25 სექტემბერს გურამ მაცხონაშვილი პირველად დაესწრება QUEMMEKH-ის ლაივს. იმავე საღამოს QUEMMEKH-ის წევრები პირველად აღმოჩნდებიან მის დადგმაში. ეს დეტალი საკმაოდ ზუსტად აღწერს UNBURNED-ს, პროექტს, რომელიც თანამშრომლობაზეა აშენებული იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთმანეთს არც პირადად და არც შემოქმედებითად იცნობდნენ. ყველაფერი გაცილებით პატარა ჩანაფიქრით დაიწყო: QUEMMEKH-ს ახალი ლაივისთვის განსხვავებული სცენის დიზაინი უნდოდა, თუმცა რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ იდეა უკვე უფრო დიდ ფორმატად იყო ქცეული.
ამ შეხვედრას თავისი დროც ჰქონდა. QUEMMEKH პაუზის შემდეგ ახალ ეტაპზე გადადიოდა, გურამი კი სამწლიანი შემოქმედებითი პაუზიდან ბრუნდებოდა. UNBURNED-ში ეს ორი ინერცია ერთმანეთს შეხვდა და მალევე თეატრსა და მუსიკას ქორეოგრაფია, პერფორმანსი, ქანდაკება, მოდა და სხვა დისციპლინები დაემატა. პროექტი ხუთ აქტად არის აწყობილი, სივრცეში კი ორი სცენა და მათ შორის ხიდია. ერთდროულად მიმდინარე მოქმედებების გამო მაყურებელს თავად მოუწევს გადაწყვიტოს, რას გაჰყვეს და რა გამოტოვოს, ამიტომ ერთი და იგივე შოუ თითოეულისთვის განსხვავებული გამოცდილება იქნება.
View this post on Instagram
UNBURNED-ის კრეატიულ დირექტორს გურამ მაცხონაშვილს, QUEMMEKH-ის ფრონტმენს სანდრო ქერაულსა და პროექტის აღმასრულებელ პროდიუსერს მაშო გელაშვილს ვესაუბრეთ იმაზე, როგორ გადაიქცა სცენის დიზაინის იდეა 20-ზე მეტი არტისტის ერთობლივ პროექტად, როგორ მუშაობს ერთმანეთისგან განსხვავებული დისციპლინების შეჯახება, რატომ გასცდა პროექტის კამპანია შოუს ტრადიციულ კომუნიკაციას და რას შეიძლება ნიშნავდეს UNBURNED იმ გარემოსთვის, რომელშიც ის შეიქმნა.
რესტორანი, რომელიც პორტალად იქცა
M: როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა რეალურად? როგორი იყო UNBURNED-ის თავდაპირველი ვერსია?

გურამ მაცხონაშვილი: ძალიან უცნაურად. იმ დღეს სხვა საქმეზე შევხვდით, შემდეგ სადილად წავედით და დაახლოებით ორი საათის მერე იქიდან უკვე პროექტით გამოვედით. დღემდე მიჭირს ზუსტად აღვადგინო, როდის გადავიდა ჩვეულებრივი საუბარი გადაწყვეტილებაში, რომ ამას მართლა ვაკეთებდით. რაღაც მომენტში უბრალოდ დავიწყეთ ხატვა, ხაზვა, ჩამოწერა, ვინ რას გააკეთებდა და შემდეგ შეხვედრამდე უკვე დავალებებიც გვქონდა.
მე ხანდახან ვამბობ, რომ ის რესტორანი, „მადრე“, თითქოს პორტალი იყო. შევედით ერთი მდგომარეობით და გამოვედით სრულიად სხვა რეალობით. ჩვეულებრივ, ასეთ პროცესს ბევრი განხილვა, აწონ-დაწონა და შეთანხმება ახლავს. აქ ეგ შუალედური ეტაპი თითქმის არ ყოფილა.
M: თავიდანვე ამ მასშტაბზე ფიქრობდით?
სანდრო ქერაული: არა, ბევრად მარტივი იდეა იყო. სცენის დიზაინი გვაინტერესებდა და ვფიქრობდით, რომ QUEMMEKH-ის ლაივისთვის მინიმალური დამატებითი მხატვრობა გაგვეკეთებინა. საქართველოში კონცერტებზე სცენის დიზაინი ხშირად უბრალოდ ფუნქციური სივრცეა და გვინდოდა, შოუს საკუთარი არქიტექტურა ჰქონოდა, უფრო ტურნესთვის შექმნილ სცენას დამსგავსებოდა.
