვდეთ მათ იქ, სადაც ისინი არიან და იყავით ცნობისმოყვარე მათი შეხედულებების მიმართ.
განათლება საშუალებას გაძლევთ წარმოადგინოთ იდეები და ისტორიები სხვა სფეროებიდან, ამბობს მარკ ლევი, ბრენდინგ სტუდია Levy Innovation-ის პრეზიდენტი: „როდესაც ბიზნესმენს სურს რაიმე აზრის გამოთქმა საუბარში, ის ხშირად ეყრდნობა იდეას, აზრს ან ისტორიას ბიზნესის სამყაროდან. გარკვეული დროის შემდეგ ეს მოსაბეზრებელი ხდება. ჩვენ ყველას გვსმენია ერთი და იგივე ბიზნესისტორიები და გონებრივად ვბლოკავთ მათ.“
იყავით ემპათიური
კავშირის დამყარების კიდევ ერთი გზაა ემპათიის გამოჩენა. თქვენ ასევე შეგიძლიათ იყოთ ემპათიური მაშინაც კი, როდესაც არ ეთანხმებით მეორე ადამიანს. როგორ? ნუ იქნებით სწრაფი ამ ადამიანთან პრობლემის შექმნაში. ამის ნაცვლად გამოიკვლიეთ. ჰკითხეთ ვინმეს, ვისი იდეაც შეუძლებლად გეჩვენებათ: რა ძალისხმევა დასჭირდებოდა ამ საკითხზე მუშაობას?
დასვით მყარი კითხვები
„როგორც ადამიანი, ვისაც ცოტა ან საერთოდ არ ჰქონდა გამოცდილება ბიზნესში – გარდა საკუთარი ერთკაციანი ფრილანსერული ოპერაციის მართვისა – ყველაფერი, რამაც მართლა გადამარჩინა (ჯერჯერობით) სიგიჟისგან, არის ის უნარები, რომლებსაც ვიყენებდი, როგორც ჟურნალისტი,“ – ამბობს ევან რატლიფი, რომელიც წერდა ისეთი ჟურნალებისთვის, როგორიცაა The New Yorker. მისი თქმით, ერთ-ერთი მსგავსი უნარი არის ისეთი კითხვების ფორმულირების შესაძლებლობა, რომლებიც იძლევა სასარგებლო პასუხებს, იქნება ეს მრჩევლებისგან თუ კლიენტებისგან ან ვინმე სხვისგან. კარგმა კითხვებმა შეიძლება წინ წაწიოს თქვენი ბიზნესი, ორგანიზაცია ან კარიერა – ისევე როგორც ნებისმიერი საუბარი.
გაეცით კარგი პასუხები
როდესაც ვინმე კითხვას თქვენკენ მიმართავს ანუ როდესაც ბურთი თქვენკენ არის გადმოგდებული – ყოველთვის უნდა გასცეთ პასუხი, რომელიც გააგრძელებს დიალოგის ნაკადს, გადააგდებთ ბურთს უკან და არასდროს დაუშვებთ მის დავარდნას.
ჩაუღრმავდით
სჯობს სერიოზულად მივუდგეთ ხანმოკლე საუბრებს. ჩვენ ხშირად ვერთვებით განხილვაში, რომელიც არ აშენებს ურთიერთკავშირს. უარი თქვით ძველ გაცვეთილ კითხვებზე როგორიცაა „ჰეი, როგორ ხარ?“ და „რა ხდება შენკენ?“ ასეთი საუბრით ნამდვილად ვერ მიაღწევთ ადამიანთან საინტერესო თემებზე მსჯელობას.
ამის ნაცვლად, კარგი იქნება გამოვიჩინოთ ჭეშმარიტი ცნობისმოყვარეობა სტანდარტული ფრაზების უფრო მიზანმიმართული ინტერესის გამოხატვით ჩანაცვლებით. ისეთი ზოგადი კითხვების ნაცვლად, როგორიცაა „როგორ ხარ?“, იყავით უფრო კონკრეტული.
ნუ ეცდებით იყოთ სრულყოფილი
კარგ მოსაუბრეს არ ეშინია აჩვენოს, რომ რაიმე არ ესმის. „ბევრი ადამიანი საკუთარ თავს ფეხში ესვრის, რადგან ცდილობს წარმოჩინდნენ თავი ყოვლისმცოდნედ ან სრულყოფილად. ასევე, ნუ გეშინიათ გამოჩნდეთ მოწყვლადად. სოციალური მედია გვაიძულებს გამოვიყურებოდეთ „კამერისთვის მზად“, ვიზუალურად სრულყოფილად, შესაშური აქტივობებით, საუკეთესო ტანსაცმლით, სრულყოფილი სხეულით…
წყარო: fastcompany