17 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, “უნიქარდი” დიდ გათამაშებას გეგმავს. როგორც ცნობილია, “ორმაგად მომგებიან გათამაშებას” 10,000 გამარჯვებული ეყოლება. კომპანიაში აცხადებენ, რომ გათამაშება საინტერესოა როგორც მონაწილეთათვის, ისე ბიზნეს სექტორისთვის, რადგან B2B სტრატეგიის ფარგლებში “უნიქარდი” კომპანიებთან ერთად ერთობლივ აქტივობებს განახორციელებს. დეტალებზე კომპანიის გენერალურ დირექტორს, ნანა ქებურიას ვესაუბრეთ.
M: რას ნიშნავს “ორმაგად მომგებიანი გათამაშება”?
გათამაშების კონცეფცია დაფუძნებულია ორმაგობის პრინციპზე: ყოველ დაგროვებულ 10 ქულაზე, მომხმარებელი იღებს გათამაშების 2 ბილეთს და თითოეულ ბილეთს მოგების 2 შანსი აქვს – მომენტალური პრიზისა და სუპერპრიზის.
M: როგორია გათამაშების ძირითადი პრინციპი?
როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითადი პრინციპი ეფუძნება ორმაგობას- მოგების ორმაგ შანსს. გვაქვს ხუთი სახეობის სუპერპრიზი, რომელთა რაოდენობა გაორმაგებულია, ანუ ჯამში 10 სუპერპრიზს გავათამაშებთ. თითოეული ორმაგად სასარგებლო და მომგებიანია – 2 ბინა ლისზე, ტერასა ჯგუფისგან – სპეციალურად შეირჩა ეკოლოგიურად სუფთა ადგილი სადაც გამარჯვებულს შეუძლია იცხოვროს, ან გააქირავოს და ბინა შემოსავლის წყაროდ აქციოს. გათამაშებაშია, ასევე, 2 ტოიოტა პრიუსი ჰიბრიდი, რომელიც ნაკლებ საწვავს მოიხმარს და ამით ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს. ვათამაშებთ 2 ელექტროსკუტერს, ექსკლუზიურად ი-სპეისიგან. სკუტერი არის ეკოლოგიურად სუფთა, 0% გამონაბოლქვით და ამავე დროს, ეკონომიური. თამაშდება 2 საგზური ამერიკაში, ნასას კოსმოსურ ცენტრში და ვენეციის კარნავალზე. მეხუთე სუპერპრიზია უნიქარდის 2 ხელფასი – 5000 ქულა ყოველთვიურად, 1 წლის განმავლობაში.
M: რით არის განსხვავებული სხვა გათამაშებებისგან?
უნიქარდის გათამაშებას სხვა გათამაშებებისგან განასხვავებს ორმაგობის პრინციპი, ის, რომ დაგროვებულ 10 ქულაზე მომხმარებელი 2 ბილეთს იღებს. სხვა გათამაშებებისგან განსხვავებით, ბილეთს, რომელიც იგებს მომენტალურ პრიზს, აქვს სუპერპრიზების მოგების შანსიც. უნიქარდის გათამაშება გამორჩეულია როგორც მომენტალური პრიზების რაოდენობით – თამაშდება 10 000 მომენტალური პრიზი – ასევე სუპერპრიზების რაოდენობით და ფასეულობით.
რაც ყველაზე მთავარია, ეს გათამაშება არა რომელიმე სეგმენტისთვის და ინდუსტრიისთვისა, არამედ უნივერსალური და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
M: პროექტის ფარგლებში, როგორია B2B სტრატეგია, რას გეგმავთ ამ მიმართულებით?
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნიქარდის ლოილობის კოლექტიურ პროგრამაში მონაწილე პარტნიორების ჩართულობა და ის სარგებელი, რომელსაც იღებენ ისინი ამ ტიპის სტიმულირების მექანიზმების გამოყენებით.
შესაბამისად ჩვენი B2B სტრატეგია ეფუძნება მათი მოთხოვნების და მიზნების მაქსიმალურად გათვალისწინებას.
გათამაშების ფარგლებში ჩვენ გვყავს 4 სტრატეგიული პარტნიორი – WISSOL, ავერსი, ალტაოქეი, SPAR და 7 მონაწილე პარტნიორი – ეკოგაზი, კავეა, ვეჯვუდი, უპერა, ტერასა ჯგუფი, ტოიოტა კავკასია და e-space.
ლატარიის კამპანიის ფარგლებში გამოყენებული მარკეტინგული კომუნიკაციების მრავალფეროვნება უზრუნველყოფს ჩვენი ბიზნეს პარტნიორების მარკეტინგული პარამეტრების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
ასევე, მინდა დავამატო, რომ უნიქარდისთვის სტიმულირების სხვადასხვა მექანიზმების გამოყენება, ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების განხორცილებისათვის, ხდება ერთ-ერთი ძირითადი და ეფექტური მარკეტინგული ინსტრუმენტი.
M: აქტივობების დასრულების შემდეგ, რა იქნება თქვენთვის განმსაზღვრელი ფაქტორი, რომ კამპანიამ წარმატებით ჩაიარა?
კამპანიის წარმატებულობა, პირველ რიგში, იმ ძირითადი მარკეტინგული მაჩვენებლების ზრდას ეხება, როგორიცაა აქტიური ბარათების რაოდენობა, ახალი ბარათები, ტრანზაქციები და საშუალო ჩეკის მოცულობა.
შესაბამისად, კამპანიის დასრულების შემდეგ ამ პარამეტრების დაახლოებით 25%-30% ზრდას ველოდებით. ეს ყველაფერი ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენს პროგრამაში მონაწილე პარტნიორისათვის.
ასევე, შეიძლება ითქვას, რომ კამპანია გარკვეულწილად ხელს შეუწყობს მომხმარებელთა და მერჩანტების მხრიდან უნიქარდის ბრენდის საიმიჯო პარამეტრების გაუმჯობესებას.
[R]