შემდეგ ძალიან სწრაფად გაჩნდა ახალი კითხვები. თუ უკვე სცენას ცვლი, კიდევ რას შეგიძლია შეეხო? თუ სივრცე დრამატურგიის ნაწილია, მუსიკა როგორ უნდა მოიქცეს? მერე პერფორმანსი შემოვიდა, სხვა დისციპლინები და საბოლოოდ ის პატარა იდეა მთლიან სისტემად გადაიქცა.
M: გურამ, სამი წლის შემოქმედებითი პაუზის შემდეგ სწორედ ამ პროექტით რატომ ბრუნდები?
გურამი: პაუზის დროს შეიძლება მუშაობა შეწყვიტო, მაგრამ შემოქმედებით ფიქრს ვერ აჩერებ. სამი წლის განმავლობაში რაღაცები მაინც გროვდებოდა, უბრალოდ მათ განხორციელებას არ ვცდილობდი. დასვენება მინდოდა.
მგონია, რომ UNBURNED-ზე შეხვედრისას ამ სამი წლის განმავლობაში დაგროვილი ენერგია ერთბაშად გამოვიდა. იმდენად სწრაფად დაიწყო ყველაფერი, საკუთარ თავს არც კი ვკითხე, მინდოდა თუ არა დაბრუნება. უკვე პროცესში ვიყავი. ალბათ, ამაში იყო პაუზის ინერციაც.
M: ამ პროექტამდე ერთმანეთის შესახებ ბევრი რამ არ იცოდით სამუშაო, გამოცდილება ერთად არ გქონიათ და UNBURNED იქნება პირველი QUEMMEKH ლაივი, რომელსაც ნახავ…
გურამი: ეს იქნება პირველი ჩემი დადგმა, რომელსაც ისინი ნახავენ. ეგ ძალიან მომწონს. თითქოს ყველანი ერთ ექსპერიმენტში შევდივართ და არც ერთ მხარეს არ აქვს სრული ინფორმაცია მეორეზე.
პირველ დღეს ამიტომაც განსაკუთრებულად ველოდები. შეიძლება მეორე შოუ ტექნიკურად უფრო დალაგებული და დავარცხნილი იყოს, მაგრამ მე, როგორც მაყურებელი, ალბათ პირველს ავირჩევდი. ნედლი და ოდნავ ველური გამოცდილება ყოველთვის უფრო მაინტერესებს.
View this post on Instagram
ერთი შოუ, ოთხი ათასი ვერსია
M: გურამ, წარსულში თეატრი არაერთხელ გაგიტანია ტრადიციული შენობიდან. რა იპოვე მუსიკალურ ლაივში ისეთი, რაც ახლა განსაკუთრებით გაინტერესებს?
გურამი: თეატრში არასოდეს მქონია განცდა, რომ რაღაც შეუძლებელია. თუ ფანტაზია გაქვს, პრაქტიკულად ყველაფერი შეიძლება. ამიტომ, საკითხს ისე არ ვუყურებ, თითქოს მუსიკას შეუძლია რაღაც, რაც თეატრს არ შეუძლია.
მე დრამატურგია მაინტერესებს. თეატრში მაინტერესებდა, კინოშიც მაინტერესებს, ფეხბურთშიც კი დრამატურგიას ვაკვირდები. ახლა მაინტერესებს, რა მოხდება, თუ ამ ორგანიზმს სხვა გარემოში გადაიტან. მუსიკალურ ლაივში შეფასების კრიტერიუმები სხვანაირია, სხვა სიტყვები მუშაობს, სხვა სიჩქარეა.
უცნაური მდგომარეობაა: რაღაც საკითხებში გამოცდილება მაქვს, მაგრამ ამ ინდუსტრიაში პირველად ვარ და ამიტომ პერიოდულად მგონია, რომ ყველაფერს პირველად ვაკეთებ. ძალიან კარგი შეგრძნებაა.
