ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიამ შემოქმედებით ინდუსტრიაში აქტიურად რომ შეაღწია და უკვე ღრმადაც გაიდგა ფესვები, ამას მიმდინარე ტენდენციებიც მოწმობს. ამჯერად სპორტული ტანსაცმლის ბრენდმა Under Armour უახლესი რეკლამის სცენარის დასაწერად ChatGPT გამოიყენა.
როგორც თავად განმარტავენ, გუნდის მთავარი მისია ისეთი კამპანიის შექმნა იყო, რომელიც საფეხბურთო გუნდის ყველა დროის ყველაზე შთამაგონებელ სფიჩს შემოგვთავაზებდა. ზოგადად, ხშირად ამბობენ, რომ ის, რაც მოედანზე ხდება, გასახდელში იბადება — აქ მამოტივირებელი საუბრები შესაბამისად მოქმედებს ფეხბურთელებზე, საჭირო ენერგიას და მუხტს აძლევს. რეკლამის სიუჟეტიც 90-წამიან სიტყვას ეძღვნება, რაზეც მხოლოდ ChatGPT-ის სისტემამ იმუშავა.
Under Armour-მა The ultimate team talk-ის შემუშავების პროცესი რამდენიმე ძირითადი ფაქტორის იდენტიფიცირებით დაიწყო, რომლებიც ხელს უწყობენ სპორტსმენების მოტივაციას, შთაგონებას და ოპტიმალურ შესრულებას. ამისათვის ბრენდმა სპორტული ფსიქოლოგიაც გამოიყენა და ევროპელ ფეხბურთელებთანაც გაიარა ინტერვიუები.
ცვლადების ოპტიმიზაციის შემდეგ, როგორიცაა ბგერა და ხანგრძლივობა, ChatGPT-მ შექმნა სკრიპტი, რომელმაც მრავალსაფეხურიანი შიდა განხილვის პროცესი გაიარა, ვიდრე საბოლოოდ დაამტკიცებდნენ. მიღებული შედეგის ფონზე, ბრენდმა მარკეტინგულ მიზნებში AI-ის შემოქმედებით ძალას გაუსვა ხაზი. „დავასკვენით, რომ AI მოდელების კეთილსინდისიერი გამოყენება, როგორიცაა ChatGPT, კრეატიული კამპანიების შექმნაში დაგვეხმარება“.