დღეს, 5 ივნისს, რამდენიმე საათის წინ, Unicode 11.0.0 ოფიციალურად გამოქვეყნდა, სადაც არაერთ განახლებასთან ერთად, პირველად! წარმოდგენილია თანამედროვე ქართული დამწერლობის მთავრული ასონიშნები. ახალი სტანდარტის მიხედვით, „უნიკოდს“ 7 ახალი დამწერლობა, 66 ემოჯი და ზედა რეგისტრის ქართული ასოები – ქართული მხედრული ანბანის 46 მთავრული ასონიშანი დაემატა.
რაც ნიშნავს იმას, რომ მალე ქართული მთავრული ასონიშნების გამოყენებას შევძლებთ ნებისმიერ პლატფორმაზე – მთავრული ასოების არა მხოლოდ დოკუმენტში, წიგნში ან პლაკატზე, არამედ ელ-ფოსტაში, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში, სოციალურ ქსელებში და ა.შ.
იმის გათვალისწინებით, რომ ცვლილება სტანდარტში იწვევს ცვლილებას მის იმპლემენტაციაში, შესაბამისად, ოპერაციულმა სისტემებმა, როგორებიცაა: Google, Apple, Microsoft უნდა განაახლონ კლავიატურის დრაივერი, რომ All Caps-ით შეიძლებოდეს მთავრული ასოების წერა.
როდის შევძლებთ მთავრული ასონიშნების გამოყენებას? – თუ დავეყრდნობით იმას, რომ ლარის სიმბოლოს, უნიკოდში დამტკიცების შემდეგ, დაახლოებით, 1 წელი დასჭირდა ოპერაციულ სისტემებში დასანერგად, მოლოდინი გვაქვს, რომ მთავრული ასოების დანერგვასაც, დაახლოებით, ეს დრო დასჭირდება. თუმცა, მანამდე არსებობს anbani.ge, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მთავრულში დავაკონვერტიროთ ტექსტი.
მთავრული ასოების უნიკოდის სტანდარტში დამატებასთან დაკავშირებით, დიდი ხნის მანძილზე მიდიოდა მუშაობა, რაშიც არაერთი ორგანიზაცია იყო ჩართული, საქართველოს მხრიდან. ისტორიული და თანამედროვე რეალობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრული ასოები გამოიყენებოდა და დღესაც აქტიურად გამოიყენება (დღევანდელ რეალობაში ALL CAPS ფუნქციით), უნიკოდის კომიტეტთან, სამკაციანმა ჯგუფმა – აკაკი რაზმაძის, მაიკლ ევერსონისა და ნიკა გუჯეჯიანის შემადგენლობით, ასევე, ბესარიონ გუგუშვილის კონსულტაციით – გამართა მოლაპარაკებები უნიკოდის სტანდარტში 46 მთავრული ასონიშნის ინტეგრაციის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ „უნიკოდის“ ტექნიკურმა კომიტეტმა გასული წლის 10 მაისს დაამტკიცა ქართული მხარიდან შეთავაზებული წინადადება „უნიკოდში“ ქართული მხედრული 46 მთავრული ასონიშნის ინტეგრაციის შესახებ.
ქართული ანბანი ერთ რეგისტრიან (უნიკამერულ) ანბანთა ჯგუფს მიეკუთვნება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენთვის არ არსებობს დიდი და პატარა ასო. მიუხედავად ამისა, ქართული ანბანის განვითარების სხვადასხვა სტადიაზე არსებობდა ანბანში მაღალი ასოების შემოღების ტენდენცია. გასულ წლამდე, უნიკოდის კონსორციუმის მიერ, ქართული დამწერლობებიდან აღიარებული იყო: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ეს უკანასკნელი, წინა ორისგან განხვავებით, მიჩნეული იყო რეგისტრგარეშე, ანუ უნიკამერულ დამწერლობად, რომ მას დიდი ასოები არ გააჩნდა.
Unicode სტანდარტია, რომელიც ყველა სიმბოლოს, სხვადასხვა დამწერლობის უნიკალურ რიცხვით კოდებს ადგენს. ამ სტანდარტმა მთელი ტექნიკური სამყარო მოიცვა და დღეს, ყველა იყენებს მას, ვისაც ტექსტის დამუშავება თუ გამოსახვა სჭირდება: ოპერაციული სისტემები, პლატფორმები, ბრაუზერები და ა.შ.