M: რამდენად შეიცვალა თავად QUEMMEKH-ის მუსიკა UNBURNED-ის გამო?

სანდრო: ჩვენი ლაივ ვერსიები ისედაც ხშირად იცვლება კონკრეტული სივრცისა და კონცეფციის მიხედვით, მაგრამ აქ ეს გაცილებით შორს წავიდა. შოუ ხუთ აქტად არის გაყოფილი და სეთლისტიც ამ დრამატურგიას უნდა მიჰყვეს.
მაგალითად, გვაქვს ქართული სექცია. QUEMMEKH-ს ფოლკთან ურთიერთობა მანამდეც ჰქონდა, მაგრამ ამ აქტის გამო ზოგი ტრეკის ლაივ ვერსია გაცილებით მეტად წავიდა ქართული მუსიკალური მასალისკენ. მსგავსი ცვლილება თითქმის მთელმა სეთლისტმა გაიარა. საბოლოოდ, მნიშვნელობა აღარ აქვს მხოლოდ იმას, ცალკე აღებული კონკრეტული სიმღერა რამდენად მუშაობს.
გურამი: ჯერ დისციპლინებზე ვფიქრობდით და შემდეგ ადამიანებზე. კონკრეტული ადამიანები დრამატურგიული ქსოვილიდან გამომდინარე გამოჩნდნენ.
მნიშვნელოვანი იყო განსხვავებული მგრძნობელობების დამატება. ერთი სათქმელი მუსიკამ შეიძლება თარგმნოს, მეორე თეატრმა, მესამე სხეულმა ან ობიექტმა. თავდაპირველად ძირითადად მუსიკასა და თეატრს შორის ვმოძრაობდით, შემდეგ მივხვდით, რომ დამატებითი ფენები პროექტს უფრო რთულს და საინტერესოს გახდიდა.
ჰარმონია ყოველთვის არც გვაინტერესებს. ზოგჯერ სხვადასხვა დისციპლინის შეჯახება უფრო პროდუქტიულია. ჩვენ ამას „ავარიებსაც“ ვეძახით. საინტერესოა, რა იბადება მაშინ, როდესაც ერთმანეთისგან განსხვავებული სისტემები რეალურად ხვდებიან ერთმანეთს და ბოლომდე ვერ აკონტროლებ შედეგს.
View this post on Instagram
M: საინტერესოა, პროექტის ვიზუალური ნაწილი როგორ ჩამოყალიბდა?
გურამი: ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მაყურებლისა და სცენის კლასიკური გეომეტრია დაგვერღვია. როდესაც მაყურებელი ერთ წერტილშია და ყველაფერი მეორე წერტილში ხდება, სხეულებრივად ძალიან ერთფეროვანი გამოცდილება იქმნება.
აქ რამდენიმე რამ შეიძლება ერთდროულად ხდებოდეს. ბენდი უკრავდეს, სხვაგან პერფორმერი მოძრაობდეს, მსახიობები მოქმედებდნენ. მაყურებელი თავად ირჩევს, რაზე გააკეთოს ფოკუსი. რაღაცით ჩოგბურთის მატჩს ჰგავს, სადაც თვალს დინამიკას აყოლებ.
ორი სცენა თავდაპირველად იმ ორი მთავარი მედიუმიდან გაჩნდა, რომლითაც ვიწყებდით, მუსიკიდან და თეატრიდან. შემდეგ მათი დაკავშირება ხიდით საკმაოდ ბუნებრივი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
View this post on Instagram
M: ანუ ერთსა და იმავე შოუზე 4000-მა ადამიანმა შეიძლება სხვადასხვანაირი გამოცდილება მიიღოს…
გურამი: ზუსტად. საერთო გამოცდილებაა, მაგრამ ყველას თავისი ვერსია ექნება. თან მაყურებლის სხეულიც მნიშვნელოვანია. არ გვინდა, უბრალოდ დასხდნენ და უსაფრთხო დისტანციიდან უყურონ იმას, რაც სცენაზე ხდება. მათი სხეულიც უნდა იყოს ჩართული, მოძრაობდეს, ირჩევდეს, რეაგირებდეს.
რიტუალის იდეაც აქედან მოდის. თეატრში ყოველთვის მიზიდავდა რიტუალური საწყისი. UNBURNED-ის ერთ-ერთი აქტიც ქართულ მითოლოგიურ და მუსიკალურ ფენებთან მიდის. ოთხი ათასი ძალიან განსხვავებული ადამიანის ერთ სივრცეში ყოფნა ამ გამოცდილებას კოლექტიურ განზომილებას აძლევს.
გამოცდილება, რომელიც საუნდჩეკამდე დიდი ხნით ადრე იწყება
M: UNBURNED-ის გამოცდილება 25 სექტემბერს არ იწყება – კამპანია რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ფოტოები და ვიდეოები რამდენად არის თავად UNBURNED-ის ნაწილი?
სანდრო: QUEMMEKH-ს ყოველთვის ჰქონდა ამბიცია, მხოლოდ მუსიკის ფარგლებში არ დარჩენილიყო. ამიტომაც უფრო არტ-სინდიკატად აღვიქვამთ საკუთარ თავს. ფილმების გადაღება, ვიზუალური მასალა, სხვა მედიუმებთან მუშაობა ჩვენთვის ბუნებრივი გაგრძელებაა.
გურამი: მე ამას გაცნობის აპს ვადარებ ხოლმე: დიდი ხანი ელაპარაკები ადამიანს და ბოლოს დგება შეხვედრის დღე. ჩვენც დიდი ხანია ვესაუბრებით აუდიტორიას და სექტემბერში პირველად ვხვდებით ფიზიკურ სივრცეში.
ამ პროცესით კიდევ ერთი რამ გვაინტერესებს. მუსიკოსის ლაივი ხშირად იწყება საუნდჩეკით და მთავრდება სცენიდან ჩამოსვლით.. თუ UNBURNED ვინმეს აფიქრებინებს, რომ ლაივზე სხვანაირადაც შეიძლება ფიქრი, ეს უკვე მნიშვნელოვანი შედეგი იქნება.
M: მაშო, როდესაც ამდენი დისციპლინა, ადამიანი და ტექნიკური კომპონენტი ერთ პროექტში იყრის თავს, როგორ ინარჩუნებთ პროცესში სპონტანურობას ისე, რომ ყველაფერი მართვადი დარჩეს?

მაშო: ალბათ, ორივე ერთდროულად გვჭირდება. ასეთი მასშტაბის პროექტს მხოლოდ იმპულსით ვერ ააწყობ, მაგრამ ჩემთვის ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი რაღაც მომენტში საკუთარი ეგოს გვერდზე გაწევაც გახდა. ხშირად სამივემ ვიცით, სტრატეგიულად რომელი გადაწყვეტილებაა უფრო სწორი, მაგრამ შეიძლება რაღაც იდეა იმდენად მოგვწონდეს, რომ მაინც სხვა გზა ავირჩიოთ. მაგალითად, ზუსტად ვიცოდეთ, რომ კონკრეტული მასალის გამოქვეყნებისთვის სხვა დრო უკეთესია, მაგრამ იმდენად გვინდოდეს მისი მაშინვე გაზიარება, რომ უბრალოდ გავუშვათ.
ძალიან ბევრ რამეს ჩვენთვისაც ვაკეთებთ. მით უმეტეს, თავიდან ერთმანეთი შემოქმედებითად თითქმის არ ვიცოდით და ამ პროცესში ერთმანეთის სამუშაო მეთოდებსაც ვეცნობოდით. რაღაცას გურამი გვიხსნის და უცებ სხვანაირად ვხედავ მასალას, შემდეგ შეიძლება ვიდეოც შეიცვალოს ან ახალი იდეა გაჩნდეს. თან ამ წლების განმავლობაში ყველას ბევრი რამ დაგვიგროვდა და როგორც კი ჩნდება შესაძლებლობა, რომ რომელიმე ასეთი იდეა ამ პროექტში რეალურად განხორციელდეს, ხშირად მაშინვე ვცდილობთ მის გამოყენებას.
ამიტომ სტრუქტურა და სტრატეგია აუცილებელია, მაგრამ ვცდილობთ, იმდენად ხისტი არ გახდეს, რომ ინტუიციისთვის ადგილი აღარ დარჩეს. თუ რომელიმე ჩვენგანი რაღაცას ხედავს და დანარჩენები ენდობიან, არ არის აუცილებელი, ყველა ნაბიჯი წინასწარ ყველასთვის გასაგები იყოს. ჩემთვის ამ პროექტში სწორედ ეს ნდობა გახდა ძალიან მნიშვნელოვანი.
M: სახელი UNBURNED როგორ გაჩნდა?
მაშო: ძალიან პრაგმატულად. უკვე დაახლოებით ვიცოდით პროექტის სტრუქტურა და უბრალოდ კარგ სიტყვას ვეძებდით. UNBURNED ერთ-ერთ ვარიანტად გავაზიარე, დიდი მოლოდინის გარეშე. უცებ ყველამ ვიგრძენით, რომ ზუსტად ეს იყო.
გურამი: ჩემთვის ამ სახელში არის განცდა, რომ რაღაც უკვე დიდი ხანია უნდა დასრულებულიყო, დამწვარი და გამქრალი ყოფილიყო, მაგრამ ისევ აქ არის. თითქოს ერთსა და იმავე ათწლეულში გავიჭედეთ და ვხედავთ, რომ ბევრი სისტემა აღარ მუშაობს, თუმცა მაინც მოგვყვება.
ამიტომ, UNBURNED ჩემთვის იმ მდგომარეობასაც ნიშნავს, როდესაც ძველი ჯერ კიდევ არ გამქრალა და ახალი ამის გამო ვერ ჩნდება. შეიძლება ამ პროექტში დღევანდელი საქართველოს განცდაც აქედან იკითხებოდეს.
M: სანდრო, შენ UNBURNED-ს „საქართველოს ცაიტგაისტი“ უწოდე. ალბათ, ესეც იმავე მდგომარეობას უკავშირდება.
სანდრო: კი. გარემო პირდაპირ შემოდის პროექტში, რადგან ჩვენც ამ გარემოში ვმუშაობთ. ბოლო რამდენიმე წლის გამოცდილება, პაუზები, დაბრუნება, განცდა, რომ რაღაცის კეთება ზოგჯერ აზრს კარგავს და შემდეგ ისევ პოულობს, ყველაფერი ამას მოჰყვება.
ჩემთვის მნიშვნელოვანი გახდა ისიც, რომ თავად კეთების ფაქტს შეუძლია რაღაც შეცვალოს. როცა გარემოში ბევრი იმედგაცრუებაა, უცებ ვიღაც იწყებს მუშაობას, ირგვლივ ხალხს იკრებს და ერთგვარ გრავიტაციულ ველს ქმნის. შემდეგ სხვა ადამიანისთვისაც ჩნდება მიზეზი, თავადაც გააკეთოს რაღაც. UNBURNED-მა ეს ეფექტი ჯერ კიდევ პრემიერამდე მოახერხა.
M: UNBURNED-ის შექმნის პროცესიც პროექტის ნაწილად აქციეთ და Steal This Method-ის სახელით საჯაროდ ხსნით. რატომ გადაწყვიტეთ, რომ სხვას არა მხოლოდ საბოლოო შედეგი, არამედ მისი გაკეთების მეთოდიც ენახა?
სანდრო: Steal This Method-ის იდეა იმ ფიქრიდან გაჩნდა, რომ თუ აქ რაღაც სივრცის აშენება გვინდა, მხოლოდ საკუთარი მეთოდის დაცვას დიდი აზრი არ აქვს. პირიქით, გვინდა, სხვამ აიღოს, გამოიყენოს, შეცვალოს და უკეთესი რამ გააკეთოს.
ამ პროცესში ძალიან კარგი შემთხვევა გვქონდა ლაზარესთან. 15 წლის არის, მოგვწერა, რომ პროგრამირება იცოდა, ჩვენი პროექტები მოსწონდა და უნდოდა, რაღაც ერთად გაგვეკეთებინა. გამოგვიგზავნა თავისი ნამუშევრები, შევხვდით, Steal This Method-ის იდეა მოვუყევით და ძალიან მოეწონა. საბოლოოდ საიტი მთლიანად მან ააწყო, თან დაახლოებით სამ დღეში. კოდიც თვითონ დაწერა და პროცესში თავისი იდეებიც შემოიტანა.
ვებგვერდზე ჩანს, როგორ ვიცხოვრეთ და ვიმუშავეთ ამ თვეების განმავლობაში: შეხვედრები, კალენდარი, ერთმანეთთან მიმოწერა, გადაწყვეტილებები, ვის დავუკავშირდით, ვინ გვითხრა უარი და როგორ მივედით კონკრეტულ იდეებამდე. რაღაც მომენტში მივხვდით, რომ ეს უკვე მხოლოდ UNBURNED-ის blueprint აღარ იყო. იმ გარემოსაც ასახავდა, რომელშიც პროექტი იქმნებოდა.
მაშო: თავიდან შეიძლება გქონდეს დამოკიდებულება, რომ რაღაც მეთოდი დიდი შრომით შექმენი და არ გინდა, სხვამ უბრალოდ აიღოს. აქ პირიქით გადავწყვიტეთ: წაიღეთ. თუ ვინმე ამ მეთოდით უფრო კარგ რამეს გააკეთებს, კიდევ უკეთესი. მერე ჩვენც იძულებული ვიქნებით, უფრო შორს წავიდეთ.
ჩემთვის Steal This Method-ის აზრიც ეს არის: მხოლოდ იმის ჩვენება არ გვინდა, რა გავაკეთეთ. გვინდა, ხელმისაწვდომი იყოს ისიც, როგორ გავაკეთეთ.
თან ეს იდეა აარონ შვარცს ეძღვნება. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ცოდნა და ინფორმაცია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ვისაც კონკრეტულ უნივერსიტეტზე, ბიბლიოთეკასა თუ სისტემაზე მიუწვდებოდა ხელი. ცდილობდა, ეს ინფორმაცია გაეხსნა და ბევრად უფრო ფართო წვდომა შექმნილიყო. ინტერნეტის ეს კულტურა ჩვენთვისაც ძვირფასია: თუ რაღაც იცი, შექმენი ან მეთოდი გამოიმუშავე, აუცილებელი არ არის, შენთვის ჩაიკეტო. შეგიძლია სხვასაც მისცე და ნახო, სად წაიღებს.
View this post on Instagram
M: და ბოლოს, 26 სექტემბერს მეორე შოუ რომ დასრულდება, როგორ მიხვდებით, რომ UNBURNED გამოვიდა?
სანდრო: ალბათ, თუ მოვიწყინე და თუ მერე სახლში მივედი, ერთი საათი კედელს ვუყურე და ვიფიქრე, ახლა რა ვაკეთო-მეთქი, ესე იგი კარგი პროცესი ყოფილა. რაღაც პოსტმშობიარობის მდგომარეობას ვგულისხმობ, როცა ყველაფერი, რასაც ამდენი ხანი აკეთებდი, უცებ დასრულებულია.
წარმატების გაზომვა აქ რთულია, რადგან შესადარებელი ბევრი არაფერი გვაქვს. ვინც მეორედ გააკეთებს მსგავს ფორმატს, იმას უკვე ექნება პირველი შემთხვევა, რომელსაც შეადარებს. ჩვენ ჯერ არ გვაქვს.
ერთი კრიტერიუმი მაინც ვიცი: თუ დომინანტური განცდა სიამოვნება იქნება და ეს სიამოვნება კოლექტიური აღმოჩნდება, ჩემთვის იმუშავა.
გურამი: ჩემთვის რაღაც ნაწილი უკვე მოხდა. ამ პროექტის გარშემო ხალხი გაჩნდა, ვინც გარკვეული დროის განმავლობაში აღარ მუშაობდა და ისევ დაიწყო მუშაობა. სხვებმაც დაიწყეს იდეებზე ფიქრი. გარემოში, სადაც ადამიანს ხშირად უჩნდება განცდა, რომ აქ აღარაფერი უნდა გააკეთოს, ვიღაცის ხელახლა „ანთებას“ მნიშვნელობა აქვს.
ამიტომ, UNBURNED-ის შედეგი მხოლოდ ის ორი საღამო ვერ იქნება. თუ მის შემდეგ ვინმეს გაუჩნდება განცდა, რომ აქ ჯერ კიდევ შეიძლება რაღაცის გაკეთება, ჩემთვის ესეც წარმატებაა.
ავტორი: ქეთია ბელქანია











